ბოჰემიაში მომხდარი აურზაური-I
ჰოლმსისთვის ის მუდამ ჭეშმარიტი ქალი იყო. არ მახსოვს, იგი სხვა რამ სახელით ეხსენებინოს. მისი აზრით, აირენ ადლერი მთელ საქალეთში ყველას ჩრდილავდა და ყველაზე მაღლა იდგა. უყვარდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყველა გრძნობა და მათ შორის, სიყვარული, ჰოლმსის დარბაისლურ, ზუსტ აზროვნებასა და ცივ გონებას ახლოსაც არ ეკარებოდა. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჰოლმსი გახლდათ ყველაზე ყურადღებიანი, დაკვირვებული და ჭკუადამჯდარი მანქანა, რომელიც კი ოდესმე ამქვეყნად შექმნილა. შეყვარებული ჰოლმსი მე ვერ წარმომიდგენია და ალბათ, ამ როლში იგი ძალიან ყალბი იქნებოდა. იგი უნაზესსა და სათუთ გრძნობებზე მხოლოდ დაცინვითა და მასხრობით ლაპარაკობდა. მისი აზრით, ასეთი გრძნობები წარმოადგენდა მხოლოდ შორიდან დამკვირვებელთა შესწავლის საგანს, რომელიც ადამიანთა მოქმედების უჩინარ ხლართებს ჩამოაცილებდა იდუმალ საფარველს და ნათელს მოჰფენდა ამ მოქმედებათა აღმძვრელ მოტივებს. მაგრამ თუ გამოცდილი და ჭკუადამჯდარი ადამიანი ამ გრძნობებს საკუთარ სულში დაბუდების საშუალებას მისცემდა, ამით ნებაყოფლობით გაუხსნიდა გზას დამანგრეველ ძალებს თავის აღუშფოთველ გონებრივ სამყაროში. სხეულში შეჭრილი ასეთი გრძნობა უფრო დამანგრეველი ძალისაა, ვიდრე მგრძნობიარე ინსტრუმენტში მოხვედრილი ქვიშა, ან უზარმაზარ სარკეზე გაჩენილი ბზარი. მიუხედავად ამისა, არსებობდა ერთადერთი ქალი და ისიც მეტად საეჭვო ყოფაქცევისა – აწ გარდაცვლილი, აირენ ადლერი, რომლისადმი შენამსჭვალებიც აღმოჩნდა ჩემი კეთილი მეგობარი.
ჰოლმსს ბოლო დროს იშვიათად ვხვდებოდი ხოლმე. ჩემმა ქორწინებამ ერთმანეთს დაგვაშორა. პირადმა ბედნიერებამ, აგრეთვე იმ ინტერესებმა, რომელიც კაცის დაოჯახებისთანავე იჩენს თავს და მისი ბატონ-პატრონი შეიქმნება, ერთბაშად შთანთქა მთელი ჩემი ყურადღება. ბოჰემურ ცხოვრებას ჩვეული ჰოლმსი საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველი ფორმის მოძულე გახლდათ და ასეთადვე დარჩა. ძველ წიგნებში ჩაფლული ჩემი მეგობარი ისევ ბეიკერ-სტრიტზე ცხოვრობდა. კვირიდან კვირამდე კოკაინის ცთუნებას აყოლილი, პატივმოყვარეობის შემოტევას ნარკოტიკული საშუალებებით იგერიებდა და თავის არაადამიანურ, უხვ ენერგიასა და ძლიერ ბუნებას ალკოჰოლით იჩლუნგებდა. იგი უწინდებურად საგამომძიებლო საქმეებით იყო გატაცებული. თავის უდიდეს ძალასა და არაჩვეულებრივ დაკვირვების უნარს ისევ იმ დახლართული, აწეწილ-დაწეწილი და ბნელით მოცული საქმეების გახსნასა და სააშკარაოზე გამოტანას ახმარდა, ოფიციალური პოლიციის მიერ უიმედო „მკვდარ საქმეებად“ რომ იყო მიჩნეული. დროდადრო ჩემამდე აღწევდა მონაჭორი თუ მართალი ამბები მის საქმიანობაზე. მითხრეს, ვინმე ტრეპოვის მკვლელობის საქმეზე ჰოლმსი ოდესაში მიიწვიესო; მანვე მოჰფინა ნათელი ტრინკომალელი ძმების – ატკინსონების საქმეს; დაბოლოს, გავიგე ჰოლანდიის სამეფო კარზე მომხდარი ამბავი, რომელიც ჰოლმსმა დიდი გულმოდგინებითა და საქმის ცოდნით გამოიკვლია. გარდა ყოველდღიურ პრესაში გამოქვეყნებული ცნობებისა, ძალიან ცოტა რამ ვიცოდი ჩემი ყოფილი მეგობრისა და კომპანიონის ცხოვრებისეულ წვრილმანებზე.
