ფსიქოპათთა თამაშები ახალი წლის დადგომას წუთები აკლდა, როცა ნაძვის ხის გამართვას მოვრჩი. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე - არ მომეწონა. მეორე ნაბიჯიც მივაყოლე - მაინც არ მომეწონა. მესამეზე - ზურგით კედელს მივასკდი და მივხვდი - სულ რომ ჭერზე ავფრინდე და იქიდან დავხედო, არ მომეწონება. არ ვარგა და იმიტომ. ძველია, გადასაგდები, აცაბაცად გაჩაჩხული ტოტები აქვს და მოლაყლაყებული სადგამი.
რა მრჯიდა, რომ ჩამოვათრიე ანტრესოლიდან?! აჯობებდა, ერთი პატარა ჩიჩილაკი მეყიდა, ადგილსაც ნაკლებს დაიკავებდა და ამდენსაც არ მომაცდენდა. ეეჰ, რაც არის, არის! სათამაშოების სიმცირე ვერცხლისფერი წვიმითა და ფერადი ბუშტებით შევავსე. სამწუხაროდ, ვერსად მივაგენი ნაძვის ხის მთავარ ატრიბუტს - კენწეროზე ჩამოსაცმელს, რის გამოც ჩემი შემოქმედების ნაყოფი გიგანტური ზღარბისა და უთავო მხედრის ნაჯვარს დაემსგავსა.
- არა უშავს, არა?! - გასამხნევებლად დათას დავეკითხე.
დათამ თავი დამიკრა ისე, რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია. რა აყურებინებს ამ უნიჭო რიმეიქს? ტიტრებში მაინც მიეთითებინათ გაცინების დრო და ადგილი. ეს ყველაფერი ჩემთვის გავიფიქრე, გულში. წინასაახალწლოდ გემოვნებაზე არ დავობენ. არც უქმე დღეებში, სხვათა შორის.
- სუფრა უკვე გავშალო?
- ველოდებით ვინმეს?
- პირადად მე - არავის.
- შენები არ გამოივლიან?
- ჩვენებთან ხვალ ვართ დაპატიჟებულები. ოფიციალურად, „გამოიარეთ“ ამბავში კი არა.
„ჩემებში“ - ჩემი დის ოჯახი იგულისხმება. აბა, იმან იცის საახალწლოდ თავის გაგიჟება. ყოველ ახალ წელს ხვდება კერძით, წლის ჰოროსკოპის შესაბამისად - ფერებით, დიზაინით, რიტუალის სრული დაცვით. მეც გავაკეთე გემრიელი რამეები. დამრჩა ხაჭაპური. ცომი და ყველი მზად მაქვს, დათას ბრძანებას ველოდები, რომ პირი მოვუკრა და ტაფაზე დავაკრა.
- ნეტავ იცოდე, ხვალ რამდენ ადგილზე ვართ დაპატიჟებულები. ოფიციალურად. - ხაზი გაუსვა დათამ. ვალში არ დამრჩა, ასე ვთქვათ.
- მერე, რას ვაპირებთ?
- გუდაურში მოტეხვას.
- მართლა? - სიხარულით ტაში შემოვკარი.
განა იმიტომ, რომ გამოჩენილი მოთხილამურე ვარ და მთიდან დაშვების სურვილით ღამე არ მძინავს, იმიტომ, რომ საახალწლო სტუმრიანობას ავცდები. აი, რასაც ვერ ვიტან, ჩვენი გაჭიანურებული ქეიფებია, სადაც მოწყენილობისგან ჭამ, ჭამ, ჭამ... კერძი კი შემოდის, შემოდის, არ თავდება...
- მართლა, მართლა, - დამიდასტურა დათამ და მე უკვე მერამდენედ გავიფიქრე - რა ბედნიერებაა, რომ ჩემი ჭკუის ქმარი შემხვდა!
ვინც არ მიცნობს, იათამზე მდივანი ვარ, პროფესიით გერმანული ენის მასწავლებელი, მოწოდებით - დეტექტივი. ამა წლის აგვისტოში მივთხოვდი „ჩემი ჭკუის“ კაცს, დათა მეტრეველს.
თორმეტს აკლდა 20 წუთი, როცა მე და დათა გაშლილ სუფრას მივუსხედით, ათ წუთში კი დათას მობილურმა დარეკა.
„არ გაეპასუხო“, - დისტანციური მესიჯი გავუგზავნე. გული მიგრძნობს, ახალი წლის მოსალოცად არ ურეკავენ ჩემს გინეკოლოგ მეუღლეს.
ჩემი გზავნილი დათამ ან არ, ან ვერ მიიღო. გაეპასუხა.
ასეც ვიცოდი - საავადმყოფოდან ურეკავდნენ. ორსული ქალი სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. თურმე, არაფრად ჩაუგდია ექიმის რეკომენდაცია - პირველი საკეისრო კვეთის შემდეგ ერთი წელი მაინც არ დაორსულებულიყო - და ახლა, როცა მეორე ბავშვის გაჩენამდე სულ რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი, ძველ ნაწიბურზე საშვილოსნო გაიხა. მორიგე ექიმი ვერ იღებდა პასუხისმგებლობას და დახმარებას დათას სთხოვდა.
- გაამზადე საოპერაციოდ, ოც წუთში ვიქნები, - დათამ მობილური შეინახა და დამნაშავესავით გამიღიმა.
მზერა ავარიდე.
- არ გეწყინოს, რა... შენ თუ გგონია, მე მიხარია ვიღაცის საშოსთან წაკუზულს ახალი წლის შეხვედრა, ცდები. - დათამ ხაჭაპურის ნაჭერი დაითრია და უკვე კარიდან მომაძახა, რომ დეასთან დარეკვა არ დამვიწყებოდა.
დათას თვრამეტი წლის ქალიშვილი, ჩემი გერი (რაღაცნაირი სიტყვაა, უჯიგრო) დეა, გერმანიაში ეუფლება იურისპრუდენციას. ცხადია, იგი პირველია მისალოცთა სიაში.
თორმეტ საათზე გარეთ ბათქაბუთქი ატყდა. გაბრაზებულ გულზე ერთი ჭიქა ღვინო გადავკარი და ტელევიზორის წინ, დივანზე მოვკალათდი. ეკრანზე ამაოდ აღებდა პირს ქვეყნის პირველი პირი, სრულიად საქართველო აივნებზე გახვეტილიყო და გამაყრუებელი გრუხუნის თანხლებით ადევნებდა თვალს გაბდღვრიალებულ ცას.
როგორც კი ხმაური მიწყნარდა, მობილური მოვიმარჯვე. მამამისის სახლში არყოფნას დეა წუთიერი დუმილით შეხვდა.
მერე დაასკვნა, რომ არასოდეს გაჰყვებოდა ცოლად მეან-გინეკოლოგს.
პასუხად ამოვიოხრე, თუმცა იქვე გამახსენდა ჩემი პირველი ქმარი, სამხვეულიანი რაგბისტი, რომელსაც ახლოს არ ჩაუვლია მედიცინასთან, მაგრამ ჩემს დათასთან ახლოსაც ვერ მოვა.
- ძალიან გეწყინა? - დეამ ჩემი ოხვრა ლამის მომავალი გაყრის სიგნალად აღიქვა.
- რა სისულელეა?! - ისეთი ენთუზიაზმით შევძახე, თითქოს მთელი წელი