აბა, ჰკითხეთ სწავლაში ზარმაცებს, ზარმაცუნებს,
თუ იციან, კურდღელი ტუჩებს რად აცმაცუნებს;
ქონდრისკაცს რად არქმევენ ტანით დაბალ კაცუნებს;
ანდა, წალამს კოცონი რის გამო ატკაცუნებს;
ნაკადული თავქვეზე რატომ მიედინება,
ღმერთმა მისი დინება დაღმართზე რად ინება;
ბუნებას ვინც გაიცნობს, ბევრი ეცოდინება,
სწავლისთვის კი მთავარი არის? – (მოწადინება).
ღმერთის ნებით ეს წიგნი
დიდ სიყვარულს ატარებს,
რადგან გამოცანები
კვლავ ეძღვნება? – (პატარებს).
დაფიქრდი და გამოიცნობ,
თან სიკეთეც შეატყე,
თუ ერთი დგა, მას ხე ჰქვია,
თუ ბევრი დგა, ჰქვია? – (ტყე).
უწყინარი ცხოველია,
თუ დასჭირდა, მას უშველი,
რადგანაც ტყის მშვენებაა,
ამიტომაც ჰქვია? – (შველი).
ტყეს მუდმივად გაუფრთხილდი,
რომ გადარჩეს იქ ყოველი.
ყველა სულდგმულს, კაცის გარდა,
ეწოდება რა? – (ცხოველი).
ტოტზე თხილს რომ აკნატუნებს,
არ გეგონოს იგი ბრიყვი,
კუდფუმფულა ცხოველია
და ამ ცხოველს ჰქვია? – (ციყვი).
კოხტა, კუდფუმფულა ციყვი,
თუმცა არის მეტად ფრთხილი,
მაგრამ მაინც აკნატუნებს,
რადგან გულით უყვარს? – (თხილი).
მისი გული ნაჭუჭში ზის,
ხოლო ნაჭუჭს აკრავს რკალი,
თუ ვერ გატეხ, ვერ მიირთმევ!
რა იქნება, თქვი?! – (კაკალი).
ყველგან ლაღად დანავარდობს,
ტყე არის თუ მინდორ-ველი,
ცაში მფრინავ ბუმბულიან
ცხოველს ჰქვია რა? – (ფრინველი).
ბაღში ისე შეფრინდება,
სულაც არ სჭირდება საშვი,
ბულბულთან რომ ერთად გალობს,
რა ფრინველია ის? – (შაშვი).
შაბიამნის ფერია ის,
არ გეგონოს გასარეცხი,
რასაც შაშვი ბუდეში დებს,
ჩვეულებრივ ჰქვია? – (კვერცხი).
გუ-გუ, გუ-გუს გაიძახის,
სულაც არ ეღლება გული,
სხვის ბუდეში კვერცხებს რომ დებს,
რა ფრინველია? – (გუგული).
ვინც ისწავლის, ის იქნება
უკეთ მთქმელი და აღმწერი,
უხერხემლო, ფეხსახსრიან
ცხოველს რაღა ჰქვია? – (მწერი).
ის მწერია, მავნებელი,
სადღა არ უკანკალია,
რადგან ყანებს ანადგურებს,
დაუძახეს რა? – (კალი ა).
გრძელნისკარტა, გრძელფეხება,
სხვა როგორღა აღგიწერო,
ჭაობში დგა, საკვებს ეძებს,
ამ ფრინველს კი ჰქვია? – (წერო).
თუ ყოველდღე მას მიირთმევ,
სიხალისით ფრთებსაც გაშლი,
ჯანმრთელობის წამალია,
აბა, რა ხილია? – (ვაშლი).