საუბარი საკუთარ თავთან ქვეყნად ვერც ერთმა ბრძენმა ვერ თქვა, ზუსტად რა არის სიყვარული, რა არის ნამდვილი ცხოვრება, რა არის ბედნიერება და როგორია მათკენ სავალი გზები, რისი შიში აქვს ადამიანს და რა აგრძნობინებს თავისუფლებას... ამ მარადიულ თემებს მუდმივად დასტრიალებენ ფილოსოფოსებიც, ფსიქოლოგებიც და, უპირველესად, მაინც მწერლები; მრავალფეროვანი და განსხვავებულია ყველა კეთილშობილი, უანგარო, მოაზროვნე კაცისთვის ამ დიადი მოვლენების განცდა და შეგრძნება; ხოლო ტიპური კარიერისტისა და მლიქვნელისთვის ბედნიერებაც და წინსვლაც ისეთი მარტივი და ერთფეროვანი რამ არის, რომ ამგვარად მცხოვრებთა ერთ ჩარჩოში მოქცევა ძალიან ადვილია. თუ კარგად დავუკვირდებით, ადვილია ამ ხალხის ნიღბის მიღმა რა ხდება, იმის მიხვედრაც და მათი მცირე, ნაკლებად ადამიანური "ბედნიერების" დანახვაც; ოღონდ, დანახვასა და ჩვენებას შორის სხვაობა დიდია. ამ ყოველივეს რეალურად დახატვა გამორჩეულ მწერალს შეუძლია.
სწორედ ამ მოვლენებზე გვესაუბრება თამაზ ჭილაძე თავის შესანიშნავ რომანში "აჰა, მიიწურა ზამთარი", რომელიც 1965 წელს არის დაწერილი. თარიღს იმიტომ მივაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენთვის საინტერესოა ეპოქა, როცა ეს ნაწარმოები შეიქმნა; ქართული ლიტერატურა ამ პერიოდისთვის უკვე შეჩვეული იყო ადამიანის მიერ ქვეყნისთვის, საქმისთვის ან მოყვასისთვის ჩადენილ "საამაყო" ქმედებებს; ლიტერატურის მთავარი გმირი ხალხისთვის მისაბაძი პიროვნება უნდა ყოფილიყო. პერსონაჟი, რომლის გამო და რომლისთვისაც ხდებოდა ყველა მოქმედება, უნაკლო და ყოველგვარი ღირსებით შემკული, თითქმის ზღაპრული "ფიგურა" იყო, ის განსაზღვრავდა ნაწარმოების იდეას (აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვეხებით დიდ მეფეებსა და წმინდანებზე შექმნილ ნაწარმოებებს); ამგვარ ლიტერატურულ გარემოში თამაზ ჭილაძეს შემოჰყავს განსხვავებული პერსონაჟები, რომელთა არსებობა, ყოფა და ცხოვრება ყველასთვის საერთო აღტაცების საგანი არ არის; მის პერსონაჟს გააჩნია ნაკლიც და ღირსებაც, ის არც გმირია და არც კერპი; ცხოვრობს ჩვეულებრივად და ესე იგი - საინტერესოდ; სავსეა ადამიანური და არა ზეადამიანური ემოციებით...
არიან მწერლები, რომელთაც გამორჩეული ფუნქცია ეკისრებათ თავიანთი ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში. სწორედ ასეთია თამაზ ჭილაძის კალმის "მისია". მის ნაწარმოებებში ადამიანი და მისი განცდები, სულიერი ჭრილობები უფრო მთავარია, ვიდრე საზოგადოებრივი აღმავლობები; აქ გმირი ჩვენნაირი მოკვდავია, თავისი ოცნებებით, გაჭირვებებით, სიყვარულით, გაუცნობიერებელი შიშით, იმედგაცრუებით, ჩადენილი შეცდომებითა და სინანულით...
