როტვეილერის ღიმილი იანვარში განზრახულს - გამეპრიალებინა მეტრეველების საგვარეულო ვერცხლეული - საშველი მაისში დავაყენე, ტელევიზორში სარეკლამო რგოლს რომ ვუყურებდი, მაშინ. ყოჩაღი დიასახლისი ჭურჭლის სარეცხ სითხეს უკეთებდა რეკლამას და ისეთი მონდომებით აჩხაკუნებდა დანა-ჩანგალს, თითქოს მანამუსებდა - ეს არის შენი პირობა, იათამზე მდივანო? ახლაც რომ იზარმაცო, მერმის ახალ წელს კარადას გამოაღებ და საგვარეულო ვერცხლეულის ნაცვლად ჟანგმოკიდებული შავეული დაგხვდება. მერე ნუ გაგიკვირდება, ქმარი თუ გისაყვედურებს!
რეკლამის დამთავრებას არ დაველოდე, ყურმილი ავიღე და დიასახლისების პრიმადონას - ჩემს დას დავურეკე. ვინ, თუ არა ლელამ, იცის ვერცხლის გაწმენდის საუკეთესო მეთოდოლოგია.
რაო? ცარცი ან კბილის საწმენდი ფხვნილიო? გაგიჟდა ეს ქალი! ცარცს კიდევ იშოვის კაცი, მაგრამ კბილის გასაწმენდ ფხვნილს ბებიაჩემიც აღარ ხმარობდა! ბარემ ქვიშა შემოეთავაზებინა და თბილისის ზღვაზე გავეგზავნე ეს სახეხ-საგლეჯად მომართული ქალი.
- სოდაც შეიძლება, - თქვა ბოლოს.
აგაშენა ღმერთმა! სოდა მაქვს, ენთუზიაზმი მაქვს, დრო მაქვს... ჯერჯერობით.
მკლავები დავიკაპიწე და შევუდექი. დანა-ჩანგალს ადვილად მოვერიე, მაგრამ მინიატიურულმა ჩაიდანმა ცოტა გამაწვალა. ინკრუსტირებულ ხვეულებში ჩამკვდარ სიშავეს ფრჩხილიც მივახმარე და ისე გავაპრიალე, მადლობის თქმა რომ შეეძლოს, არ დამზარდებოდა. სხვათა შორის, ეს ჩაიდანი დათას გარდაცვლილი ცოლის ნამზითვია და სამართლიანობა მოითხოვს, ჩემმა გერმა, დეამ წაიღოს მზითევში. მაგრამ დეას გათხოვებისთვის არ სცალია, გერმანიაში ეუფლება იურისპრუდენციას და ყველაზე ნაკლებად ფიქრობს ისეთ არქაულ გადმონაშთზე, როგორიც მზითვია.
ის იყო, კონიაკის ჭიქას მივადექი, რომ ტელეფონმა დარეკა. ლალი იყო, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელმაც ბალზაკის ასაკამდე შემონახული ქალწულობა გერმანელ კლაუსს შესწირა და ახლა მასთან ერთად ცხოვრობს ავსტრიაში, ქალაქ ტიროლში.
სიხარულით შევკივლე, იმანაც ბანი მომცა და მაშინვე საქმეზე გადავიდა.
- იათო, თვის ბოლოს ჩამოვდივარ, ლუკა უნდა მოგანათლინო.
ლუკა ლალიკოს და კლაუსის 2 წლის შვილია, მამასავით წითურთმიანი და დედასავით მაყვალთვალება.
- მე?!
- ჰო, შენ. უარის თქმას ხომ არ აპირებ?
- არა, მაგრამ...
- მაგრამ რა?
- დავიჯერო, კარგი ნათლია ვიქნები ავსტრიაში მცხოვრები ბავშვისთვის?
- ჩვენ წელიწადში ერთხელ ჩამოვალთ. არც შენ მოგტყდება ფეხი, რომ ჩამოხვიდე.
