ელისაბედ, ელისაბედ
სამ მოქმედებიანი დრამა
მოქმედი პირნი
1. ბაო
2. ელისაბედი
3. მათიკო
4. ნორა
5. ვენერა
6. ლევანი
7. არჩილი
8. ბიჭიკო
9. გურამი
10. შოთიკო
პირველი მოქმედება
ელისაბედი და არჩილი
ელისაბედი. მოწიეთ, მოწიეთ, ნუ გერიდებათ, აი, ასანთი!
არჩილი. გმადლობ.
ელისაბედი. რას ვამბობდი? ჰო! არ მიყვარს, როცა ოჯახში კაცი უფროსობს-მეთქი. ამასთანავე, ქალთა ემანსიპაციის მომხრე, მაინცდამაინც, არა ვარ. ამ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც უსათუოდ დასაზუსტებელია. მომეცით, მე აგინთებთ, მაგის ხერხი მე ვიცი, ასე ადვილად არ აინთება.
ანთებს ასანთს, არჩილი სიგარეტს უკიდებს.
ელისაბედი. აი, ასე!
არჩილი. გმადლობ.
ელისაბედი. არაფრის. ქალისთვის სრული თავისუფლება ხელსაყრელი არ უნდა იყოს, დაფიქრებაა საჭირო. ყველაფერი, ყველაფერი და ქალს გულუბრყვილობა კი ნამდვილად არ შეჰფერის. ეს უკვე ზედმეტი ფუფუნებაა, გულუბრყვილობა კაცის საქმეა. არ გეწყინოთ.
არჩილი. რას ბრძანებთ!
ელისაბედი. რა თქმა უნდა, კონკრეტულ პიროვნებებს არ ვგულისხმობ, საერთოდ მოგახსენებთ, ზოგადად. სიგარეტისთვის თავის დანებება არ გიცდიათ? მე, რასაკვირველია, მიყვარს თავისუფლება, მაგრამ თავისუფლებაც არის და თავისუფლებაც. ზოგიერთ ქალს თავისუფლება უსაქმურობა ჰგონია. საერთოდ კი, მე თუ მკითხავთ, როცა ცოლ-ქმარს ერთმანეთი აღარ უყვარს, აი, მაშინ ახსენდებათ ხოლმე თავისუფლება. ყველაზე დიდი თავისუფლება, ჩემი აზრით, სიყვარულია. ყოველ შემთხვევაში, როცა, თუნდაც, ერთმანეთის ხათრი გაქვთ, როცა ერთმანეთს პატივს სცემთ - მაშინ ხართ თავისუფლები, ალბათ...
არჩილი. ჩვენ გვექნება ერთმანეთის ხათრი... პატივისცემაც, რასაკვირველია...
ელისაბედი. სასიამოვნოა... თუმცა, წინასწარ თქმა ძნელია. რა უცნაურია, აბა, დაუკვირდით, წინასწარ ვერ იტყვი, მაგრამ, როცა იტყვი, უკვე საბედისწეროდ დაგვიანებულია. მე თვითონ არ ვეწევი, რამდენჯერმე კი ვცადე მომეწია, მაგრამ ამაოდ. ჩემგან მწეველი არ გამოვიდა. ისე, კარგი თამბაქოს სუნი კი მიყვარს.
არჩილი. ახლავე ჩავაქრობ.
ელისაბედი. არა, მაგიტომ არ მითქვამს. როგორ გეკადრებათ, მე როგორ აგიკრძალავთ მოწევას, თქვვენ კი არა, ჩემსას ვერ გავაგდებინე ხელიდან სიგარეტი, ვეჩხუბები, ვუშლი, ვეჩიჩინები - არ ესმის. გაზეთს ხომ მაინც კითხულობ, ნახე, რას წერენ-მეთქი, ყველა უბედურებას მაგას აბრალებენ-მეთქი. ყელის კიბო, ფილტვების კიბო, კუჭის კიბო, რა ვიცი, რაღა დარჩა... მაინც ეწევა!
არჩილი. კი, ბევრს ეწევა.
ელისაბედი. აღარ ვიცი, რა ვქნა! რა ვუყო! ისეთი გაუგონარია, რომ... თქვენ მართლა გინდათ ცოლად შეირთოთ?
არჩილი. დიახ...
