„ბრეიგელის მთვარე“ ამერიკაში
ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაზ ჭილაძის „ბრეიგელის მთვარის“ გამოსვლასთან დაკავშირებით, კოლუმბიის უნივერსიტეტის პრესცენტრმა გამოაქვეყნა ინტერვიუ რომანის ავტორთან, რომელსაც გთავაზობთ მთლიანად.
რომანის პერსონაჟები ხომ არ ამჟღავნებენ რაიმე მსგავსებას თქვენს პიროვნებასთან, ან ხომ არ ასახავენ თქვენს პირად გამოცდილებას სხვებთან ურთიერთობებში?
ლევანი და ნუნუ ისეთივე რეალურად არსებული პიროვნებები მგონია, როგორიც, თუნდაც მე ვარ, სულ სხვანაირად ცხოვრობენ, სულ სხვაგვარი ურთიერთობები აქვთ. პერსონაჟები ჩნდებიან არამარტო ავტორის პირადი გამოცდილების წყალობით, არამედ, ამ შემთხვევაში, უზარმაზარი როლი ენიჭება მკითხველს, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. რაც უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს მწერალი მის მიერ შემოთავაზებული პირობის საშუალებით კონტაქტი დავამყაროთ საკუთარ ცხოვრებასთან, მით უფრო საინტერესოა იგი. შეიძლებოდა ისიც მეთქვა – კითხვა, გარკვეული თვალსაზრისით, საკუთარი თავის აღმოჩენის, თვითგაცოცხლების აქტია. ალბათ არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ლიტერატურული პერსონაჟები კაცობრიობას არამარტო ზნეობრივად ამდიდრებენ, არამედ ზრდიან კიდეც რიცხვობრივად.
რომანი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დეპრესია, ფსიქოზი და ფსიქიატრია. მაინც რამ გიბიძგათ, რითი დაგაინტერესათ ამ სფერომ, ხომ არ გსურდათ აგესახათ ფსიქიატრიისა და ლიტერატურის, კონკრეტულად – დამოკიდებულება ფსიქიატრიასა და წერის პროცესს შორის?
არ ვიცი, რამ მიბიძგა, რამ შთამაგონა ამ რომანის დაწერა. საერთოდ, მგონი, დეპრესიასა და ფსიქოზს ვერც ერთმა მწერალმა ვერ აუარა გვერდი და ვერც აუვლიდა, მით უმეტეს დღევანდელ დღეს. დეპრესია და ფსიქოზი თანდათანობით ნორმალურ, ჩვეულებრივ მდგომარეობად იქცა. ლიტერატურული ფარმაცევტია ამ შემთხვევაში უძლური აღმოჩნდა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მისი საქმე არ იყო, აქ პირველობა ფსიქიატრიისათვის უნდა დაეთმო.
მწერალი ეხმარება მკითხველს სიმარტოვისა და გაუგებრობის შიშის დაძლევაში, ამით ის ძალიან ჰგავს რელიგიის მსახურსაც და ექიმსაც, მაგრამ, რადგან ცოდვა თვითონაც მრავლადა აქვს, მღვდლად არ გამოდგება, ხოლო რაც შეეხება ექიმობას – მწერალს უფრო პაციენტის როლი შეეფერება, ვიდრე ექიმისა, თუნდაც თავისი ათასჯერ დაფლეთილი და იმედის ნემსით ამოკემსილი გულის გამო. მწერალი ნათელმხილველების უძველესი და გადაშენებული მოდგმის უკანასკნელი წარმომადგენელია. მართალია, დღეს ყურს არავინ უგდებს, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ სიმართლეს არ გვეუბნება...
ასეა თუ ისე, ეს რომანი ფსიქიატრიისა და ლიტერატურის დამოკიდებულების ჩვენებას არ ისახავს მიზნად, სხვანაირად თქვენი ყურადღების ღირსი არ გახდებოდა. მათ შორის განსხვავება ისე აშკარაა, რომ ამ პრობლემას საგანგებო გამოკვლევა ჭირდება. ბოლოს და ბოლოს, მწერლობა საიდუმლოს გამძაფრებაა და არა ამოხსნა!..