1888 წლის ოც მარტს ერთი ავადმყოფი მოვინახულე და უკან ვბრუნდებოდი. ამ დროს, უეცრად შევნიშნე, რომ გზად ბეიკერ-სტრიტზე უნდა გამევლო. თვალი მოვკარი თუ არა კარგად ნაცნობ კარს, წამსვე გამახსენდა ჩემი დაქორწინებისა და „ალისფერი კვალის“ შავბნელი ამბავი, თანაც დაუძლეველი სურვილი დამეუფლა, მენახა ჩემი მეგობარი და გამეგო, იმჟამად რა თავსატეხი ამოცანის გადაწყვეტაზე მუშაობდა. მისი გაჩახჩახებული სამუშაო ოთახიდან სინათლე უხვად იღვრებოდა და მე ორჯერ მოვკარი თვალი ფანჯარაში ჩემი მეგობრის მაღალ, გამხდარ სილუეტს. მხრებში თავჩარგულ ჰოლმსს ხელები უკან შემოეწყო და გამალებული ბოლთას სცემდა. მე, რომელმაც კარგად ვიცოდი მისი ჩვევები და ხასიათის თავისებურებანი, მაშინვე მივხვდი, რომ იგი იმწამს რაღაც დახლართული საქმის კვანძის გამოხსნაზე ფიქრობდა. ახალმა ამოცანამ, ეტყობა, აიძულა, გამაბრუებელი საშუალებებისთვის თავი მიენებებინა და ბუნებით ფხიზელი გონება ვინმეს სასიკეთოდ აემუშავებინა. ზარი დავრეკე და შემიშვეს იმ ოთახში, რომელიც ოდესღაც, ნაწილობრივ, ჩემიც გახლდათ.
ჰოლმსი ხმამაღალი შეძახილებითა და სიხარულის ცრემლთა ფრქვევით არ შემომგებებია. ამდაგვარ რამეს იგი ძალიან იშვიათად სჩადიოდა, მაგრამ აშკარად შევნიშნე, რომ ჩემმა დანახვამ გაახარა. კეთილი მზერით უსიტყვოდ მანიშნა, სავარძელში მოიკალათეო, სიგარების ყუთი ჩემს სიახლოვეს მოაჩოჩა და ღვინო შემომთავაზა. მერე ცეცხლის წინ დადგა და თავისი მახვილი მზერა მომაპყრო.
– ცოლის შერთვა მოგხდენიათ, უოტსონ. – მითხრა ჰოლმსმა, – მგონი, ქორწინების მერე ერთი შვიდ-ნახევარი გირვანქა მაინც მოგიმატებიათ წონაში.
– შვიდი გირვანქა და არც ერთი მისხალი მეტი, – ვუპასუხე.
– მართლა? მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ შვიდ გირვანქაზე მეტი უნდა გქონდეთ მომატებული, უოტსონ. როგორც ვხედავ, პრაქტიკისთვისაც კვლავ მოგიკიდიათ ხელი. თქვენ ჩემთვის არ გითქვამთ, რომ ასეთ დაძაბულ შრომაში აპირებდით ჩაბმას.
– საიდან გაქვთ ასეთი ინფორმაცია?
– რასაც ვხედავ, დასკვნები იქიდან გამომაქვს. აბა, საიდან უნდა ვიცოდე, რომ თქვენ ამას წინათ დასველდით, რომ ძალიან უდარდელი და ჭრიჭინობელასავით უზრუნველი მსახური გოგო გყავთ?
– ეს კი მეტისმეტია, ძვირფასო ჰოლმს. თქვენ რომ რამდენიმე საუკუნის წინათ გეცხოვრათ,