რწყილების სასახლე „წარმოსახვის უნარი, იცოცხლე, გაქვს!“ – მეუბნება ხოლმე ხალხი, რაც, ალბათ, ყველაზე ტაქტიანად გამოხატავს მათ ნამდვილ სათქმელს: „რა უაზრობას ჩმახავ!“
იქნებ მართლებიც არიან... როცა საუბრის დროს ვშფოთავ და სათქმელს ერთმანეთში ვურევ; როცა ადამიანების მზერას ვუფრთხი და ვცდილობ, ეს არ შევიმჩნიო; როცა უცხოებს ვეცნობი და თავს ვიკატუნებ – ვითომ ვერ ვხვდები, რამდენად გაუცხოებული ვარ საკუთარ თავთან; როცა წარსული გულს მისერავს და მიჭირს იმის აღიარება, რომ წარსულზე უკეთესად არც მომავალი მესახება, ან სულაც იმაში ვერ გავრკვეულვარ, თუ სად ვარ, ან ვინ ვარ... კარგად ვიცი, რომ ასეთ წუთებში (რომლებსაც ცხოვრებაში არცთუ ისე იშვიათად განვიცდი) ჩემი საქციელი აზრს ნამდვილად მოკლებულია, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ უაზრობა ისევე შორსაა სიცრუისაგან, როგორც სიმართლე.
სიცრუე უკუღმა ამობრუნებული სიმართლეა, ხოლო რაც შეეხება უაზრობას, იგი ისე შეადნობს ხოლმე სიცრუესა და სიმართლეს, რომ ერთმანეთისაგან მათი გარჩევა შეუძლებელი ხდება. თითქოს რთულად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში სრულიად მარტივი რამ გახლავთ. იმდენად მარტივი, რომ უბრალო ხაზებითაც კი შეიძლება გამოისახოს.
დავუშვათ, რომ სიმართლე ჰორიზონტალური ხაზია:
თუ ასეა, მაშინ ის, რასაც სიცრუეს ვუწოდებთ, ვერტიკალური ხაზი ხდება:
რაც შეეხება უაზრობას, აი, როგორ გამოიყურება იგი:
იმდენად, რამდენადაც წრეს თავის ტრაექტორიაში არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, ის არც ჰორიზონტალურ ღერძს ცნობს და არც ვერტიკალურს. წრეში შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან შეაბიჯოთ და ეს ადგილი საწყის წერტილად სულაც არ მიიჩნიოთ. დდიახ, არავითარი საწყისი წერტილი, არავითარი ზღუდე, არავითარი დასასრული. არა აქვს მნიშვნელობა, რა მომენტში ან რა კონკრეტული ეპიზოდით გაკეთდება პირველი სვლა, ამ სტარტს ყოველთვის წინ უსწრებს სხვა დრო. ნებისმიერ წარსულს თავისი წინამორბედი წარსული გამოუჩნდება ხოლმე, ათვლის წერტილი კი არსად ჩანს...
რასაც ახლა გიამბობთ, საკუთარი თვალით არ მინახავს, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი ხალხისაგან გამიგონია. თურმე ძველად, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სტამბოლის ქუჩებში სანაგვე ყუთებს მონაცრისფრო ალუმინის მრგვალი ხუფები ეხურა, ადგილობრივი გოგო-ბიჭები მათ ერთგვარი თამაშისთვის იყენებდნენ. მოთამაშეთა რიცხვი ყოველთვის განსაზღვრული იყო. არც იმდენად დიდი გახლდათ, რომ მონაწილეებს ერთმანეთი შეევიწროებინათ, მაგრამ ამ გასართობისთვის ნამდვილად კმაროდა. ერთი სიტყვით, საუბარია ზუსტად საჭირო რაოდენობაზე. ოღონდ არსებობდა ერთი პირობა: ეს რიცხვი ყოველთვის ლუწი უნდა ყოფილიყო.
„ნაგვობანა“ ასე იწყებოდა: რომელიმე მოთამაშე სვამდა პირველ კითხვას: როდის?
