ტფილისის ვაგზლის მოჩვენება, დოლბანდიანი ურჩხული და ნამდვილი ბართლომეს ღამე ვარფალამეიჩთან რუსეთის იმპერიის პოლიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთის აგენტურის პარიზის ბიუროს უფროსის თანაშემწე გახლავართ. ბევრი რამ მინახავს და გადამხდომია, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი დამთრგუნველი იქნებოდა საკუთარ აჩრდილთან მოულოდნელი შეხვედრა. რატომღაც მგონია, რომ ეს ყველაფერი ალკოჰოლური მოწამვლის ფონზე განვითარებული ილუზია იყო, მაგრამ 1909 წლის 25 აგვისტოს დილით ელიზავეტპოლიდან ტფილისის ვაგზალზე ჩამომდგარი მატარებლის კუპის ფანჯრის ფარდა მაინც შემცბარმა გადავწიე და მზერა დარბაზში შესასვლელი ცენტრალური კარისკენ გამექცა. დღეს იქ ნამდვილად არ იდგა: მეტრი და ოთხმოცი სანტიმეტრი სიმაღლის, სქელწარბა, ყავისფერთვალება, ოდნავდიდცხვირა, ულვაშა, თხისწვერა, კუბოკრულშარვლიანი, თეთრპერანგიანი, რუხჟილეტიანი, შავფეხსაცმელებიანი, შუბლზე ჩალისქუდჩამოფხატული _ ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა კაცი, ჩემი ალი-კვალი ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვა: ორეული. თუმცა ამან შვება ვერ მომგვარა. პირიქით, იმ გარემოს ხელმეორედ ნახვამ, სადაც მოჩვენება გამომეცხადა, ახალი მოგონებები აღმიძრა და გამიმძაფრდა იმის შეგრძნება, რომ გუშინ დილით, როდესაც ტფილისის ვაგზალს, პირველად ბათუმიდან, მოვადექი, იმავე შესასვლელში კარის ჩარჩოს მართლა იყო მიყუდებული და ეშმაკურად მიღიმოდა ჩემივე თავი.
არადა, მოგზაურობა თავიდან კარგად დაიწყო. პარიზიდან, ბუქარესტის გავლით, კონსტანტინოპოლამდე მშვიდად ვიმგზავრე. აი იქ, ოტომანთა იმპერიის იმ საოცარ ქალაქში კი, ყველაფერი აირ-დაირია. საზღვაო პორტში ბათუმისკენ მიმავალი გემის ბილეთს დავხედე თუ არა, ადგილობრივი ველური შეუსაბამობა მომხვდა თვალში. ჯერ ეწერა 1327, ხოლო ფრჩხილებში ჩაესვათ 1909 წელი.
_ უკაცრავად, ხომ ვერ ამიხსნით, ეს გაუგებარი, უცნაური ციფრი 1327, რას ნიშნავს? _ დამცინავად მივმართე ევროპულ კოსტიუმში გამოწკეპილ და ოსმალური დოლბანდით თავდახურულ სანაოსნოს მოხელეს, რომელსაც წვერ-ულვაში სახეს მთლიანად უფარავდა.
_ ისლამური ჰიჯრას კალენდრის მიხედვით, დროის ათვლა 622 წლის 2 სექტემბრიდან, მუჰამედის და მისი მიმდევრების მექადან მედინაში გადასახლებით, იწყება.
_ თუ თქვენ მართლა ასე გგონიათ, მაინც გაუგებარია, რა შუაშია აქ 1327? 1909 გამოვაკლოთ 622, მივიღებთ _ 1287. ანუ, თქვენი განმარტების მიხედვით, ოსმალეთში ახლა 1327 კი არა, არამედ 1287 წელი უნდა იყოს, _ დარწმუნებული ვიყავი, რომ თურქი დავაბნიე, მაგრამ იგი მაგრად დამხვდა, აზიელებისთვის დამახასიათებელი ფლიდობით ჯერ თვალებში შემომცინა და შემდეგ მკვახედ მომახალა:
_ რუსები ზედმეტად თავდაჯერებული ხალხი ხართ, ქედმაღლები, ამპარტავნები, კუდაბზიკები და ამ თვისებებით ცდილობთ, თქვენი უმეცრება მიჩქმალოთ. ცოტა ტვინი გაანძრიე და ადვილად მიხვდები, რომ ახლა სწორედ 1327 წელია და არა 1287!
