დაკარგული ქვეყანა თავი პირველი
„ ადამიანი თავად მოიხვეჭს დიდებას “
მისტერ ჰანგერტონი, გლედისის მამა, ძალზე უტაქტო ქმნილება იყო და აბურძგნილ, უსიამო თუთიყუშს მოგაგონებდათ. საკმაოდ გულკეთილი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. თუკი რამეს შეეძლო გლედისთან განვეშორებინე, მხოლოდ იმის შიშს, რომ ჰანგერტონი ჩემი სიმამრი გახდებოდა. დარწმუნებული ვარ, ჩემს ხშირ სტუმრობას „ წაბლნარში “ , სადაც მე კვირაში სამჯერ დავდიოდი, იგი ხსნიდა თავისი დამსახურებით, განსაკუთრებით კი ბიმეტალიზმზე საუბრით. ამ დარგში იგი დიდ ავტორიტეტობასაც იჩემებდა.
იმ საღამოს თითქმის საათზე მეტხანს ვისმენდი მის ყბედობას - ვერცხლისა და რუპიის ღირებულების დაცემაზე, ფასის დაკლებასა და ფულის წესიერი სისტემის დადგენის აუცილებლობაზე.
- წარმოიდგინეთ, რა მოხდება ქვეყნად, ყველა ვალის დაუყოვნებლივ გასტუმრება რომ მოითხოვონ თანამედროვე პირობებში! - წამოიძახა მან ძაბუნი და შეშფოთებული ხმით.
რა თქმა უნდა, გავკოტრდებოდი-მეთქი, - ვუპასუხე, მაგრამ მისტერ ჰანგერტონი ამ პასუხით უკმაყოფილო დარჩა, - იგი თოფნაკრავივით წამოხტა ზეზე და საყვედურებით ამავსო ჩემი გამოუსწორებელი ქარაფშუტობის გამო; თანაც დასძინა, რომ ჩემთან შეუძლებელია სერიოზული საუბარი, და სწრაფად გავარდა ოთახიდან, რათა მასონთა სხდომაზე წასასვლელად გადაცმულიყო.
ძლივს მარტო დავრჩით მე და გლედისი! დადგა საბედისწერო წუთი. ჩემი ბედ-იღბალი უნდა გადაწყვეტილიყო. მთელი საღამო იმ ჯარისკაცივით ვგრძნობდი თავს, რომელიც შეტევაზე გადასვლის ნიშანს ელის, ხოლო მის გულში გამარჯვების იმედი ებრძვის შიშს, ვაითუ უკუმაქციონო.
გლედისი ფანჯარასთან იჯდა, მისი გამოკვეთილი და ამაყი პროფილი განსაკუთრებით გამოკრთოდა ჟოლოსფერი პორტრეტის ფონზე.
რა მშვენიერი იყო! ჩვენ დიდი ხნის გულითადი მეგობრობა გვაკავშირებდა, მაგრამ ვერ მოვახერხე გადამელახა წმინდა ამხანაგური დამოკიდებულების საზღვარი, ასეთი მეგობრობა ყველა ჩემს კოლეგასთან - გაზეთის რეპორტიორთან შემეძლო მქონოდა.
გლედისი დაჯილდოებული იყო ყველა იმ თვისებით, რაც ქალს ესოდენ მიმზიდველს ხდის. ზოგიერთი მას უხეშ ქალად თვლიდა, მე კი ამგვარი მსჯელობა მკრეხელობად მიმაჩნდა. ნაზი კანი, ყორნის ფრთასავით შავი თმა, დიდი, წყლიანი თვალები, სქელი, ლამაზად მოხაზული ტუჩები - ყველაფერი ეს ნიშანი იყო მისი მგზნებარე ბუნებისა. მე კი ნაღვლიანად ვუსაყვედურებდი თავს, რომ აქამდე ვერ მოვახერხე მისი გულის დაპყრობა.
მოხდეს, რაც მოხდება! სადამდე უნდა ვმალო! ამაღამვე მივიღებ მისგან პასუხს. იქნებ უარი მითხრას, მაგრამ ჯობს უარყოფილი მიჯნური ვიყო, ვიდრე უბრალო მეგობარი.
მივიღე ასეთი გადაწყვეტილება და, ის იყო უნდა დამერღვია უხერხული სიჩუმე, რომ უეცრად ჩემკენ მომართული შავი თვალების მზერა ვიგრძენი, მათში საყვედური გამოსჭვივოდა. გლედისმა ღიმილით გაიქნია ამაყი თავი.
- ვგრძნობ, ხელი გინდათ მთხოვოთ, ნედ. რა საჭიროა, ჯობს ძველებურად დავრჩეთ. ასე ბევრად უკეთესია.
ახლოს მივიწიე და გულწრფელად გაოცებული შევეკითხე:
- როგორ მიმიხვდით?
- ამას წინასწარ ვგრძნობთ ქალები! ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ეს ქალისთვის შეიძლება მოულოდნელი იყოს? ო, ნედ! ჩვენი მეგობრობა ისეთი ტკბილია, რად უნდა შევრყვნათ? განა თვითონვე ვერ გრძნობთ, რა კარგია, როდესაც ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შეუძლია ასე გულღიად და პირდაპირ საუბარი?
- თავად არ ვიცი, რა გითხრათ, გლედის... მაგრამ იცით რა, მე შემიძლია, ასეთი გულახდილი და პირდაპირი ვიყო... რკინიგზის სადგურის უფროსთან, - ახლაც არ ვიცი, რამ მომაგონა მაინცდამაინც სადგურის უფროსი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ჩვენ შორის სწორედ ეს თანამდებობის პირი აღიმართება და ჩვენ ორივეს გულიანად გაგვეცინა, - არა, გლედის, ასეთი დამოკიდებულება მე სრულებით არ მაკმაყოფილებს. მე მსურს, მკერდში ჩაგიკრათ, თქვენი თავი გულზე მივიხუტო. მე მინდა, გლედის...
იგი წამოხტა, რადგან შემატყო, რომ ვაპირებდი სინამდვილედ მექცია ჩემი ნათქვამი.
- ნედ, ამით ხომ ყველაფერს ხაზი გადაუსვით თქვენ! - თქვა მან. - რა კარგი და სასიამოვნოა ყველაფერი, ვიდრე ეს მოხდებოდეს. ნუთუ არ შეგიძლიათ თავის შეკავება?!
- მე ხომ არ მომიგონია ეს პირველად?! - მივუგე რბილად. - ასეთია ადამიანის ბუნება, ასეთია სიყვარული.
- რა თქმა უნდა, თუკი ორივეს უყვარს ერთმანეთი, მაშინ ალბათ სხვაგვარად ხდება. მე კი არასოდეს მიგრძნია სიყვარული.
- თქვენ არ გიგრძნიათ? თქვენი სილამაზის, თქვენი გულის ადამიანს! ოჰ, გლედის, თქვენ სიყვარულისათვის ხართ გაჩენილი! თქვენ უნდა გიყვარდეთ ვინმე!
- ხომ უნდა ვიცადო, სანამ სიყვარული მოვიდოდეს?!
- გლედის, გლედის! რატომ არ გიყვარვართ, რა გიშლით ხელს? არ მოგწონვართ? თუ...
მის სახეს ლმობიერება დაეტყო, ხელი გამომიწოდა, თავი უკან გადამიწია და სევდიანი ღიმილით ჩამაშტერდა.
- არა, სრულებითაც არა, - თქვა მან, - თქვენ პატივმოყვარე ყმაწვილი არ ხართ და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აქ უფრო სერიოზული მიზეზია.
- ჩემი ხასიათი