1 -
დარიჩინი კურთხეულია ყველაფერი, რაც ციდან მოდის, მათ შორის - წვიმაც.
ღვთის საგმობი სიტყვა ერთხელაც არ უნდა დასცდეს შენს ბაგეებს და სულერთია, რისთვის იხსნება ზეცა - იმისთვის, რომ თავსხმა წვიმა წამოვიდეს თუ იმისთვის, ცივზე ცივი თოვლჭყაპი მოგვევლინოს. ეს იცის ყველამ, მათ შორის - ზელიჰამაც.
ივლისის პირველ პარასკევს მოძრაობა მეტისმეტად გადატვირთული იყო. ზელიჰა ტროტუარს ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა და მეწაღესავით ილანძღებოდა - შეხვედრაზე იგვიანებდა. სისინით უკურთხებდა ქვაფენილის ამოტეხილ ქვებს, თავისი ფეხსაცმლის მაღალ ქუსლებს, ადევნებულ მამაკაცებსა და უკლებლივ ყველა მძღოლს, რომლებიც გაშმაგებით აკივლებდნენ მანქანის საყვირს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში წარმოქმნილ საცობს ასეთი ხმაურით ვერაფერს დააკლებ. კონსტანტინოპოლის დაპყრობისათვის ზელიჰა აუგად მოიხსენიებდა ოტომანთა მთელ დინასტიასაც, რომელმაც ოდესღაც დაიპყრო ეს ქალაქი, მერე კი ვერა და ვერ შეელია საკუთარ შეცდომას. აგინებდა წვიმასაც... დაწყევლილ ზაფხულის წვიმას.
წვიმის მოსვლა სტამბოლში ნამდვილი წამებაა. სხვაგან ციდან წამოსული თქეში საჩუქარია, ღვთის წყალობა, რომელსაც ყველა და ყველაფერი ელოდება. კარგია წვიმა მოსავლისთვის, ცხოველებისთვის, მცენარეებისთვის და თუ საკითხს რომანტიკულად მივუდგებით, შეყვარებულებისთვისაც.
სტამბოლში საქმე სულ სხვაგვარადაა. იმიტომ კი არა, რომ დავსველდებით ან დავისვრებით, არამედ იმიტომ, რომ წვიმის მოსვლასთან ერთად ბრაზი გვერევა. ისე გვაშფოთებს ჭენჭყო და აურზაური, თითქოს გაწვიმებამდე არც ერთი გვენახოს, არც მეორე. ძიძგილაობაც ხომ უნდა ვახსენოთ? მოვა თუ არა წვიმა, ათი მილიონი სტამბოლელი წყლით სავსე სათლში ჩაყრილი კნუტებივით ამაოდ ეძიძგილავება ციდან ჩამოვარდნილ წვეთებს.
ადამიანებს კი არა, ქუჩებსაც რაღაც ემართება. აქაური ქუჩების წარღვნამდელ სახელწოდებებს თუნუქის ტრაფარეტები გვამცნობს. თითქმის ყველა კუთხეში წააწყდებით ნაგვის გროვას. აქვეა ვეებერთელა ორმოებიც, რომლებიც სულ მალე ლაპლაპა თანამედროვე შენობებით ამოივსება, და თოლიები...
სტამბოლში ყველა ვბრაზობთ, როდესაც ცა იხსნება და პირდაპირ თავზე გვაჟინჟღლავს.
დედამიწას წვიმის უკანასკნელი წვეთებიც აღწევს, წყლის უთვალავი წვეთი თავს ძლივს იმაგრებს ჩამორეცხილ ფოთლებზე და დგება მომენტი, როდესაც არც ადამიანმა, არც თავად წვიმამ დანამდვილებით არ იციან, ბოლოს და ბოლოს, გადაიღო თუ არა.
მერე ყველაფერი ნათდება. უსასრულოდ გრძელდება წუთი, როდესაც ცა თითქოს ბოდიშს იხდის ლაფისთვის, შიგ რომ ჩაგვტოვა. ადამიანები, რომლებსაც ჯერაც არ შეგვშრობია თმაში ჩაცვენილი წვიმის წვეთები და ტანსაცმლის ნაკეცებში მოხვედრილი ტალახი, მოღუშული შევცქერით ლაჟვარდისფრად მოწმენდილ ზეცას, ზემოთ ვიხედებით და ღიმილს ვერ ვიკავებთ. ყოველ ჯერზე ვპატიობთ ცას მასზე გაბრაზებული.
