წინათქმა ამერიკელი მწერალი და მეზღვაური, რომან "მობი დიკის", სხვა პროზაული ნაწარმოებების, ლექსებისა და პოემების ავტორი ჰერმან მელვილი 1819 წელს დაიბადა და 1891 წელს გარდაიცვალა. 12 წლისამ დაკარგა მამა და მისი დანატოვარი ვალების გამო – საუნივერსიტეტო განათლების მიღების შანსიც. მისი ცხოვრება ადრეული ხანიდანვე მრავალფეროვანი მოგზაურობით და ხიფათიანი თავგადასავლებით გამოირჩევა: ხან ბანკის მოსამსახურე იყო, ხან ფერმის, ხან კი ბეწვეულის ფაბრიკის თანამშრომელი; სკოლის მასწავლებლადაც მუშაობდა და ვეშაპმჭერი თუ სამხედრო გემებითაც დაცურავდა; კაციჭამიებად ცნობილ ტაიპის ტომთანაც მოხვედრილა ტყვედ და – ციხეშიც.
სამშობლოში პირველი მოგზაურობიდან კი მხოლოდ 1844 წელს დაბრუნდა და ლიტერატურულ ნაწარმოებებში სამხრეთის ზღვებში ნანახისა და განცდილის თავმოყრას შეუდგა. 1846 წელს ლონდონსა და ნიუ-იორკში გამოვიდა მისი პირველი წიგნი – "ტაიპი", სადაც ტაიპის ველურ ტომთან ტყვეობის ამბებია მოთხრობილი. ნაწარმოებს დიდი წარმატება უპირველესად ინგლისში მოჰყვა და გამოსვლისთანავე ბესტსელერადაც იქცა. "ტაიპის" შემდგომ დაიწერა და გამოიცა "ომუ", რომელმაც ასევე მიიპყრო მკითხველთა ყურადღება, თუმცა ნაწარმოებში მისიონერთა საქმიანობის უსიამოვნოდ მოხსენიებისთვის ავტორი გაიკიცხა კიდეც.
მალევე მელვილი მასაჩუსეტსის შტატის მთავარი მოსამართლის ქალიშვილზე – ელიზაბეთ შოუზე დაქორწინდა. არცთუ დიდი ხნის შემდეგ მწერალი სამხედრო გემზე გატარებული ცხოვრების ამსახველი ახალი ნაწარმოების – "თეთრი ქურთუკის" გამოსაცემად ინგლისში გაემგზავრა და განტვირთვის მიზნით, ევროპაში ხანმოკლე მოგზაურობაც მოიწყო. შინ დაბრუნებული ოჯახთან – მას ელიზაბეთთან ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა – ერთად პიტსფილდის მახლობლად, ფერმაში დასახლდა. სწორედ აქ გაიცნო მეზობლად მცხოვრები ამერიკელი მწერალი ნათანიელ ჰოტორნი, რომელთან ურთიერთობით შთაგონებულმა დაწერა თავისი შემოქმედების შედევრი, საყოველთაოდ ცნობილი რომანი "მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი". მასში მელვილი აღიარებს ირაციონალურის უპირატესობას და ასაბუთებს კიდეც სოციალური ურთიერთობების ირაციონალიზმს; ხატავს ფანტასტიკურად მოსაწყენ, უღიმღამო რეალობას, სადაც იდუმალი თეთრი ვეშაპი, სახელად მობი დიკი გამეფებულა – მართალია, ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, არავის უნახავს, მაგრამ თავის კვალს ყველგან ტოვებს... ამ რომანმა წინამორბედი წიგნების წარმატება ვერ გაიმეორა. "მობი დიკი" მელვილის თანამედროვეებმა ვერ დააფასეს...
მწერალმა კიდევ რამდენიმე პროზაული ნაწარმოები და ლექსებისა და პოემების კრებული გამოსცა, მისი უკანასკნელი რომანი კი ხელნაწერის სახით შემოინახა და მხოლოდ წლების შემდეგ გამოიცა. მას კრიტიკოსები "მობი დიკის" შემდეგ საუკეთესოდ მიიჩნევენ. მოგვიანებით ამ რომანის მოტივებზე კომპოზიტორმა ბენჯამინ ბრიტენმა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ოპერა "ბილი ბადი" დაწერა.
