რბილი დაშვება
უკვე ნახევარი საათია, ჩემი მოწაფეების მონოტონურ დუდუნს ვუსმენ და უფრო ვრწმუნდები - ადამიანის შესაძლებლობას არა აქვს საზღვარი. მე შემიძლია თან ვისმინო, თან მომავალ პაემანზე ვიფიქრო, თანაც სათვალის მოწყვეტილი ყური ჩარჩოს მივამაგრო.
- საკმარისია, - ვაჩერებ მექანიკურ თოჯინასავით მომართულ მარიამს.
გოგონა უმალ ჩუმდება და ძაღლური ერთგულებით შემომყურებს თვალებში. გული უსკდება, ორიანი არ დავუწერო. გამოგიტყდებით, დიდი სურვილი მაქვს, ერთხელ მაინც დავუფიქსირო ჟურნალში ფრიადზე დაბალი ნიშანი, განა იმიტომ, რომ ბოროტი ვარ, ანდა ის ამას იმსახურებს, არა - იმიტომ, რომ კომპლექსისგან გავათავისუფლო. მარიამს, ამ ნაადრევად მომწიფებულ სწორხაზოვან გოგონას, სერიოზული პრობლემა აქვს ნიშანთან დაკავშირებით. ოთხიანზე ისეთ ჩუმ ისტერიკაში ვარდება ხოლმე, თითქოს შინ როზგით შეიარაღებული მშობელი ელოდება. რა ვიცი, შეიძლება ელოდება კიდეც... მე რომ ისეთი დედა მყოლოდა, როგორიც ჰყავს მარიამს, ისტერიკის რა მოგახსენოთ, მაგრამ შინიდან ცხრაჯერ ვიქნებოდი გაქცეული.
პრინციპში, ახლაც გამოქცეული ვარ, ოღონდ სხვა მიზეზით. დამოუკიდებელი ცხოვრება მინდა - ხომ უნდა ეღირსოს ორჯერ განათხოვარ ქალს დამოუკიდებელი ცხოვრება? თუმცა, ყველაფერი იქით მიდის, მგონი, ვკარგავ სიმწრით მოპოვებულ დამოუკიდებლობას... საქმე ისაა, რომ შეყვარებული ვარ. მე, 32 წლის იათამზე მდივანს, მიყვარს 39 წლის დათა მეტრეველი, ქვრივი, რომელიც სასაფლაოზე გავიცანი (იხ. „სისხლიანი ვახშამი“) და რომლის დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ, გერმანულის გაკვეთილს ვატარებ და ბეჯით მარიამს ჟურნალში გამართულ ხუთიანს ვუწერ.
საათს დავხედე. ღმერთო ჩემო, რა ნელა გადის ეს ორმოცდახუთი წუთი, და რა ჩქარა - ცხოვრება!
ახტუნგ! ახტუნგ! ჟურნალი დავხურე და გაკვეთილის ახსნას შევუდექი. თხუთმეტი ბავშვიდან ათი მისმენს. არა, უფრო ნაკლები. რას ვიზამ, არ აინტერესებთ ფრაუ სტოპარი თავისი ცვაი ფროინდითურთ, ამათ ასაკში არც მე მაინტერესებდა. სიმართლე გითხრათ, არც ახლა მაინტერესებს, მაგრამ პროფესიას ხომ არ გამოვიცვლი? არადა, რა კარგი გამომძიებელი ვიქნებოდი, ან ადვოკატი, სულაც მოსამართლე...
ხოო, რაზე ვიყავი? ფრაუ სტოპარის სამ გამოთაყვანებულ დაქალზე, რომლებიც უქმე დღეებში იკრიბებიან და ვაგნერის მუსიკის თანხლებით მოცხარის მურაბას მიირთმევენ.
