სისხლიანი ვახშამი როგორც იქნა, მოვიდა ნანატრი ზაფხული, მაგრამ ქუჩაში ისეთი პაპანაქებაა, თავი გოგირდის აბანოში მგონია. ერთი სული მაქვს, შინამდე მივაღწიო, ტერფებს მიხორცებული ფეხსაცმელები მოვისროლო, ტანსაცმელი შემოვიძარცო, ტახტზე დავეხეთქო და ვიოცნებო... ზამთარზე.
არ დამცალდა. ტელეფონის ზარმა კარის გაღებისთანავე მომისწრო. რეკავდა სუსიკო რატიანი, ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი.
- წყნეთში გეპატიჟები ვახშამზე, - მახარა.
- ვინ იქნებიან? - დავინტერესდი.
- უელსის პრინცი მეუღლითურთ, ელტონ ჯონი პარტნიორითურთ...
- არა, მართლა!
- ძველი სასტავი. წკრიალა, მე, შენ, ლალიკო, ჭუტალა, სოფო, თაზოს ძმაკაცი ცოლით, თავად თაზო... მმმ... ირას დავუძახო?
- ეგ საკითხი წკრიალას შეუთანხმე, რაც არ უნდა იყოს, კანონიერი ქმარია. მისმინე, სუსი, „სმა-ჭამა დიდად შესარგი“ იქნება?
- არა, „სისხლიანი მერი“.
- სისხლიანი - ვინ?
- მერი, მერი... „შენ ჯვარს იწერდი, იმ ღამეს, მერი“.. კოქტეილია, გოიმო! ამერიკელები ტონობით სვამენ, გაუსკდათ მუცლები!
სუსიკო აცრილია ამერიკელებზე, რომლებმაც ერთი საცოდავი „გრინ ქარდი“ ვერ გაიმეტეს მისი ჭკუით დატენილი ქმრისთვის. არადა, რა ენთუზიაზმით გაემგზავრნენ ამ რამდენიმე წლის წინ, მთელი სამეგობრო გვაღრიალეს აეროპორტში. სუსიკო აქეთ გვამშვიდებდა: ნუ გეშინიათ, გოგოებო, შმოტკებს გამოგიგზავნით, ვიზებს გამოგიგზავნით, ფოტოებს ხომ - თავისთავად ცხადია. „სისხლიანი მერის“ რეცეპტის ჩამოსატანად ნამდვილად არ ღირდა ოკეანის გადაღმა გაფრენა.
- რას გაყუჩდი? - მაფხიზლებს სუსიკო.
- ცხელა.
- ჰოდა, გასაგრილებლად გეპატიჟები. თუ გინდა, შაბათამდე დარჩი ჩემთან, ვიჭორაოთ. ჭორები ვიცი, ცოცხალი ვერ გადარჩები.
- მართლა? - გამოვცოცხლდი მე, - მაინც?
- ტელეფონში სალაპარაკო არაა, - ცხვირში დუდუნებს სუსიკო.
ნათლად წარმოვიდგინე მისი დავიწროებული ტუჩები და აცქვეტილი ნესტოები. საერთოდ, სუსიკოს უყვარს გაბუქება - ბუზისგან სპილოს გამოიყვანს და ისე მოგართმევს ლანგრით. ვინაიდან მის გაფორმებულ ჭორში დევს გულწრფელი განცდები და უსაზღვრო ფანტაზია, პირდაღებულები ვუსმენთ ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, თავად ჭორის შინაარსი არ არის არსებითი, არამედ ემოცია, რომლითაც იმუხტება მსმენელიც და მთხრობელიც.
- რომელ საათზე?
- შვიდზე აქ ერჭვე.
- ვნახოთ.
- რას ჰქვია ვნახოთ! - ხმას უწევს სუსიკო, - რამეს ხომ არ მიმალავ, ბზიკოოო... მოიხედე აქეთ. პაემანზე მიძვრები? შენ თუ კიდევ მორიგი ქმარი გამოთხარე, ორდენს გადმოგცემ მამაკაცების დაბოლებაში შეტანილი წვლილისთვის!
