მკვლელობა
სურათები საოჯახო ალბომიდან
მოქმედი პირნი:
გიორგი სიხარულიძე.
ნესტანი - გიორგის ცოლი.
სალომე
მარიკა შვილები
გურამი
დარო - შინამოსამსახურე.
აბესალომი - ნესტანის შორეული ნათესავი.
ბადრი - მარიკას ქმარი.
გაიოზი - სალომეს საქმრო.
ელისაბედი - სიხარულიძეების მეზობელი.
პოლიკო - მსახიობი.
ნუციკო - ბადრის მოწაფე.
პროფესორ გიორგი სიხარულიძის ბინა. სასადილო ოთახში ნესტანს უზარმაზარი თაიგული უჭირავს ხელში. სამზარეულოში გიორგი საუზმეს ამთავრებს. სასადილო ოთახში შემოდის სალომე.
სალომე. გაიოზს არ დაურეკავს?
ნესტანი არ პასუხობს.
- კიდევ გამოგზავნა?
ნესტანი. ჰო, კიდევ გამოგზავნა...
სალომე. რა კარგი მიხაკებია!
ნესტანი. ხომ იცი...
სალომე. როგორ არა, მამაჩემს არ მოსწონს...
ნესტანი. ძალიან ბევრ ყვავილს კი გზავნის.
სალომე. რა მოხდა? ყვავილებს გზავნის... მამაჩემს ამ ქვეყნაზე არავინ მოსწონს...
ნესტანი. როგორ არ მოსწონს...
სალომე. ჩემი შესაფერი არავინ ჰგონია, ოცდაშვიდი წლისა ვხდები, დავბერდი... ყველას იწუნებს...
ნესტანი. არ ემეტები.
სალომე. აბა, ასე ხომ არ დავრჩები? მაინც როდემდე უნდა ვიყო ასე, როგორ გგონია?
ნესტანი. არა, გაიოზი, მგონი, კარგი უნდა იყოს.
სალომე. რატომ უნდა იყოს ცუდი? აუცილებელია?
ნესტანი. ტელეფონით რომ მელაპარაკება, ისეთი სიმპათიური ხმა აქვს, ისეთი ზრდილობიანია... მოიყვანე ერთი ჩვენთან, ვნახოთ.
სალომე. არ მოდის.
ნესტანი. რატომ არ მოდის, რისი ერიდება?
სალომე. არ ვიცი, არ მოდის.
ნესტანი. ხომ მაინც უნდა მოვიდეს?
სალომე. ალბათ.
ნესტანი. ალბათ?
სალომე. მოვა, მოვა.
ნესტანი. გავიცნოთ, დაველაპარაკოთ... ის ქალი სულ მთლად უბრალო ყოფილა, საშუალოც არ ჰქონია დამთავრებული...
სალომე. ვინ?
ნესტანი. გაიოზის ნაცოლარი.
სალომე. არ ვიცი, არ ვიცნობ. ამ ყვავილებს რა ვუყო? ადგილი აღარ არის.
ნესტანი. აქ მომეცი. შენ საიდან უნდა იცნობდე, მითხრეს.
სალომე. ცნობებს აგროვებთ, არა?
ნესტანი. აბა, ისე გადაგაგდოთ?
სალომე. ისევ თავიდან დაიწყე.
შემოდის გიორგი.
ნესტანი. გიორგი, შეიძლება ეს ყვავილები შენს ოთახში შევიტანო?
გიორგი. აქ აღარა გაქვს ადგილი?
ნესტანი. ყვავილებით გაივსო სახლი.
გიორგი. შენ იცოდი, იმას ცოლი რომ ჰყავდა?
სალომე. ვიცოდი.
გიორგი. შვილები?
სალომე. ეგეც ვიცოდი.
გიორგი. მერე?
სალომე. მერე რა?
გიორგი. არაფერი?
სალომე. დამანებეთ თავი, დამანებეთ! (ოთახიდან გარბის).
ნესტანი. დარო!