_ ტვინი შენ თვითონ გაანძრიე, თუ, რა თქმა უნდა, აქ თავმოყრილი ზღვების ქარებმა მთლად არ გამოგიშრო და არ გაგიხმო, _ უზრდელობაზე უზრდელობითვე ვუპასუხე.
რუსის ხსენებაზე მივხვდი, რომ ამ თურქს კარგად მოქცევის წესები ჩემი პასპორტის ორთავიანმა არწივმა დაავიწყა. გამახსენდა, ერთხელ ვენაში კომივოიაჟორის როლში შევხვდი ოსმალეთის საიდუმლო პოლიციის აგენტს, რომელიც ნეგოციანელ ვაჭრად ასაღებდა თავს. მაშინაც ბევრი შნაპსი დავლიე. სიტყვამ მოიტანა და, ამერიკის შეერთებულ შტატებზე ჩამოვარდა საუბარი.
_ იქ მცხოვრები ადამიანები ბედნიერები და თავისუფლები არიან, ძალიან მაგარი ადგილია, უკეთესს ვერ ინატრებ, თანაც ისეთი ტემპით ვითარდება, რომ სულ მალე შეიძლება მსოფლიოს ახალი ცენტრი გახდეს, _ მიმტკიცებდა თურქი.
_ ეჰ, ჩემო ძვირფასო, _ ვუპასუხე კოლეგას, _ რუსებს გვაქვს ძალიან საინტერესო გამოთქმა: ყველაფერი კარგადაა იქ, სადაც ჩვენ არა ვართ!
ისმაილ-აღა წამით დაფიქრდა, მერე თვალებში სევდა ჩაუდგა. მივხვდი, ნათქვამი ვერ გაიგო, მაგრამ საბოლოოდ იხტიბარი არ გაიტეხა და უცნაურად მიპასუხა:
_ უნდა დაგეთანხმოთ, ნამდვილად შესანიშნავი გამოთქმაა. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, სადაც რუსები არა ხართ, იქ ყველაფერი კარგადაა.
მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, არ უყვართ ოსმალოებს ჩვენი ძმა. არ უყვართ და ნუ უყვართ! ერთი კი ფაქტია, თავისი იმპერიის მშენებლობაში რატომღაც ევროპელების გამოცდილებას არ ენდობიან და გაფართოებას რუსული მოდელით ცდილობენ. თუმცა ჩვენი გზა რომ უფრო სწორი გამოდგა, ამის მიხვედრას დიდი ჭკუა მაინცადამაინც არ ჭირდება. პორტუგალიამ, ესპანეთმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, გერმანიამ, იტალიამ, დანიამ იმპერიებად ქცევა შორეული ტერიტორიების დაპყრობით სცადეს. ამ გზამ მხოლოდ დროებით გაამართლა. კოლონიები თანდათან ცივილიზებულნი გახდნენ და ერთიმეორის მიყოლებით დაიწყეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. განა რა სამხედრო ძალის გამოყვანა შეეძლო ციცქნა პორტუგალიას, მასზე ბევრად დიდი ტერიტორიების შესანარჩუნებლად? სად პირინეის ნახევარკუნძული და სად სამხრეთ ამერიკა ან აფრიკა? საბოლოოდ, პორტუგალიას იმპერიობანას თამაშიღა გამოუვიდა. მისივე ბედი ეწევათ სხვებსაც. რუსები კი თანმიმდევრულად, აუჩქარებლად ვფართოვდებით უახლოესი მეზობლების ხარჯზე. ამ მხრივ თურქებმა ჩვენ მოგვბაძეს, მაგრამ მიმბაძველი მაინც მიმბაძველია; მხოლოდ ზედაპირულ, გარეგნულ თვისებებს ხედავს და იმეორებს. ოტომანთა იმპერია რუსული “ დერჟავას ” დედააზრს ვერ