* * *
მსუბუქი ავტომანქანის მუხრუჭების ღრჭიალის ხმამ მოულოდნელად შემაკრთო, --- ჭიშკრის სიახლოვეს უახლესი მოდელის ვერცხლისფერი „მერსედეს-ბენცი“ გაჩერდა. მანქანიდან გადმოსული შავ სათვალიანი მძღოლი ჩვენსკენ უყოყმანოდ გამოეშურა. ბავშვებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და ზურგს უკან ამომეფარნენ. არსებით ვგრძნობდი, შიშისაგან როგორ კანკალებდნენ.
--- ნუ შეგეშინდებათ, საყვარლებო, მე არსად მივდივარ, თქვენთან ვრჩები, --- გავამხნევე ბავშვები.
ჩემდა უნებურად მამაკაცს ყურადრებით დავაკვირდი: 30-35 წლისა იქნებოდა, საშუალოზე მაღალს, მხარბეჭიანსა და ძვალმსხვილს, მართკუთხედის ფორმის აღნაგობა ჰქონდა. შუბლზე ჩამოვარცხნილი, სწორი, მუქი წაბლისფერი თმა და ხშირი წარბები ზღაპრულ დევს ამსგავსებდა. ტანთ შავი ქურთუკი, თეთრი პერანგი და გახეხილი ჯინსები ემოსა, ფეხზე კი თეთრ წინდებზე შავი „სალამანდრები“ შემოეცვა. მარცხენა ხელში მომცრო ზომის შავი ჩანთა, ე.წ. „კეისი“ ეჭირა, მარჯვენა ხელით მობილური ტელეფონი ჩაებღუჯა. მტკიცე, თავისუფალი ნაბიჯით სწრაფად მოდიოდა. ტელეფონმა დარეკა, --- უცნობმა უპასუხა და ორიოდ წამში სათვალე მოიხსნა. სვლა არ შეუნელებია და მკაცრი შავი თვალების გამჭოლ მზერას არ გვაშორებდა.
„ეს „შკაფ-გარდერობი“ დიდად სასიამოვნო სუბიექტი არ ჩანს, ნამდვილად ყოფილი სპორტსმენი კია --- რაგბისტი ან შტანგისტი, --- მოძრაობაზეც ეტყობა. ისე გვიყურებს, უეჭველია, ჩვენთან მოდის. ჩემი კოლეგა ალბათ არ არის, რადგან მანქანა საუწყებო არ უნდა იყოს --- ძალიან ძვირადღირებულია, ასეთი მანქანა ქალაქში ორიოდე თუა. ბავშვების მამაც არ არის --- ეკლესიაში ხომ პირადად ვნახე. ნეტავ ვინ არის და რა შეიძლება უნდოდეს?“ --- საგონებელში ჩავვარდი.
--- გამარჯობა, ქალბატონო ირმა. შეთანხმებისამებრ, ორის ნახევარზე სახლში მოგაკითხეთ. ადგილზე რომ არ დამხვდით, თქვენმა მეუღლემ სავარაუდოდ აქ მოსვლა მირჩია.
სიტყვამ „სავარაუდოდ“ საფუძვლიანად დამაეჭვა: ცხადი იყო, უცნობს ბავშვების დედა ვეგონე, მაგრამ ბავშვების მამას თავისუფლად შეეძლო მეუღლესათვის მობილური ტელეფონით დაერეკა და მისი ზუსტი ადგილსამყოფელი დაედგინა.
--- გამარჯობა, ჩემო ბატონო, უკაცრავად, იცით... --- არ ვიცოდი რა მეპასუხა. დაბნეულობის დასაფარავად და პაუზის შესანარჩუნებლად უაზროდ ვიღიმებოდი, --- შექმნილი ვითარება დროულად უნდა შემეფასებინა.
გამახსენდა ბაღის აღმზრდელის მიერ ბავშვებისათვის ნათქვამი ფრაზა: „დედა მალე მოვა და სახლში წაგიყვანთ“-ო. ამასთან, ლუკა და კატო ხომ დედას ელოდებოდნენ, და რომ არ მოვიდა, --- მის საძებნელად გამოიპარნენ.
„გამოდის, რომ ბავშვების დედა, ქალბატონი ირმა, ბაღში აუცილებლად უნდა მოსულიყო და ბავშვები სახლში წაეყვანა, მაგრამ გაურკვეველ მიზეზთა გამო, არ მოვიდა. ყოველივე ეს ახლადმოვლენილმა უცნობმა მამაკაცმა არ იცის, და როგორც ჩანს, იგი ბავშვების დედას სახეზეც არ იცნობს. კი მაგრამ, უცნობ ადამიანთან ირმა რის თაობაზე და როგორ უნდა „შეთანხმებულიყო“? არა, აქ რაღაც ხდება, უნდა გავარკვიო... მინისტრთან შეხვედრაზე დაგვიანების გამო, ალბათ კაი მაგარ საყვედურს „მომარჭობენ“, მაგრამ რა ვქნა, ბავშვებს ალალ ბედზე ხომ ვერ მივატოვებ?!“ --- ვფიქრობდი და სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი.
--- აი, იმ მანქანის უკანა სავარძელში ბავშვებთან ერთად დაბრძანდით, ძალიან გვაგვიანდება, გველოდებიან. ალბათ, ბატონი ალეკოც მოუთმენლად გელოდებათ, --- უცნობმა მამაკაცმა საყვედურშეპარული მბრძანებლური ტონით მომმართა და გალაპლაპებული „მერსედეს-ბენცი“-საკენ მიმითითა.
