შავარშიაშემოვლებული წითელი დროშები და შოტლანდიური სეტერი მაგდამ ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი, ასევე უჩუმრად ჩაიარა კიბე, სადარბაზოს კარი ჯაჯგურით გამოაღო და ქუჩაში გააბიჯა. თეატრალურ ჩიხში არავინ ჩანდა. აივნებზე გამოფენილი შავარშიაშემოვლებული წითელი დროშები კიდევ უფრო ამძიმებდა ისედაც მოჟამულ გარემოს.
ორი წელიც და სამოცის გახდებოდა. ასაკს არ იმჩნევდა. მართალია, ჭაღარა თმას არ იღებავდა, დედისგან მემკვიდრეობით მიღებულ ლამაზ სახეზე ნაოჭები ემჩნეოდა, მაგრამ კოხტა ლურჯი შიფონის გრძელი ქვედაბოლო, ცისფერდათეთრზოლებიანი მაისური, რომელიც თეთრი ბატისტის კოფთის ქვეშ ეცვა, თეთრბაფთიანი კოპწია ჩალის ქუდი და საკმაოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ელეგანტურობის ელფერს უნარჩუნებდა.
დაღმართს დაუყვა. უკვე მარცხნივ საპიორნაიაზე უნდა ჩაეხვია, როდესაც კუთხიდან მოულოდნელად გადმოხტა უცნაური არსება; შარვლის მარჯვენა ტოტი მწვანე, ხოლო მარცხენა ყვითელი ნაჭრისგან ჰქონდა შეკერილი; პერანგის სახელო პირიქით: მარჯვენა _ ყვითელი და მარცხენა მწვანე იყო; თავზე ეხურა უზარმაზარი ვარდისფერი ქუდი, რომელზედაც ფარშევანგის ბუმბული მიემაგრებინა; ცხვირს საკმაოდ მოზრდილი წითელი ბურთულა უმშვენებდა. სრულ სიჩუმეში მეხის გავარდნასავით გაისმა:
- ოჰ, მაპატიე, მიწად ქმნილო, სისხლში მოსვრილო,
რომ მე ამ ყასბებს ასე რბილად, ტკბილად ვექცევი!
შენ ხარ ნანგრევი იმ კაცისა, რომელსაც ტოლი
დასაბამიდან არ ჰყოლია მთელ ქვეყანაზე!. .
ელდისგან ადგილზე გაქვავდა, მაგრამ იცნო თუ არა, შიშმა მაშინვე გაუარა. მის წინ იდგა გარეთუბნის იდიოტი სიმონიკა, რომელსაც დედის მუცლიდან უცნაური ნიჭი დაჰყვა: სპექტაკლებიდან ზედმიწევნით ზუსტად იმახსოვრებდა ამა თუ იმ გმირის ტექსტის ორიოდე ნაწყვეტს და მთელი დღეების განმავლობაში იმეორებდა ხოლმე. საწყალი რობინჰუდა გაახსენდა, ოპერის თეატრის კარისკაცი. მასაც ჰქონდა გარკვეული ნიჭი. იგი, გონებასისუსტის მიუხედავად, შაშს ისე კარგად თამაშობდა, რომ მთელ ქალაქში ცოტა ვინმე თუ გაუწევდა წინააღმდეგობას. საცოდავი რობინჰუდა სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. არც სიმონიკას უწერია დიდი დღე. სამწუხაროდ, იდიოტები დიდხანს არ ცოცხლობენ, მხოლოდ არაიდიოტების იდიოტიზმია მარადიული.
- გაგიმარჯოს, ჩემო მშვენიერო. რა კარგი ბიჭი იქნებოდი, ასე ხმამაღლა და მოულოდნელად რომ არ აფრთხობდე ხალხს? - მაგრამ სიმონიკა შექსპირის პიესა “ იულიუს კეისარის ” ერთ-ერთი პერსონაჟის როლიდან გამოსვლას არ აპირებდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაჰკიოდა:
ვაი იმათ ხელთ, ვინც დაღვარა ეს წმინდა სისხლი!