- დავუშვათ, ამოვთხარე, მერე შენ რა?
- მიმასწავლე ის უძირო ორმო, სადაც პოტენციური ქმრები ბუდობენ!
- ეხ, კაცების მეტი რა არის, ვედრო ორ ლარად.
- ორლარიანი ჩემიც მეყოფა.
- რაღას ჩამოეკიდე ავგოროზივით?
- მაშინ ორმილიონიანი მეგონა.
- არცა გრცხვენია!
ჩემგან განსხვავებით, სუსიკოს გაუმართლა. თაზო პრაქტიკულად იდეალური მამაკაცია. ის, რომ ამერიკაში ფეხი ვერ მოიკიდეს, სუსიკოს ბრალია, ეს მან აიტეხა ემიგრაციაში წასვლა, ეგონა, აეროპორტშივე დაახევდნენ კალთებს. როგორც აღმოჩნდა, თაზოსნაირი პროგრამისტები ამერიკაში მართლაც ვედრო ორ ლარად ყრია, სუსიკოსთანა მეოცნებე ნიამორები კი ყოველი მეორეა.
- მრცხვენია, - სწრაფად მეთანხმება სუსიკო და მისთვის საინტერესო თემას უბრუნდება, - ჯანდაბას შენი თავი, შეგიძლია ისიც ამოიყოლო. შევხედავ მაინც, რითი ჯობია წინამორბედებს.
- არავინ მყავს, ადამიანო, რა დროის ქმარია ამ სიცხეში?!
- სიცივეში მოსულა? ჰმ, მომინდომა აქ სეზონური ქმარი!
- კარგი, შვიდზე შენთან ვარ! - ვყვირი და ყურმილს ვახეთქებ.
სუსიკო მომენტს არ უშვებს ხელიდან, ქმრების რაოდენობა არ შემახსენოს. არადა, სულ ორი მყავდა. პირველი - არც არის სათვალავში ჩასაგდები. ჩვიდმეტი წლისა გავთხოვდი. ცოლად გავყევი ოცდაერთი წლის მუტრუკს, ბატიბუტა ბიცეპსებითა და ტვინში სამი ხვეულით. მკითხავთ - თუ იმთავითვე იცოდი ხვეულების რაოდენობა, რაღას თხოვდებოდი, დალოცვილოო? გიპასუხებთ: იმ მომენტისთვის მხოლოდ წელს ქვევითა ხვეულებს ვხედავდი, გრძნობად-ენერგეტიკულმა ჰორმონებმა თუ დამაბრმავა! თანაც, ის ხვეულები ისე ლამაზად იყო შეფუთული, მე კი არა, გამოცდილი მანდილოსანი შეცდებოდა. როცა დალევდა ხოლმე, იმ სამ ხვეულსაც ალკოჰოლი ისრუტავდა და ჩემზე მოიწევდა ამოყირავებულ პირამიდად. მოკლედ, ტიპური მოძალადე იყო.
ერთ წელიწადში დავიშალეთ. მეორედ ოცდახუთი წლისა გავთხოვდი. რატომ დავიშალეთ, ვერ მოგიყვებით, დღესაც მტკივა და იმიტომ.
ამასობაში, წარდგენა დამავიწყდა. იათამზე მდივანი გახლავარ. პროფესიით გერმანული ენის მასწავლებელი, მოწოდებით ჩახლართული ამბების მოყვარული და მკვლევარი. ძირძველი ქართული სახელით მშობლებმა დამაჯილდოვეს, რომ გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ მათი პატრიოტული სულისკვეთებით, ტყუილი იქნება. იათამზეს მხოლოდ მამაჩემი და კლასის დამრიგებელი მეძახდნენ. დღეს არც ერთია ცოცხალი, არც მეორე. მე კი ხან იამზე ვარ, ხან ია,