გიორგი. კარგი... ეს ყვავილები კარგია, მაგრამ არ უნდა ვიცოდეთ, ვის ვატანთ შვილს? არ უნდა გავიგოთ, რა კაცია? მე რაღაცა მითხრეს, რა თქმა უნდა, არ დავუჯერე, მაგრამ...
ნესტანი. ხომ იცი შურიანი ხალხის ამბავი. დარო! დარო!
შემოდის დარო.
დარო. აქა ვარ, ქალო, რა გაყვირებს?
ნესტანი. ყვავილები გაიტანე და გიორგის ოთახში ქოთანში ჩადგი.
დარო. გაიოზმა გამოგზავნა?
ნესტანი. გაიტანე-მეთქი.
გიორგი. დარო, შენ იცნობ გაიოზს?
დარო. ისეთი კარგი კაცია...
გიორგი. რა იცი, გინახავს?
დარო. არა.
ნესტანი. გაიტანე ყვავილები, შენ გეუბნები!
დარო. დამაცადე, კაცს ველაპარაკები. ისეთი ლამაზი თავსაფარი გამომიგზავნა, წამალიც მიშოვა...
გიორგი. რატომ?
დარო. როგორ თუ რატომ? რა ვიცი, რატომ... დარომ ხომ არაფერი იცის. მარტო სარეცხი, დარო! სადილი, დარო! გაიოზმა კი თავსაფარი გამომიგზავნა. (გადის).
ნესტანი. გაიოზს სალომე ისე უყვარს...
გიორგი. რა იცი?
ნესტანი. ალბათ, ვიცი, რომ ვლაპარაკობ. ისეთი ყურადღებიანია, ყოველდღე რომ არ დარეკოს, არ შეიძლება, რამე ხომ არ გჭირდებათო.
გიორგი. რა უნდა გვჭირდებოდეს?
ნესტანი. არაფერი, მაგრამ ხომ იცი, ყურადღება..
გიორგი. დარეკვა კარგია, აი, ყურადღებიანიც ყოფილა, ყველაფერი კარგია, მაგრამ ოჯახი რომ მიატოვა, ეს არაფერია?
ნესტანი. როგორ ძლებდა იმ ქალთან, ერთი უბრალო, გაუნათლებელი ქალი ყოფილა.
გიორგი. ყველა განათლებული ხომ არ იქნება? დედა იყო, ოჯახი ჰქონდა, აბა, როგორ ცხოვრობს ხალხი...
ნესტანი. გაიოზი მაინც სულ სხვაა!
გიორგი. ნესტან!
ნესტანი. ბატონო!
გიორგი. ერთხელ უკვე აგიკრძალე ასე ჰაერზე ლაპარაკი.
ნესტანი. ხო... მაგრამ...
გიორგი. მოვიდეს, გაგვეცნოს, ვნახოთ...
ნესტანი. ვერ მოდის, არ სცალია.
გიორგი. საცოლესთან მოსასვლელად არ სცალია?
ნესტანი. ძალიან დაკავებულია, იმდენი საქმე აქვს..
გიორგი. (მკაცრად). რა იცი-მეთქი?
ნესტანი. არა, მე არ ვიცი, მაგრამ ასე ამბობენ, ხო, ყველა ასე ამბობს.
გიორგი. მაინც ვინ?
ნესტანი. აი, სალომე ამბობს ასე.
გიორგი. სალომე ბავშვია.
ნესტანი. შენთვის სულ ბავშვი იქნება.
გიორგი. სად მუშაობს ის კაცი?
ნესტანი. სად მუშაობს არ ვიცი, მაგრამ...
გიორგი. ესეც არ იცი, მაინც რა კაცია, ვინ არის? ხომ ხედავ, არაფერი იცი.
ნესტანი. ერთი პატიოსანი, წესიერი კაცია, უკვე დადინჯებული, გზაზე დამდგარი, ქვეყანა იცნობს, იმაზე კარგის მეტი არაფერი გამიგია. შენი ჭირიმე, გიორგი, ხომ უნდა გათხოვდეს ის გოგო ბოლოს და ბოლოს? უნდა შეველიოთ. შენ გგონია, ჩემთვის ადვილია? რა ვქნა...
გიორგი. რა