დაუღალავმა მოგზაურმა მელვილმა კვლავ მოიარა ევროპა და წმინდა მიწაც მოინახულა, რის შემდეგაც, გზადაგზა გაკეთებულ ჩანაწერებზე დაყრდნობით, სამი წლის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა მოგზაურობისა და სამხრეთის ზღვების შესახებ.
1860-იანი წლების დასაწყისიდან ჰერმან მელვილი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. 1866 წლიდან, 19 წლის განმავლობაში, საბაჟოს ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც ჰქონდა, თუმცა ამან მისი სამწერლო კარიერა იმსხვერპლა. მალევე ერთი ვაჟი დაეღუპა, რამაც დეპრესიაში ჩააგდო, თუმცა მეუღლის ძალისხმევით, მდგომარეობიდან გამოვიდა. წლების შემდეგ მეორე ვაჟის დაღუპვამ კვლავ დაუმძიმა მდგომარეობა, და პენსიაზეც გავიდა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მელვილმა კვლავ ლიტერატურულ ცხოვრებას, წერასა და წიგნების გამოცემას მიუძღვნა... და მაინც, ყველასგან მივიწყებული, 1891 წელს ნიუ-იორკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ერთადერთი, მისი გარდაცვალების მაუწყებელ ანონიმურ ნეკროლოგში დაწერეს, რომ უძლიერესი პოეტური წარმოსახვის მქონე, გამორჩეულად ნიჭიერი ავტორი იყო.
სხვათა შორის, იცოდით, რომ პოპულარული ამერიკელი მომღერალი, მუსიკოსი, დიჯეი და ფოტოგრაფი რიჩარდ მელვილ ჰოლი, იგივე მობი, მწერლის შვილთაშვილის შვილთაშვილი იყო და თავის
წინათქმა ფსევდონიმს – "მობის" სწორედ სახელოვანი წინაპრის რომანს – "მობი დიკს" დაესესხა?
ან, თუ იცოდით, რომ ფრანგმა კინორეჟისორმა და სცენარისტმა ჟან-პიერ გრუმბახმა ფსევდონიმი "მელვილი" თავისი უსაყვარლესი მწერლის, ჰერმან მელვილის პატივსაცემად დაირქვა?
ან: ისევ და ისევ, მელვილის პატივსაცემად, "მელვილი" უწოდეს ერთ-ერთ კრატერს პლანეტა მერკურიზე? და კიდევ: Led Zeppelin-ის მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ ჯგუფის რეპერტუარიდან ჯონ ბონემის მიერ შექმნილი სიმღერა "მობი დიკი", რომელიც ასევე, მელვილის ამავე სახელწოდების კლასიკური რომანიდანაა აღებული...
ჰერმან მელვილის შემოქმედება სათანადოდ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, 1920-იან წლებში დააფასეს და მწერალი მსოფლიოს ლიტერატურის კლასიკოსადაც აღიარეს!
ჩვენი სერიით წარმოგიდგენთ დიდი ჰერმან მელვილის პატარა ფილოსოფიურ შედევრს, მოთხრობას – "ბარტლბი, გადამწერი". მისი მთავარი გმირი ნიუ-იორკის კერძო იურიდიული ბიუროს რიგითი კლერკი, სასამართლო დოკუმენტების გადამწერი ბარტლბი გახლავთ. გაურკვეველ მიზეზთა გამო, ეს უჟმური, უსახლკარო ახალგაზრდა კაცი თითქოს ბოიკოტს უცხადებს საზოგადოებას, რომლის წევრი თავადაც არის. უარს ამბობს მუშაობაზე, მაგრამ არც ბიუროს ტერიტორიის დატოვებას აპირებს; მიუხედავად სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისა, უარს ამბობს სამსახურიდან გათავისუფლებაზეც და არც თავისი