ასევე, ხომ არ ფიქრობთ, რომ არსებობს გარკვეული მიზეზ-
შედეგობრივი კავშირი სულიერ დაავადებასა და სიყვარულს შორის?
ჩემი აზრით, არავითარი, მით უმეტეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სიყვარულსა და სულიერ დაავადებას შორის არ არსებობს. მართალია, რენესანსის ერთ-ერთი ვარსკვლავი მარსილიო ფიჩინო ამბობდა – სიყვარული ღვთაებრივი სიგიჟეაო, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა „ღვთაებრივს“ ენიჭება გადამწყვეტი როლი.
მესამე თავიდან თხრობაში ჩნდება ფანტასტიკის ელემენტი. თქვენი აზრით, რა ფუნქცია ენიჭება ფანტასტიკას თანამედროვე ლიტერატურაში და როგორ უკავშირდება ფანტასტიკა ქართულ კულტურასა და მითოლოგიას?
ფანტასტიკას თანამედროვე ლიტერატურაში ისეთივე ფუნქცია აკისრია, როგორიც ჰქონდა ედგარ პოს, ჟიულ ვერნისა და ჰერბერტ უელსის შემოქმედებაში. ამ სამი ბუმბერაზის იქით ფანტასტიკური მწერლობა არ წასულა, გამდიდრდა და გამრავალფეროვანდა უახლესი ტექნიკის მიღწევებით, რომლებმაც, რასაკვირველია, მეტი სითამამე შესძინეს მწერლებს, მაგრამ მათ შესაძლებლობებს ვერაფერი შემატეს.
გულწრფელად რომ გითხრათ, თანამედროვე ფანტასტიკურ ნაწარმოებებს ნაკლებად, ან თითქმის არ ვკითხულობ. ალბათ ასაკიც თამაშობს გარკვეულ როლს, სიბერეს თავისი ფანტასტიკა ჰქონია...
ფანტასტიკა ქართულ კულტურაში ძირითადად ზღაპრისა თუ მითოლოგიის საშუალებით შემოდიოდა და შემოდის. ზღაპარი ეს არის ხალხის ნოსტალგია მომავალზე, თითქოს ხალხს წარსულში კი არა, მომავალში ეცხოვროს...
რასაკვირველია, ქართულ მწერლობაში ფანტასტიკის მნიშვნელობაზე მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებების მიხედვით ვერ ვილაპარაკებთ. თხუთმეტსაუკუნოვან ქართულ მწერლობაში, რომელიც ამჟამადაც მეტად საინტერესო მიღწევებით გამოირჩევა, იგრძნობა ჩვენი უძველესი მითოლოგიის ძალუმი სუნთქვა...
რომანში თხრობა სცილდება დროის ჩარჩოებს, ზოგჯერ სამყაროებსაც. რა უდევს საფუძვლად, რით არის განპირობებული ასტროფიზიკოსისა და „სტუმრის“ ქვესიუჟეტი?
სხვათა შორის, მეც მაინტერესებს, თუ როგორ გაჩნდა რომანში ასტროფიზიკოსისა და „სტუმრის“ ქვესიუჟეტი, რამ განაპირობა მათი ურთიერთობა. როგორც მოგეხსენებათ, წერის პროცესი მოულოდნელობებითაა სავსე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ტექსტი იწყებს ბატონობას ავტორის ჩანაფიქრზე, ანუ ბევრი რამ ჩნდება ისეთი, რაც ავტორისთვისაც კი მოულოდნელია. მხატვრული ტექსტი ცოცხალ ფენომენივითაა, თავისი ლოგიკა აქვს, რომელიც თანდათანობით, როგორც ვთქვი, ავტორის ნებასაც კი წარმართავს. მსოფლიო ლიტერატურაში უამრავი მაგალითია ცნობილი, რომ წინასწარი ჩანაფიქრი ავტორს წერის პროცესში შეუცვლია. მაგრამ არ შეიძლება რაღაცით მაინც არ აიხსნას პერსონაჟთა ურთიერთობა, თუნდაც შეგნებულად აბსურდულ ნაწარმოებთან გვქონდეს საქმე. ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ურთიერთობა