აჰა, მიიწურა ზამთარი
(რომანი)
ნაწილი პირველი
1. ადამი კბილის ექიმთან მიდის.
დედაბერი. წვიმა... თინა
- ფეხი არ უნდა გაგეწმინდათ? - ჩაიბუზღუნა დედაბერმა.
კაცი დერეფანში გატრიალდა, კარის წინ გაფენილ ტილოზე ფეხი გულმოდგინედ გაიწმინდა, მერე კარზე, გამოღებული რომ დატოვა, დააკაკუნა და მორიდებით იკითხა:
- შეიძლება?
დედაბერმა ხელი ჩაიქნია და წავიდა. მერე გაჩერდა, თითქოს ყური მიუგდო, მომყვება თუ არაო. ფეხის ხმა რომ ვერ გაიგონა, მოუბრუნდა:
- რაღას უდგეხართ?
გულხელდაკრეფილი კაცი კართან ატუზულიყო.
- რომ არ გითქვამთ, შემოდიო?
- ჰმ...
კაცი ნელა დაიძრა, დიდი წაღები ეცვა, ქუსლებზე ნალებდაკრული, იფიქრებდი, ეს მოკრიალებული იატაკი უცებ სარკესავით დაიმსხვრევაო.
- ჩუ! - დედაბერმა ხელები გაასავსავა, - ჩუ!
კაცი უცებ შეჩერდა, ისე რომ ერთი ფეხი მაღლა აწეული დარჩა.
- ჩუ! - გაიმეორა ისევ დედაბერმა და ანიშნა, ფეხი დაუშვიო.
კაცმა ფეხი ფრთხილად დაუშვა, თითქოს იატაკზე გუბე მდგარიყოს.
ღიად დარჩენილ კარში ვეება ნაგაზი გამოჩნდა. ბეწვი აბურძგვნოდა. ძაღლმა ოთახი დინჯად მიათვალიერ-მოათვალიერა, მთელი სხეული შეარხია და წვიმა ჩამოიბერტყა.
- უი! - შეჰკივლა დედაბერმა.
- ყურშა! - კაცმა ძაღლს ხელი აუქნია.
ყურშა ისევ გამოღებულ კარში იდგა, ვერ მიხვდა, პატრონი რას ანიშნებდა. ჯერ ნაბიჯი გადმოდგა, მერე სადაც იდგა, იქვე ჩაწვა. კაცმა ტუჩებზე თითი მიიდო, ჩუმადო. ძაღლმა თათებზე თავი დადო და ქვევიდან ამოხედა.
- გადი, ძაღლო, გარეთ! - დედაბერს ძაღლის ეშინოდა, შორიდან ეძახდა.
- ჩუ! - გააფრთხილა კაცმა დედაბერი.
- შენია? - ჰკითხა ჩურჩულით დედაბერმა.
კაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- გააგდე! - უბრძანა დედაბერმა.
- არ წავა!
- ჯანდაბას თქვენი თავი! - დედაბერი გატრიალდა, - წამო!
კაცი ოთახის ბოლომდე მიჰყვა, მერე დედაბერმა სხვა ოთახის კარი გამოაღო, თვითონ შევიდა, კაცს კი ცხვირწინ მიუკეტა კარი. კაცმა ძაღლს მოხედა, ძაღლი ისევ ისე გაუნძრევლად იწვა. კაცმა ანიშნა, ასე იწექიო. ყურშამ იატაკს კუდი რამდენჯერმე დაუბათქუნა. კაცს გაეღიმა.
დედაბერი რომ აღარ გამოჩნდა, კაცმა ოთახში დაიწყო სიარული. დარბაზივით დიდი ოთახი თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ ერთ კედელთან რამდენიმე სკამი იდგა მწკრივად. ეს იყო და ეს. იფიქრებდით, ამ ოთახიდან მიცვალებული გაუსვენებიათო. კაცი სკამზე ჩამოჯდა. ასე იჯდა ცოტა ხანს. თავი მკერდზე ჩამოუვარდა, ჩათვლიმა. სასწრაფოდ ასწია თავი და მიმოიხედა, დედაბერი არ ჩანდა. ისევ ჩათვლიმა. ახლა ვიღაცამ შეანჯღრია, თვალი ძლივს გაახილა, დედაბერი მხარში ჩაფრენოდა და აღვიძებდა.