„ალეკო კატოსა და ლუკას მამა იქნება. ეტყობა ეს ტიპი ბავშვების მშობლებს საერთოდ არ იცნობს, --- „ალბათ გელოდებათ“-ო... წეღანაც მოიტყუა, --- „მოსვლა მირჩია“-ო... აბა, ამ მამაცხონებულს, ბავშვები ვისთან და სად მიჰყავს? ეს გატაცების მცდელობაა, თუ რა ჯანდაბა ხდება?“ --- საკუთარ თავს კითხვებზე ვერ ვპასუხობდი.
--- დიდი მადლობა, ჩემო ბატონო. უკაცრავად, როგორ მოგმართოთ? --- ვკითხე ბატონ „შკაფ-გარდერობს“. ნამდვილ სახელსა და გვარს რომ არ ჩამიკენჭავდა, მშვენივრად ვიცოდი, მაგრამ მის შესახებ რაღაც ხომ უნდა მცოდნოდა!
--- „მისტერ იქსი“, თქვენი მონა-მორჩილი, --- დამცინავი ღიმილით მიპასუხა უცნობმა. გავბრაზდი, თავხედობას ნამდვილად არ ველოდი.
--- ეგ რომელი, ოპერეტის იდუმალებით მოსილი გმირის ორეული, თუ სხვა ღირშესანიშნავი პერსონა --- გალანტურობისა და ელეგანტურობის ნიმუში? --- არ შევარჩინე, ბოლო სამი სიტყვა განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოვთქვი. „მისტერ იქსს“ გაეცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. წინ წარგვიძღვა, მანქანასთან მივიდა, უკანა კარი გამოაღო და თავაზიანი ჟესტით ჩასასხდომად მიგვიწვია.
მანქანას რამდენიმე მეტრი გვაშორებდა, მაგრამ მის სანომრე ნიშნებს ვერ ვხედავდი. „ეს კაცი პროფესიონალია, მანქანა ოსტატურად, გვერდულად დაუყენებია. სპეციალურად ხომ არა --- სანომრე ნიშნები რომ არ დამენახა?“ --- უკვე ყველაფერი მაეჭვებდა. ცხადია, ნომრები აუცილებლად უნდა დამემახსოვრებინა, მაგრამ „მისტერ იქსისაგან“ შეუმჩნევლად მანქანას ვერ შემოუვლიდი, მიზეზს აუცილებლად მიხვდებოდა.
მეშინოდა, ლუკასა და კატოს უცნობთან არ წამოსცდენოდათ, რომ მათი დედა არ ვიყავი. ბავშვები ხომ საოცრად უშუალონი და გულწრფელნი არიან, შინაგანად გრძნობენ სიყალბეს და შესანიშნავად აცნობიერებენ უფოსი ადამინების მათდამი განწყობას. ვიმედოვნებდი, ბავშვები ჩემში დამცველსა და მფარველს შეიცნობდნენ და მომენდობოდნენ.
ბავშვები კვლავ ხელჩაჭიდებულები იდგნენ და ადგილიდან არ იძვროდნენ. „მისტერ იქსს“ სახე მოეღრუბლა და გაღიზიანებულმა კბილებში გამოსცრა:
--- ძალიან, ძალიან ვაგვიანებთ!
--- ლუკა, კატო, აბა სწრაფად, მანქანაში ერთად ჩავსხდეთ, ხომ გაიგონეთ, მამიკოსთან მივდივართ! --- რაც შემეძლო თბილად და დაყვავებით მივმართე ბავშვებს.
გულში ვფიქრობდი: „თუ მართლა კრიმინალებთან მაქვს საქმე, შევძლებ კი ბავშვების უსაფრთხოების დაცვას?“. ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ იარაღი თან არ მქონდა.
კატო და ლუკა უსიტყვოდ დამმორჩილდნენ და მანქანისაკენ უხალისოდ წაჩანჩალდნენ, --- საბრალო პატარებს სხვა არჩევანი არც ჰქონდათ. „მისტერ იქსი“ ჭიშკრიდან დაახლოებით 10 მეტრში, ავტომანქანის უკანა კარებთან იდგა და ჩვენს ჩასხდომას ელოდა. მოულოდნელად გონება გამინათდა და ლუკას ჩურჩულით ვუთხარი: „გაიქეცი, მანქანას წინიდან შემოურბინე და ისე მიდი ბიძიასთან!“ ლუკა გაიქცა. კატო ვერ მიხვდა რა ხდებოდა და თვითონაც ლუკას სირბილით გაჰყვა.
--- ფრთხილად, ბავშვებო! --- ხმამაღლა შევძახე და მეც ორივეს უკან დავედევნე.
ქალაქის ქუჩებში ლაღად და თავისუფლად მოსეირნე ვერცხლისფერი, უახლესი მოდელის, გამომწვევად პრიალ-კრიალა “მერსედეს-ბენცის“ სანომრე ნიშნების დადგენის მიზნით, ბავშვებთან ერთად მანქანას თავქუდმოგლეჯილმა წივილ-კივილით მეც შემოვურბინე. „დაზვერვამ“ წარმატებით ჩაიარა --- ნომერს შევხედე და მგონი, სამუდამოდ დავიმახსოვრე: GCE -121!!!
* * *