ისევ თავსხმა იყო და ჯერჯერობით ზელიჰას გულშიც მიტევების მხოლოდ მცირე ნატამალი თუ მოიძებნებოდა.
ქოლგა არ ჰქონდა. თვლიდა, თუ გაბრიყვდებოდა და კიდევ ერთხელ გადაყრიდა ფულს ქუჩის კიდევ ერთი მოვაჭრისაგან კიდევ ერთი ქოლგის საყიდლად, რომელიც გამოდარებისთანავე უმალ სადღაც დარჩებოდა, თავით ფეხებამდე დასველება მასზე ახი იქნებოდა. თანაც, რაღა დროსი იყო - უკვე ერთთავად გაეწუწა წვიმას. სწორედ ამით ჰგავს ერთმანეთს წვიმა და სევდა: ცდილობ, არ დასველდე, არაფერი შეგეხოს, დაცული იყო, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ამაოდ ირჯები, ერთი ბეწო პრობლემა უსასრულო ნიაღვრად გეჩვენება და ფიქრობ, დიდი ამბავი, შენც თუ დასველდებოდი.
მუქი კულულებიდან ჩამოსული წვიმის წყალი ზელიჰას ფართო მხრებზე იშლებოდა. კაზანჯის გვარის სხვა ქალების მსგავსად, ზელიჰასაც ბუნებრივად შავი, ხვეული თმა ჰქონდა, მაგრამ სხვებისაგან განსხვავებით, საკუთარი ვარცხნილობა მოსწონდა. მომწვანო-მოლურჯო, დიდრონ, ძალიან ჭკვიან თვალებს მოწკურავდა ხოლმე და აშკარად ინდიფერენტულ გამომეტყველებას იღებდა. ზელიჰა ასე მხოლოდ სამი ტიპის ადამიანებს უყურებდა: უიმედოდ გულუბრყვილოებს, უიმედოდ გულჩათხრობილებსა და უიმედოდ იმედიანებს. თავად ამ სამისგან არც ერთ ტიპს არ მიეკუთვნებოდა და ამდენად, ძნელი მისახვედრი იყო, რა გახლდათ მათდამი მისი მსუბუქი გულგრილობის მიზეზი.
გულგრილობა ერთ წუთს აქ იყო, უგრძნობლობამდე გააბრუებდა მის სულს, მეორე წუთს კი მყისიერად გადაივლიდა ხოლმე და ზელიჰაც მარტოდმარტო რჩებოდა საკუთარ თავთან.
უგრძნობი და გაშეშებული იყო ზელიჰა ივლისის იმ პირველ პარასკევსაც. მასავით ენერგიული ადამიანისათვის ეს მეტისმეტად მძიმე გახლდათ. შეიძლება ამიტომაც არ გასჩენია ზელიჰას იმ დღეს არც ქალაქთან და არც წვიმასთან შერკინების სურვილი. ხან ჩვეულებრივზე მეტად გულგრილი იყო, ხან ნაკლებად. ზელიჰას განწყობა ორ უკიდურესობას შორის მერყეობდა: ხან უხალისო და თავშეკავებული გახლდათ, ხან კი მრისხანება ერეოდა.
მიქროდა ზელიჰა, მყვირალა ფერის ქოლგებით, საწვიმრებითა და პოლიეთილენის მოსასხამებით მოვაჭრე ქუჩის გამყიდველები კი გაოგნებული აყოლებდნენ თვალს. ზელიჰა მათ მზერას ისევე არ იმჩნევდა, როგორც მის სხეულზე დამშეული თვალებით მიშტერებული მამაკაცების გამოხედვას. გამყიდველები გამკიცხავად შესცქეროდნენ ზელიჰას ცხვირში გაყრილ ბრჭყვიალა რკალს. მათთვის ის გზიდან აცდენისა და ავხორცობის მტკიცებულება იყო.
ზელიჰა ამ პირსინგით განსაკუთრებულად იმიტომ ამაყობდა, რომ საკუთარი