შუადღე
ბილიკზე ქალი მოდიოდა. მხარზე გადებულ ჯოხზე წყლით სავსე კასრები ჩამოეკიდა. წყალი მღვრიე იყო, თიხისფერი.
ჭორფლიანი ქალი დაღლილი ჩანდა. სახეზე ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. ფეხებს განგანზე ადგამდა და კასრიდან გადმოღვრილი წყალი კაბას უსველებდა. სველი კაბა ტანზე ეკვროდა და ისე მოდიოდა, თითქოს მუხლებით რაღაცას მძიმეს მოაგორებდა...
ლაღიძის წყლებთან სტვენით გააჩერეს. სამნი იყვნენ, წეროებივით აწოწილები. მანქანაში ჩასხდნენ თუ არა, უცებ გაუშინაურდნენ.
- შენი ტაქსიც ნიშნებს ხომ არა წერს? - იკითხა ერთმა.
მეორემ ასანთი სთხოვა.
მერე სამივეს უცბად დაავიწყდა ის და ადრე დაწყებული საუბარი გააგრძელეს...
- შენ რა ჰქენი?
- პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი...
- რომელ საგანში?
- ქიმიაში...
- სახლში რა გითხრეს?
- სახლში არ მივსულვარ, ლია წავიყვანე ფუნიკულიორზე...
- ტობე გოგო კია...
- ჰო, ტობეა...
- ავდგები და გაგრაში წავალ, - თქვა ერთმა ნაღვლიანად.
- გაგრაში ადრეა... ხალხი გვიან ჩამოდის...
- იქ კი არ გავჩერდები, წავალ სადმე...
- მაინც ადრეა, ახლა მოსკოვში წასვლა ჯობია, კარგ ფეხბურთს ნახავ.
- მაგას დიდი ფული უნდა...
- ფულიც მე მადარდე...
- თუმცა სულ დამავიწყდა, მამაშენი ხომ მწერალია...
- მართალი გითხრა, ძალიან მოსაწყენ რაღაცებს კი წერს...
- ისე კარგი ტიპია, სულ იცინის...
- აი, აქ გაგვიჩერე...
მერე ხურდა ფული მოუგროვეს, მიაწოდეს და დაუბარეს:
- მოქალაქე მძღოლო, დაიცავით მოძრაობის წესები...
ხურდა ფული ხელისგულზე ეყარა და უყურებდა.
ნუთუ მართლა ასე უდარდელები არიან? რა უცნაურად იცინიან? წინათ არსად არ გაუგონია ასეთი სიცილი... იქნებ არც იცინიან... იქნებ...
ცხელოდა... ქუჩა თითქმის ცარიელი იყო...
ფული ჯიბეში ჩაიყარა და მანქანა აამუშავა.
ცხელოდა...
ფული ზოგჯერ ვარდისფერ საპნის ბუშტსა ჰგავდა, რომელიც ეს-ესაა გაუშვა მსუქანმა, ლოყებღაჟღაჟა კაცმა. ზოგჯერ კი თითქოს იცინოდა, კისკისებდა, მხიარულობდა. ზოგჯერ მძიმე იყო და მნიშვნელოვანი, როგორც პური, ანდა მიწა... ზოგი ფულს აფრიალებდა, ათამაშებდა. ზოგი იტანჯებოდა და ისე იღებდა ჯიბიდან. ზოგი ცხვირსახოცში ჰკრავდა და უბეში ინახავდა. ზოგს დათვლილიც არ ჰქონდა, ისე იყრიდა ჯიბეში. ზოგი კი ითვლიდა და წვალობდა, თითებს ისველებდა და თან თვალებში შემოგცქეროდა - ხომ არ მატყუებსო...
საფლავების მომვლელი ქალი ფულს თიხის ყულაბაში ინახავდა. ყულაბას ბზის გამხმარი ტოტები ჰქონდა აფარებული. ამ ყულაბის არსებობა არავინ იცოდა. თუმცა ვის უნდა სცოდნოდა - ქალი მარტოხელა იყო. სტუმარიც იშვიათად თუ შემოვიდოდა. ხანდახან სტეფანე მესაფლავე შემობაჯბაჯდებოდა და მოიკითხავდა, ეს იყო და ეს... სხვას არც არავის იცნობდა... სტეფანე მესაფლავე ხანში შესული კაცი იყო. თავის დროზე ცოლი არ შეერთო და ახლა სიმარტოვეში აღამებდა თავის ცხოვრებას.
- გრძელი ყოფილა წუთისოფელი, - იტყოდა ხოლმე სტეფანე, - აღმართს ჰგვანებია.
მისი სახლიც სასაფლაოს განაპირას იდგა. პატარა ეზოში ატმის ხე დაერგო. ატამი რომ აყვავდებოდა, სტეფანე სკამს გამოიტანდა და მის ძირში დაჯდებოდა. იჯდა ასე მთელი დღე, გაზაფხულის მზით მოთენთილი და გარინდებული. პაწაწინა ვარდისფერ ყვავილებს უყურებდა. ატამი ცოტა ხანს ყვაოდა და სტეფანე სინანულით უცქერდა დაუშნოებულ ხეს. როცა საფლავს თხრიდა, ცას ახედავდა ხოლმე. საფლავიდან ცა ძალიან პატარა ჩანდა და განთიადზე ატმისფერი გადაჰკრავდა.
- თებრო, ჰაი, თებრო, - ეტყოდა ხოლმე ქალს სტეფანე, - ატამი ყვავის, ქალო...
თებრო ეზოში გაიხედავდა, ხელს ნიკაპთან მიიდებდა და თავს გვერდზე გადასწევდა:
- რა ლამაზად ყვავის, ქა...
თებროსაც უხაროდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ უხაროდა ასე ძალიან... უხაროდა, მაგრამ არც კი გაიღიმებდა, მის სახეზე ღიმილი უკვე დიდი ხანია აღარავის უნახავს...
ქალმა ყულაბა ორივე ხელით აიღო და ყურთან შეანჯღრია. ფული ყრუდ ჩხრიალებდა, ალბათ იმიტომაც, რომ ყულაბაში ქაღალდის ფულიც ეყარა.
„რამდენი იქნება ნეტავი?..“
მერე ყულაბა დადგა და ბზის ტოტები ააფარა. ოთახს მიწის იატაკი ჰქონდა და ზაფხულში ყოველთვის გრილოდა. თებრო ხანდახან წყალსაც მოასხამდა მიწას და კიდევ უფრო აგრილდებოდა. ოთახში ერთი დიდი ტახტი იდგა. ტახტზე ჭრელი ფარდაგი ეფინა და წითელი მუთაქა იდო. კედელთან დაბალი კარადა იყო მიყუდებული. კარადას ფეხები მომტვრეოდა და მის ნაცვლად აგურის ნამტვრევები შეეყენებინათ. ოთახს ჭერი არ ჰქონდა და რომ აიხედავდი, კრამიტები მოჩანდა. კედლები შეულესავი იყო, ეტყობა, სახლი ნაჩქარევად აეშენებინათ.
თებრო კედელთან მივიდა და სურათს შეხედა.
„ათი წელი, შე უბედურო... ათი წელი“...
სურათზე დოინჯშემოყრილი კაცი იღიმებოდა...
„ათი წელი... პავლე, შე უბედურო... ათი წელი...“
ნუთუ მართლა ათმა წელმა გაიარა მას შემდეგ? დრო რამეს წამოდებულ ნაქსოვივით გამოირღვა, გამოირღვა და დაილია... არც კი