- ჰა? ჰა? - წამოვარდა თვალებდაჭყეტილი კაცი.
ყურშამ ყრუდ შეიღრინა; ალბათ, დედაბრის გასაგონად.
- რა გქვია? - შეეკითხა დედაბერი კაცს.
- ადამი!
- ჰოდა, დაიცადე!
წაფრატუნდა, ისევ დაბრუნდა:
- აქ ძილი არ შეიძლება!
- კარგი, დედილო, - უპასუხა კაცმა, - არ დავიძინებ!
ამ ცარიელ ოთახში ვერაფერზე შეაჩერა თვალი. უცებ კედელზე ჩამოკიდებული სურათი დაინახა. ახლოს მივიდა, დააკვირდა. ბავშვის სურათი იყო. ბავშვის ფეხზე ვიღაცის ხელი მოჩანდა, ვიღაც უჩინარს ბავშვი ეჭირა, რომ არ წაქცეულიყო. კაცი გამოტრიალდა, მაგრამ მაშინვე ისევ სურათს მიუბრუნდა, ახლა უფრო კარგად დააკვირდა.
- საოცარია! - თქვა მან ხმამაღლა. დიდხანს უცქირა სურათს და ისევ გაიმეორა, - საოცარია!
რატომღაც ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ეს მისი ბავშვობის სურათი იყო. იმ ხელის დანახვამ, ბავშვი რომ ეჭირა, კინაღამ ცრემლი მოჰგვარა, თითქოს იცოდა კიდეც, ვისი იყო ეს ხელი. იცოდა... იცოდა... მაგრამ აღარ ახსოვდა. თითქოს ამ- წუთას დაავიწყდა.
„კი მაგრამ, ჩემს სურათს აქ რა უნდა?“ - გაიფიქრა მან.
მერე გაახსენდა, რომ თავისი ბავშვობის სურათი არასოდეს ენახა, მისთვის სურათი ბავშვობაში არ გადაუღიათ. მაშ რატომ იყო ყველაფერი ასეთი ნაცნობი და მახლობელი, რატომ ეცნობოდა ეს ხელი, ფრთხილად რომ მოხვეოდა ბავშვის ფეხს? ვინ იყო ის უჩინარი, რომელსაც ბავშვი ეჭირა? ხომ იცოდა მისი სახელი, აქამდე ხომ სულ იცოდა? ახლა კი უიმედოდ დავიწყებოდა.
„მესიზმრება!“ - გაიფიქრა კაცმა.
ამ დროს ოთახში დედაბერი შემოვიდა, მან კარი ღიად დატოვა და კაცს დაუძახა:
- მობრძანდი!
- დედი, - კაცს უნდოდა ეკითხა, ეს ვისი სურათიაო, მაგრამ დედაბერმა არ დააცალა:
- მობრძანდი-მეთქი, გელოდება!
კაცი ოთახში შევიდა. ეს ოთახი გაცილებით უფრო პატარა იყო, უფრო ბნელიც, რადგან პირველი ოთახისაგან განსხვავებით აქ ნავთის ძველებური ლამპა ენთო. ლამპა ჭერიდან ჩამოშვებულ ფოლადის კაუჭზე ეკიდა. დიდი, წითელი საფარი ჰქონდა, შავი ხალებით მოხატული. ოთახში უზარმაზარ ყაყაჩოსავით გაშლილიყო და მის მოწითალო სინათლეში საგნები ისე მოჩანდა, თითქოს წყალზე ტივტივებენო. ოთახის ერთ კუთხეში მონიკელებული სავარძელი იდგა. სავარძლის ფეხთან კი -