იგავი
ეგოიზმის შესახებ
არსებობს ნაწარმოებები, რომლებშიც მხოლოდ ლიტერატურის ისტორიკოსთა სარეანიმაციო პროცედურების წაყლობით ბჟუტავს სიცოცხლის ნაპერწკალი.
დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, ცხადია, ასეთ პროცედურებს არ საჭიროებს, იგი დროთა განმავლობაში ბუნებრივ სიცოცხლისუნარიანობას არ კარგავს. ამ სიცოცხლისუნარიანობის საწინდრის შესახებ კიდევ ერთხელ დაფიქრება, ალბათ, ზედმეტი არ უნდა იყოს.
„სამანიშვილის დედინაცვალზე“ მსჯელობისას ტრაგიკულის და კომიკურის ცნებები გამოიყენება, ოღონდ ტრაგიკული გაგებულია ყოველდღიურ-ყოფითი აზრით, „უბედურების“ მნიშვნელობით.
სინამდვილეში დავით კლდიაშვილის მოთხრობა შეიცავს ტრაგიკულის როგორც სპეციფიკური ესთეტიკური კატეგორიის ზოგიერთ მომენტს.
ის, რასაც პლატონ სამანიშვილი შეეჯახება, არსებითად არის ისტორიული კანონზომიერება, რომელიც ხელს მოუცარავს აზნაურთა ფენას, მაგრამ ეს დაუნდობელი ისტორიული აუცილებლობა მოვლენილია არა უშუალოდ, არამედ როგორც ბედისწერა.
ბედისწერასთან ადამიანის შეჯახების მოტივი კი ტრაგიკული მოტივია. მან ყველაზე სრული გამოვლენა პოვა ბერძნულ ტრაგედიაში, ხოლო განსაკუთრებული სიმკვეთრით ხორცი შეისხა სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეში“.
აქ ბუნებრივად ჩნდება სკეპტიკური კითხვა – რა შეიძლება ჰქონდეს საერთო კლდიაშვილის უღიმღამო პერსონაჟს დიდებულებით მოსილ ტრაგიკულ გმირებთან, რომელთაც ამაღლებული ფიქრი, ზრახვები და ღრმა ვნებათაღელვა გამოარჩევთ?
ტრაგიკული გმირის არსებითი თვისებაა ის, რომ იგი, შექსპირის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „მოზღვავებულ უბედურებასთან“ არის შებრძოლებული და როგორი ღიმილისმომგვრელიც უნდა იყოს ამის თქმა, პლატონ სამანიშვილიც ერთგვარად „მოზღვავებულ უბედურებას“ ებრძვის.
ტრაგიკული გმირისთვის დამახასიათებელია აგრეთვე, რომ იგი ნებით თუ უნებლიეთ თავად აღასრულებს გარდაუვალს, საკუთარი ქმედებით ახორციელებს ბედისწერის მისთვისვე მკაცრ განაჩენს. ტრაგიკულ პერსონაჟს პლატონი ამ ნიშნითაც უახლოვდება.
პლატონს თავისებურად ყველაფერი ზუსტად აქვს გათვლილი და დაგეგმილი, მაგრამ მაინც ხდება ის, რაც თითქოს ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს მოსალოდნელი, რის არმოსახდენადაც მან ამდენი იწვალა; ბედისწერამ პლატონის უნებლიე დახმარებით თავისი გაიტანა.
ბედისწერის მოტივს დავით კლდიაშვილი თავისი პერსონაჟების ყოფით-ჩვეულებრივ საუბარში თუ ფიქრში „შეაპარებს“. „ეგება მართლადაც ეს ქალი მამამისის ბედი უნდა იყოს?! მართლა რა არის, აბა, რომ თავიდანვე ამ ქალს უხსენებენ და ყოველი გარემოება ისე ეწყობა, რომ უსათუოდ ამ ქალის მხსენებელი ხვდება ყველგან, თითქოს განგებ პირი შეეკრათ ამაზე!.. ხომ არავინ იცოდა? მას ხომ ერთი სიტყვაც არ დასცდენია თავისი საიდუმლოს შესახებ გვერდევანიძესთან – თვითონ იმან ახსენა და აქო ეს ქალი... ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ მაინც აქეთ წამოვიდა... აქ მოვიდა და, თითქო განგება იყოს, ეს ქვაშავიძე დახვდა და იმავე ქალს ურჩევს და აძალებს!.. რას მიაწეროს?.. ესე უმნიშვნელოდ რავა იქნება, რავა ხდება ეს ამბავი?! ეგებ მართლა ღმერთი ანიშნებდეს და გაჭირვებულს დახმარებას აძლევდეს, ეწეოდეს, საქმეს უადვილებდეს, ბედზე უთითებდეს!“.
