ალისფერი კვალი
-1-
შერლოკ ჰოლმსი 1878 წელს ლონდონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი მოვიპოვე და სამხედრო ექიმთა მოსამზადებელ კურსებზე შევედი. კურსების დამთავრების შემდეგ ნორთუმბერლენდის მსროლელთა მეხუთე პოლკში უმცროს ექიმად გამამწესეს. იმხანად პოლკი ინდოეთში იდგა, და სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდი, ავღანეთის მეორე ომი ატყდა. კანდაჰარამდე მშვიდობით ჩავედი, იქ ჩემი პოლკი მოვნახე და მაშინვე ახალი მოვალეობის შესრულებას შევუდექი.
ამ ომმა მრავალს მოუტანა პატივი და მრავალი წასწია წინ სამსახურში. მე კი მხოლოდ მარცხი და უბედურება დამატყდა თავს. მაივანდთან გამართული საბედისწერო ბრძოლისას მხარში დავიჭერი. ტყვიამ ძვალი დამიმსხვრია და არტერია დამიზიანა. უთუოდ სასტიკი ფანატიკოსების ხელში ჩავვარდებოდი, ჩემი შიკრიკის ერთგულება და სიმამაცე რომ არა: ცხენის ზურგზე გადამაწვინა და ჩვენს პოზიციაზე მიმიყვანა, საიდანაც მერე პეშევარში გამხიზნეს. ძლივს მომირჩა ჭრილობა, რომ ახლა მუცლის ტიფი შემეყარა და რამდენიმე თვის შემდეგ გამოსაჯანსაღებლად ინგლისში გამაგზავნეს.
ინგლისში არც ნათესავები მყავდა, არც ვინმე ახლობელი, მაგრამ ქარივით თავისუფალი ვიყავი, უფრო სწორად, თავისუფალი ვიყავი იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას დღეში თერთმეტი შილინგისა და ექვსი პენსის შემოსავალი მაძლევდა.
რა უნდა მექნა? ლონდონში დავსახლდი და ერთ პატარა სასტუმროში დავბინავდი.
ძალიან მოუხერხებლად და უაზროდ ვცხოვრობდი. ფულს იმაზე უფრო თავისუფლად ვხარჯავდი, ვიდრე ჩემი შეძლების პატრონს შეეფერებოდა. მალე დავრწმუნდი, რომ ან ქალაქგარეთ უნდა გადავსახლებულიყავი, ან მკვეთრად შემეცვალა ცხოვრების წესი. მე ეს უკანასკნელი ვამჯობინე. გადავწყვიტე, მიმეტოვებინა სასტუმრო და სადმე უფრო იაფფასიანი ბინა მეპოვა.
იმ დღეს, როცა ამ დასკვნამდე მივედი, ბარში ვიდექი. უცებ ვიღაცამ მხარზე დამკრა ხელი. მივბრუნდი და ჩემი ძველი მეგობარი სტემფორდი დავინახე. ორივეს გაგვიხარდა შეხვედრა და მაშინვე საუზმეზე მივიპატიჟე.
– რა მოგსვლიათ, უოტსონ? – მკითხა სტემფორდმა დაუფარავი გაკვირვებით, – ლერწამზე წვრილი ხართ და წენგოიან კაკალზე მუქი.
მოკლედ ვუამბე, თავს რა ხიფათიც გადამხდა.
– საწყალი კაცი! – ჩაილაპარაკა, – ახლა რას აპირებთ?
– ბინას დავეძებ და შეუძლებელს ვცდილობ, ცოტა იაფად მინდა წესიერი ოთახი დავიქირავო.
– უცნაურია, – შენიშნა ჩემმა მეგობარმა, – ასეთი სურვილი დღეს უკვე მეორედ მესმის.
– პირველად ვისგან მოისმინეთ?