ფეხი ნამდვილად არ მომტყდება, მაგრამ ფინანსებს რა ვუყო? ვიდრე დეა გერმანიაში სწავლობს, ტიროლი კი არა, ქობულეთში თუ წავედით ამ ზაფხულს, დიდი შეღავათია. მაგრამ ლალისთან ხომ არ დავიწყებ წუწუნს ეს პედაგოგი ქალი?! ხო, ვინც არ იცის, გერმანულს ვასწავლი კოლეჯში და პარალელურად მუსიე პუაროს ვეზომები.
- ერთი სათხოვარიც მაქვს, - განაგრძო ლალიკომ, - თუ არ დამზარდები, ჩემი ბინა მოაწესრიგე - საბნები გაამზეურე, მტვერი გადაწმინდე, მოკლედ, გაანიავე...
- Es gibt kein problem.
- გაიხარე, დაო იათამზე.
- მოიცა, მოიცა, სანამ გავიხარებ, ერთ კითხვაზე მიპასუხე: შენს ბინაში ნიავთან ერთად შევფრინდე, თუ როგორ მიბრძანებ?
- გასაღები ლიას აქვს.
- აბა, ლია?
- ლია მორჩილაძე, ჩემი მეზობელი, რომელსაც სალონი მივაქირავე. მოკლედ, სალონში მიაკითხე და გასაღები გამოართვი, არ მინდა, ჩემს ბინაში უცხომ იქექოს.
გათხოვებამდე ლალიკო პეკინის ქუჩაზე ცხოვრობდა - მყუდრო ოროთახიან ბინაში ადამთან და ბაბილინასთან ერთად (ქმარი და დედამთილი არ გეგონოთ, ძაღლი და კატაა), იმავე სახლის პირველ სართულზე კი ყვავილების მაღაზია-სალონი ჰქონდა გახსნილი.
დავალების შესრულებას დავპირდი და სოდიან წყალს გავუღიმე. ბავშვობის მეგობრებიდან ლალიკოღა შემრჩა, დანარჩენები სუსიკო რატიანის საბედისწერო ვახშამს შეეწირნენ (იხ. „სისხლიანი ვახშამი“). მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა, ლალიკო კლაუს კოლს გაჰყვა ცოლად და ლუკა გააჩინა. მე დათა მეტრეველს გავყევი, მაგრამ არავინ გამიჩენია. წლების წინ დაუფიქრებლად გაკეთებულმა აბორტმა თუ გამაბერწა - ვატოს ჯიბრზე გაკეთებულმა აბორტმა. დათა (პროფესიით მეან-გინეკოლოგი) მაიმედებს - ისეთი არაფერი გჭირსო. მეც ვცდილობ, დავუჯერო, თუმცა ეჭვი მღრღნის. საქმე გინეკოლოგია არ არის, ეს ამბავი სადღაც ზევით წყდება. ის, რაც სხვისთვის რიგითი მანიპულაციაა, ღმერთმა მე ცოდვად ჩამითვალა და დამსაჯა. ეტყობა, ბოლომდე ვერ გამიმეტა და დათას თავი მაჩუქა კომპენსაციის სახით.
ვერცხლის ჭიქას სოდა მოვაყარე და შევეცადე, სასიამოვნო რამეზე მეფიქრა. მაგალითად, როგორია ლალიკო - გახდა თუ გასუქდა, რამდენად კმაყოფილია პროვინციაში ცხოვრებით, როგორ შეეგუა იქაურ ტრადიციებს, ჩამომიტანს თუ არა დაპირებულ ვარდის მურაბას...
* * *
ლალიკოს მაღაზია-სალონი დაპატარავებული და, ცოტა არ იყოს, გავერანებული მეჩვენა. ალბათ ყვავილების ნაკლებობის გამო, ან თავად ლალიკო აფრქვევდა რაღაც განსაკუთრებულ აურას, რის გამოც კლიენტი არასოდეს მოჰკლებია. ვიტრინაში გამოდგმული იყო ორქიდეა, გერანი, ბეგონია