შემდეგ სანაგვის მრგვალ ხუფზე ცარცით ოთხი უჯრა იხაზებოდა და თითოეულ მათგანში იწერებოდა სავარაუდო პასუხები: ახლავე-ხვალ-მალე-არასოდეს.
ხუფს შუაში სახელური ჰქონდა; დაავლებდა რომელიმე მოთამაშე ხელს ამ სახელურს, რაც შეიძლება სწრაფად დააბზრიალებდა და სანამ ხუფი გაჩერდებოდა, რიგში მდგომი რომელიმე სხვა გოგო ან ბიჭი მას თითით აჩერებდა. ასე იქცეოდა „ნაგვობანას“ ყველა მონაწილე. სწორედ ამ გზით ირკვეოდა, დროის რომელი მონაკვეთი ერგებოდა თითოეულ მათგანს.
თამაშის მეორე რაუნდის დროს უჯრებში იწერებოდა მორიგი ოთხი სიტყვა, რომელსაც უნდა ეპასუხა კითხვაზე: ვის?
მე-ჩემს შეყვარებულს-ჩემს მეგობარს-ყველა ჩვენგანს.
კვლავ დააბზრიალებდნენ ხუფს გოგო-ბიჭები და კვლავ გაიშვერდა რომელიმე მათგანი ხელს ამ გამალებული ბრუნვის შესაჩერებლად.
მესამე რაუნდის დროს მოთამაშეებს უნდა მიეღოთ პასუხი კითხვაზე: რა?
ამ მიზნით რვა უჯრაში იწერებოდა ოთხი სასიკეთო და ოთხი ავბედითი სიტყვა; მათი რაოდენობა თანაბარი უნდა ყოფილიყო, რათა უკუღმართობებითა და ახირებებით განთქმულ ბედს ცოტაოდენი სამართლიანობის ელფერი შემატებოდა:
ავადმყოფობა-განშორება-უბედური შემთხვევა-სიკვდილი.
სიყვარული-ქორწინება-ბედნიერება-სიმდიდრე.
კვლავ დაბზრიალდებოდა ხუფი და ამჯერად სიტყვები ისე აეწყობოდა ხოლმე, რომ მოთამაშეები ბოლოს და ბოლოს, იღებდნენ ნანატრ პასუხს კითხვაზე: ვის რა ელის და როდის?
მე – სიმდიდრე – მალე; ჩემს შეყვარებულს – ბედნიერება – ხვალ; ჩემს მეგობარს – ქორწინება – ახლავე; ყველა ჩვენგანს – განშორება – არასოდეს.
თხრობის აგორება ძნელი არ არის. თავისუფლად შემიძლია „ნაგვობანას“ ლოგიკას მეც მივყვე (აქა-იქ უმნიშვნელო შესწორებებით). ჯერ თხრობის დრო უნდა გაირკვეს: გუშინ – დღეს – ხვალ – ოდესმე. აამას უნდა მოჰყვეს ადგილის დადგენა. საიდან მოვედი – სად ვარ ამჟამად – საით გამიწევია – არსაით. შემდეგ კი გამოიყოს სუბიექტი: მე – ერთი ჩვენგანი – ყველა ჩვენგანი – არც ერთი ჩვენგანი; დაბოლოს (რათა არ დაირღვეს ბალანსი ოთხი-ოთხზე), უნდა ჩამოყალიბდეს შესაძლო შედეგებიც.
ამრიგად, თუ წარმოსახვით სანაგვის ხუფს დავაბზრიალებ, ალბათ, მეც შევძლებ წესიერი წინადადების აგებას. წინადადებაზე უკეთესს რას გამოიყენებს კაცი, ამბის თხრობა რომ დაიწყოს, როცა ამბავს, როგორც ასეთს, დასაბამი არა აქვს?
2002 წლის გაზახულზე, ქალაქ სტამბოლში, ერთ-ერთი ჩვენგანი დროზე ადრე გარდაიცვალა და წრფე