– ერთი ყმაწვილისაგან, რომელიც ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობს. დღეს დილით შემომჩივლა, ვერანაირად ვერ მიპოვია ამხანაგი, რომელთან ერთადაც ვიქირავებდი რიგიან ოთახს, მარტოხელას კი ქირის გადახდა გამიჭირდებაო.
– ეშმაკმა დალახვროს! სწორედ მე ვარ ასეთი კაცი.
სტემფორდმა ცოტა უცნაურად გადმომხედა და მითხრა:
– თქვენ არ იცნობთ შერლოკ ჰოლმსს, შეიძლება არ მოგეწონოთ და ვერც შეეგუოთ მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.
– რატომ? ცუდი ზნის კაცია?
– ო, სულაც არ ვამბობ, ცუდი ზნისაა-მეთქი. უბრალოდ, ცოტა უცნაური იდეები აქვს.
მეცნიერების ზოგიერთი დარგის ენთუზიასტია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ სრულიად წესიერი ადამიანი იყოს.
– როგორც ვატყობ, სტუდენტი-მედიკოსი იქნება, არა? – ვკითხე მე.
– არა, წარმოდგენაც არა მაქვს, რა პროფესიის კაცი დადგება. ჩინებულად ერკვევა ანატომიაში და შესანიშნავი ქიმიკოსია, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, მედიცინა არასოდეს უსწავლია. მისი კვლევა უაღრესად ექსცენტრიკული ხასიათისაა, მაგრამ აქვს არაჩვეულებრივი ცოდნა, რითაც თავის პროფესორებს პირდაპირ აოცებს.
– არ გიკითხავთ, რა მიზანს ისახავს?
– არა, გულს ასე იოლად არავის გადაუშლის, თუმცა ბევრი ლაპარაკი უყვარს, როცა გუნებაზეა ხოლმე.
– სიამოვნებით გავეცნობოდი, – ვუთხარი მეგობარს, – თუ ვინმესთან ერთად ცხოვრება მომიხდება, ისეთი კაცი მირჩევნია, რომელსაც სიმშვიდე და მუშაობა უყვარს. როგორ შევხვდე თქვენს მეგობარს?
– ალბათ ლაბორატორიაში იქნება. თუ გინდათ, ნასაუზმევს შევუაროთ.
ჰოსპიტლისაკენ წავედით და გზადაგზა სტემფორდმა კიდევ მიამბო ზოგიერთი წვრილმანი იმ ჯენტლმენზე, ვისთან დასახლებასაც ვვარაუდობდი.
– თუ ვერ შეეწყობით, მე ნუ დამემდურებით. ჰოლმსი მეტისმეტად გატაცებულია თავისი კვლევა-ძიებით. ამ კაცს შეუძლია თავის მეგობარს მცირე დოზით ალკოლოიდი მიაღებინოს, ცუდი განზრახვით კი არა, უბრალოდ, კვლევისათვის, რომ ამ შხამის ზემოქმედების ძალა გაიგოს. დარწმუნებული ვარ, თვითონაც უყოყმანოდ მიიღებს შხამის ამდენივე დოზას. ეტყობა, ზუსტი მეცნიერებით მეტისმეტად გატაცებულია.
– ეს ძალიან კარგია.
– დიახ, მაგრამ უკიდურესობამდე არაფრის მიყვანა არ ვარგა. ის კი პროზექტურაში ზოგჯერ გვამებს ჯოხით სცემს კიდეც.
– გვამებს სცემსო?
– დიახ, რომ დაადგინოს, შეიძლება თუ არა სიკვდილის შემდეგ სისხლჩაქცევის გამოწვევა. ეს ჩემი თვალით ვნახე.
– თქვენ კი ამბობთ, მედიკოსი არ არისო.
– არა, მედიკოსი არაა. ეშმაკმა უწყის, ვინ არის. მაგრამ აგერ მოვედით კიდეც და თვითონვე შეისწავლეთ მისი პიროვნება.
ვიწრო ჩიხში შევუხვიეთ, პატარა კარი შევაღეთ და ჰო-სპიტალში