ელისაბედი. უკაცრავად, რამდენი წლისა ბრძანდებით?
არჩილი. ორმოცდაჩვიდმეტის.
ელისაბედი. შვილები გყავთ?
არჩილი. კი, ორი გოგო, უფროსი თქვენი ტოლია.
ელისაბედი. მე ოცდაორისა ვარ.
არჩილი. ერთი წლით თქვენზე უფროსი ყოფილა, თუკი ამას რამე მნიშვნელობა აქვს. ცოლს დიდი ხანია გავეყარე. აქეთ რომ მოვდიოდი, ძალიან ვღელავდი, თქვენი მეშინოდა.
ელისაბედი. ახლა აღარ გეშინიათ?
არჩილი. თქვენ წარმოიდგინეთ - აღარ! ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად მექნება მისი ხათრიც, პატივისცემაც. მინდა დაგარწმუნოთ, რომ... არ ვიცი, როგორ გითხრათ და საერთოდ, არ ვიცი, გამიგებთ თუ არა. ახლა, როგორც ვატყობ, ეს არავის ესმის.
ელისაბედი. რატომ ღელავთ?
არჩილი (ღიმილით). რატომ ვღელავ? მე თვითონვე მიკვირს. ჩემი ქალიშვილი პირველად რომ გათხოვდა, ამჟამად მეორედაა გათხოვილი, ერთი კვირის მერე შინ დაბრუნდა და მითხრა, დავაზუსტე - არ მყვარებიაო. აი, თქვენი სიყვარული! უკაცრავად, რა თქმა უნდა, პირადად თქვენ არ მოგმართავთ, საერთოდ ვამბობ.
ელისაბედი (სიცილით). ზოგადად!
არჩილი. დიახ, ზოგადად. უცნაურია... არ მესმის...
ელისაბედი. უმცროსიც გათხოვილია?
არჩილი. დიახ, ისიც მეორედ.
ელისაბედი. ესე იგი...
არჩილი. ჯერ კიდევ არკვევს და აზუსტებს!
ელისაბედი (ღიმილით). თქვენ როგორი ბრაზიანი ყოფილხართ!
არჩილი. ჩემი მეუღლეც ამას წინათ ბათუმიდან მირეკავს, დამესიზმრეო, წარმოგიდგენიათ! არადა, ათი წლის გაყრილები ვართ...
ელისაბედი. შეიძლება, იმასაც ჯერ არ დაუზუსტებია...
არჩილი. შეიძლება... ასე გამოდის...
ელისაბედი. უკაცრავად...
არჩილი. როგორ გეკადრებათ! ჯობია, ისევ ვიხუმროთ. ასე ვიცი, ყოველთვის უადგილო ადგილას ვბრაზობ ხოლმე...
ელისაბედი. ძალით გავაგდე ტენისის სათამაშოდ. მინდა კვირაში ერთხელ მაინც იყოს ჰაერზე. სულ ოთახშია ჩაკეტილი, ინსტიტუტშიც და შინაც. სადმე თუ მიდის, მხოლოდ მანქანით. თქვენ... თქვენ მარტო ცხოვრობთ?
არჩილი. დიახ, მარტო ვცხოვრობ.
ელისაბედი. გიჭირთ მარტო ცხოვრება?
არჩილი. როგორ გითხრათ... ადამიანი აშკარად სიმარტოვისათვის არ არის გაჩენილი. თუმცა, ამასაც აქვს თავის დადებითი მხარე.
ელისაბედი. თქვენი გაცნობა დიდი ხანია მინდოდა.
არჩილი (ღიმილით). სხვათა შორის, მეც მინდოდა თქვენი გაცნობა.
ელისაბედი. სასიამოვნოა.
არჩილი. სულ თქვენზე ლაპარაკობს ხოლმე...
ელისაბედი. მაპატიეთ, შინ რომ დაგიბარეთ. ასე ვამჯობინე, ხელს არავინ შეგვიშლის. თვითონ ჩვენი საიდუმლო შეხვედრის შესახებ არაფერი იცის, იმედი მაქვს, არ გამთქვამთ.
არჩილი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ.
ელისაბედი. ნუ გაგიკვირდებათ, ალბათ, გამიგებთ კიდეც... აი, თქვენ ორი ქალიშვილი გაათხოვეთ, თანაც ორ-ორჯერ, ასე რომ, ჩემზე