პლატონის თავგადასავალი ბედისწერის მიერ ადამიანის გამასხრებაა. ბედის ირონიის მოტივის წყალობით „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოდგება არამარტო კონკრეტული დროის და გარემოს, კონკრეტული სოციალური ფენის წარმომადგენელთა ყოფის ამსახველ სურათად, არამედ იგავადაც ადამიანური თავკერძობის და მისი სასჯელის შესახებ. საერთოდ, დავით კლდიაშვილის მთავარი ლიტერატურულ-სააზროვნო თემა ეგოიზმია, კლდიაშვილი ეგოიზმის მრავალგვარ ნაირსახეობათა და გამოვლინებათა თავისებური მხატვარი – სისტემატიკოსია.
ირონიულ-კომიკურ იგავად აქცევს „სამანიშვილის დედინაცვალს“ ის, რომ ტრაგიკული ელემენტი აქ თანმიმდევრულად იშლება.
ამგვარი ელემენტის შემცველ სიტუაციაში მოქცეულია „პატარა ადამიანი“, რომელიც ტრაგიკული გმირის, „სულდიდი ქმნილების“ მსგავსად რაიმე საყოველთაო ფასეულობას, პრინციპს კი არ ამკვიდრებს თავგანწირვით, – საკუთარი კერძო, უბადრუკი მიზნის მიღწევისთვის თავის დამამცირებლად ცოდვილობს. სწორედ ამ ეგოისტური შეზღუდულობით და უღირსობით, თავისი ადამიანური და აზნაურული ღირსების გათელვით იმსახურებს იგი ბედის დაცინვას (ეგოიზმის გამო ბეკინაც ისჯება).
ტრაგიკული მოტივი – ადამიანი ბედისწერის პირისპირ – ხორცშესხმულია მისთვის სრულიად შეუსაბამო, დამამდაბლებელ, ანეკდოტურ ფაბულაში – შვილი მამის მაჭანკლობას კისრულობს, ბერწ სადედინაცვლოს დაეძებს. ულმობელი ბედისწერა პლატონ სამანიშვილს ევლინება სავსებით დემითოლოგიზებული სახით – როგორც ერთი საწყალი ქვრივი დედაბერი.
ბედისწერასთან ადამიანის შეჯახების ტრაგედიული მოტივი ჩანასახშივე პროფანირებული და კომიზებულია: პლატონი ვითომ ეურჩება, სინამდვილეში კი გაურბის ბედს. მოთხრობის კომიზმის სიღრმისეული საფუძველია ის, რომ მთავარი პერსონაჟის ცდები, გაექცეს ბედისწერას, სწორედ ბედისწერის აღსრულებაა. კომიზმი აქვეითებს და მთლიანად ნთქავს ტრაგიკულ მომენტს.
ქართული სინამდვილის დაკნინების მოწმობაა, რომ „სამანიშვილის დედინაცვლის“ მხატვრულ რეალობაში ტრაგიკული მოტივი აუცილებლად საკუთარი თავის პაროდიულ უარყოფად უნდა იქცეს, რომ ამ რეალობაში მისი ადეკვატურად გამოვლენა შეუძლებელია.
„სამანიშვილის დედინაცვალში“ ძველისძველი ტრაგიკული მოდელი კომიკურად მდარე, სრულებით არაგმირულ და არაპათეტიკურ სინამდვილეში დამიწდა, რაც ნიშანდობლივი აღმოჩნდა შემდგომდროინდელი მხატვრული აზროვნებისთვის.
თუმცა ნაწარმოების ბოლოს კომიზმიც ქრება, სპეციფიკურად ტრაგიკულიც აქ არაფერი ჩანს, – პროტაგონისტი არ იღუპება და არაჩვეულებრივ ტანჯვასაც არ განიცდის, არც დიდი ფასეულობები და იდეალები იმსხვრევა – თითქოს მხოლოდ ჩვეულებრივი უბედურება რჩება, ანუ „ტრაგედია“ ყოველდღიური