მარიამი ყურადღებით მისმენს, იმდენად ყურადღებით, რომ წამწამებს არ ახამხამებს. თავს უხერხულად ვგრძნობ და მზერა აჩიკოზე გადამაქვს. აჩიკო მოუთმენლად წრიალებს, კისერს ღრეცს ტილიანი თუთიყუშივით; მაკა საღეჭ რეზინს აღლაჭუნებს. უზრდელი! ნეტავ ლოგინშიც ღლაჭუნით წვება? კატო შატბერაშვილი ფანჯარაში იცქირება - ნატიფ პროფილს მაჩვენებს... კატო, შემოგევლე, როცა მასწავლებელი გაკვეთილს გიხსნის, სულ ცოტა, თვალებში მაინც უნდა უყურო. შეგიძლია არ უსმინო, როგორც მაგალითად, გოგიტა - მიყურებს, მაგრამ ვერ მხედავს.
უცებ კატომ მოიხედა და მე მის თვალებში ცრემლი დავინახე. ერთი ცრემლი ქუთუთოს მოსწყდა და ლოყაზე ჩამოსრიალდა, მგონი, არც შეუმჩნევია. გოგიტასი არ იყოს, მიყურებს და ვერ მხედავს. მზერა ავარიდე და დაძაბული ხმით განვაგრძე გაკვეთილის ახსნა. ვლაპარაკობ და კატოზე ვფიქრობ: რა ხდება მის თავს, ნუთუ შეყვარებულია? თოთხმეტი წლის ასაკში მეც მიყვარდა - პარალელურკლასელი გამოჩენილი ბუნტისთავი.
როგორც იქნა, ნანატრი ზარი გაისმა. ბავშვები აპაჩების შესაშური ყიჟინით გავარდნენ კლასიდან, მე კატოს მივუახლოვდი.
- კატო, რა მოგივიდა? ავად ხარ?
გოგონას ნიკაპი აუკანკალდა და ტუჩები გაექცა. სულ ცოტაც და აღრიალდება.
- შემიძლია დაგეხმარო? - ჩურჩულით ვეკითხები.
უარყოფის ნიშნად თავს აქნევს და უსიტყვოდ ტირის. დავიბენი. კატო მარიამი არ არის, ნიშნის გამო გულის პრანჭვები დაიმართოს, კატოს თავს რაღაც უსიამოვნებაა!
- გინდა შინ მიგაცილებ... არა? მაშინ... მაშინ... ჩემთან წამოდი. დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. ან ჩაი დავლიოთ. რას იტყვი?
თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ ისეთი სასოწარკვეთით დამიქნია თავი, მივხვდი, „უსიამოვნება“ რბილად არის ნათქვამი, კატოს თავს რაღაც უბედურებაა.
* * *
ალღომ არ მომატყუა, თურმე კატო დედამ მიატოვა. მიტოვებასაც გააჩნია... დედამ მხოლოდ გამოსამშვიდობებელი წერილი გაიმეტა ერთადერთი ქალიშვილისთვის. ეს მოხდა ორი კვირის წინ, სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე...
კატოს დედა ჩვეულ დროს მოვიდა სამსახურიდან, ვახშამი მოამზადა, ავტომატში სარეცხი შეაგდო, გააუთოვა კატოს საყვარელი პერანგი, ჩართო ტელევიზორი... მეორე დღეს კი კოლეჯიდან დაბრუნებულ კატოს მაცივრის კარზე დამაგრებული წერილი დახვდა, სადაც დედა საქმის კურსში აყენებდა ოჯახს, უფრო სწორად, პირადად მას, კატოს. საბრალო გოგონამ მაშინვე მამას დაურეკა. ბატონი გედეონი დაფეთებული მოვარდა სამსახურიდან, წერილს თვალებით დააკვდა და ერთადერთი ფრაზა წამოსცდა: „ასეც ვიცოდი!“
- და რა იცოდა? - ვერ მოვითმინე მე.
- არ ვიცი, თქვა და თავის ოთახში ჩაიკეტა.
- როგორ თუ ჩაიკეტა?! შენ