ორბელიანების კუნძულზე მცხოვრები ჭრელი მამალი ჩქარობდა; ბროწეულის ხის კენწეროსკენ მოკლე ნახტომებით, ფრენა-ფრენით მიიწევდა. როგორც იქნა, დათქმულ ტოტს ბრჭყალები ჩაავლო, თავი უკან გადააგდო, ფრთები შეიბერტყა, ყელი მოიღერა, ნისკარტი დააღო და:
- ყიყლიყო-ო-ჲ ...
ვაი, სირცხვილო. ალიონის მოახლოების მახარობელს ხმის იოგებმა მესამე ”ო” ბგერაზე უმტყუნა.
თავდახრილი ფრინველი სვენებ-სვენებით ტოტიდან ტოტზე და, ბოლოს, მიწაზე დაეშვა. მიიხედ-მოიხედა; მაყვლის ბუჩქის ძირისკენ მიმავალ, მის მიერვე ეკალბარდებსა და ბალახებში გათელილ, ვიწრო გვირაბში შეძვრა. სიღრმეში მიმალულ კალათს მიუახლოვდა და მის კიდეზე შესკუპდა; ცოტა ხანს ასე იდგა; ცალი ფეხი ფსკერზე დაფენილ თივაში ფრთხილად ჩააცურა, შემდეგ ასევე ფაქიზად მეორეც ჩადგა. კურტუმო გააქან-გამოაქანა და ნაზად დაეშვა მოყავისფრო კვერცხებზე. სხეული კიდევ ერთხელ შეატორტმანა და მორჩილად გაიყურსა.
იგი დაკოდილი მამალი _ ყვერული _ იყო. ახლა კრუხის მოვალეობას ასრულებდა; გაჭირვება რომ არა, ვინ ოხერი რჯიდა, გათენების მაცნე გამხდაროყო?!
ტფილისის თაბორის მთაზე აღა-მაჰმად-ხანი იდგა და ...