წინასწარმეტყველად გარდვიქცევი შენ ჭრილობათ წინ,
რომელთ ალისფრად შეღებილი მუნჯი ტუჩები
თითქოს ხმას მთხოვენ, მთხოვენ ენას და მეტყველებას!
კაცთა ნათესავს დაატყდება თავს საწყევარი
და იტალიას მუსრს გაავლებს თავით ბოლომდე
მედგარი შფოთი შინაური, ძმათა მტერობა;
ჩვენ, შევეჩვიეთ სისხლს და ხოცვას,
ისე რომ თითონ დედებიც კი არ შეკრთებიან,
რო დაინახვენ მათთა ნაშობთ ოთხად გაპობილთ!
- ყოჩაღ, ნამდვილი ტრიუმვირი მარკოს ანტონიოსი ხარ, ოღონდ არლეკინის კოსტიუმში. - მაგდას გულს ძალიან ცუდად მოხვდა: რო დაინახვენ მათთა ნაშობთ ოთხად გაპობილთ _ მაგრამ ყურადღების ღირსი არ გახადა. ცრუ რწმენისგან თავისუფალი იყო და თანაც სულით ავადმყოფის ნათქვამს რა მაგიური ან წინასწარმეტყველური ძალა უნდა ჰქონოდა?!
ჩვეულებრივი ზაფხულის დილა თენდებოდა. ცა მოწმენდილი იყო, მზე ჯერ არ ჩანდა, მაგრამ ნათელს უკვე დღის შუქი ეთქმოდა. ზუსტად ასეთივე ალიონი წინათ იგივე ქალაქს მხიარულ და ლაღ ფერებში ახვევდა, სრულფასოვანი სიცოცხლის არომატით ავსებდა, ირგვლივ ყოველივეს იმედის ძალით კვებავდა, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა.
ნაცრისფერი დილა, უკვე რამდენიმე წელიწადია, აქ არავის უკვირს. ორთაჭალის ბაღებიდან დაბრუნებული მოქეიფეების ღიღინს თან მოყოლილი მხიარულება, დიდი ხანია, ტკბილად არ აღვიძებს ღამის მუხამბაზის სიმღერის ჰანგების გარეშე ჩაძინებულ მოქალაქეებს. აღარც მეთევზეების, მემწვანილეების და მემაწვნეების ხმები ისმის მაამებლად. მტკვარზე ტივით მოსეირნე ყარაჩოხელების დილის საარი კი მოსაგონრადაც არავის ახსოვს. რომანტიკული ნისლით კარგად შეფუთული ლეგენდა წარსულში მხიარული ქალაქური ცხოვრების შესახებ უფრო შორეულ ბავშვობაში მოსმენილ ზღაპარს ჰგავს. ახლა აქაურობას წითელი ურჩხული დაჰპატრონებია და დაბეჩავებული ხალხისგან დროდადრო, თითქოს თავისი დროშის ფერის შესანარჩუნებლად, სისხლს ითხოვს, რომლის დაუოკებელი წყურვილი დღითი დღე უმძაფრდება.
დედამიწის ამ ნაწილისთვის წყეულ წლებში გამორჩეული 1937 მძვინვარებდა.
მზე ყოველ დილით ამოდის აღმოსავლეთიდან და ყოველ საღამოს ჩადის დასავლეთში. დედამიწის მანათობლის ამგვარი აღქმა უხსოვარ დროში იღებს სათავეს. მაშინ ადამიანებს ეგონათ, რომ დედამიწა ბრტყელია და, შესაბამისად, მზე სიბრტყის ერთ ბოლოში ამოდიოდა და მეორე ბოლოში ჩადიოდა. დროთა განმავლობაში ჭკვიანი არსებები ჩასწვდნენ ამ მოძრაობის ჭეშმარიტ არსს, გაარკვიეს, რომ დედამიწა მრგვალია, მბრუნავი და თანაც მზე კი არ ბრუნავს მის გარშემო, არამედ თავად ტრიალებს მზის ირგვლივ. ახლა, და თანაც უკვე დიდი ხანია, ეს ცოდნა ყველა ადამიანისთვის ანბანური ჭეშმარიტებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აქაურები ჯიუტად