რომანი "აჰა, მიიწურა ზამთარი" სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას მომხდარი სიუჟეტებისგან შედგება; ცალკე თავებად დაყოფილ მხატვრულ ტექსტში ნაირგვარი ფრაგმენტი, მომხდარი ფაქტი ცოცხლდება და თითქოს ერთმანეთთან შინაარსობრივად დაუკავშირებელი ამბები, საბოლოო ჯამში, ფელინის ფილმებივით ერთ მთლიან, საერთო სურათს ჰქმნიან; თამაზ ჭილაძის რომანი რთული კონსტრუქციის არქიტექტურულ ძეგლს ჰგავს, რომელიც, სირთულის მიუხედავად, აღტაცებას იწვევს. აქ პერსონაჟები სიუჟეტის კი არა, არსებული, საზოგადო ყოფის გამო დაკავშირებიან ერთმანეთს.
როცა თამაზ ჭილაძის ნაწარმოებს ეხები, გახსენდება, რომ არსებობს ორიგინალური აზროვნების კულტურაც; რომანში წარმოდგენილი დაკვირვებებით ადვილად ხვდება მკითხველი, რომ მწერალი საუცხოო ფსიქოლოგიც არის. ნაწარმოებში ცოცხლდებიან განსხვავებული ხასიათის და ინტერესების ახალგაზრდები: ზაზა, თორნიკე, პაპუნა, ადამი, მამია, ლეილა, ლიზიკო, მაგდა, ზაირა, ნინიკო... საინტერესოდ არის დახატული უფროსი ასაკის კაცის, 58 წლის კარიერისტი გიორგი გობრონიძის სახე, რომელიც თავისი ცხოვრებით ტკბობას მისცემია და ოჯახშიც და თეატრშიც პატარა მეფე სურს რომ იყოს. ნათელია მწერლის არადიდაქტიკური, მაგრამ მაინც ბასრი და ირონიული "ყურის აწევა" მედროვეთა და კარიერისტთა მიმართ. ის ერთგან წერს: "საეჭვო შესაძლებლობის გამოყენების უნარი საერთოდ პატივისცემას არ იმსახურებს, მაგრამ ამას ბევრჯერ უფრო დიდი სახელი მოუტანია ადამიანისათვის, ვიდრე ჭეშმარიტ ღირსებებს..." მწერალი საუბრობს საზოგადოების მიერ დამახინჯებული ურთიერთობებით გამოწვეული უსამართლობის შესახებ.
ეს რომანი მარადთანამედროვეა. სანამ კაცობრიობა იარსებებს, იქნება დაპირისპირება უნიჭობასა და ნიჭიერებას შორის, დიდი განსხვავება - სიყვარულსა და ბოროტებას შორის, აგრეთვე - მედროვეთა და თავისუფლად მოაზროვნეთა ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებები ცხოვრების მიმართ.
არ შეიძლება ვისაუბროთ თამაზ ჭილაძის მართლაც ძალიან მნიშვნელოვან შემოქმედებაზე, პიესა იქნება ეს, მოთხრობა, ლექსი თუ რომანი და სიყვარულს გვერდი ავუაროთ; ეს დიდებული გრძნობა განსაკუთრებული პატივისცემით და რუდუნებით მიაქვს მწერალს მკითხველამდე. მას ესმის ყველა შეყვარებული სულდგმულის და თითქოს ამ გრძნობით გაბრუებულთა დიდ და მნიშვნელოვან შეცდომებს თავად განიცდის; განიცდის, აგრეთვე, მათ დაბნეულობას, ვფიქრობთ, ყველაზე ადამიანურ თვისებას.
თამაზ ჭილაძის არაერთი ნაწარმოებია თარგმნილი უცხო ენაზე, მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. შემოქმედს დიდი ხანია იცნობს საზოგადოება საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. ის 1931 წელს დაიბადა და უახლესი სიტყვით გაამდიდრა ჩვენი მწერლობა. ევროპეიზმის ფეხის ადგმა და თანამედროვე ქართული მწერლობის ხელახალი დაბრუნება მშობლიურ წიაღში, უპირველეს ყოვლისა, მის სახელთანაც არის დაკავშირებული.
ინდივიდუალიზმი არ არსებობს სიმარტოვის გარეშე. ვინც ოდნავ მაინც იცნობს თამაზ ჭილაძის პიროვნებას, ადვილად დამეთანხმება,