ცნობილი მხატვრის იურისტი შვილი
უილიამ უილკი კოლინზი ინგლისელი მწერალი იყო, 27-მდე რომანის, პიესებისა და მოთხრობების ავტორი.
1824 წლის 8 იანვარს დაიბადა ლონდონში, ცნობილი პეიზაჟისტი მხატვრის უილიამ კოლინზის ოჯახში. სახელი სწორედ მამის პატივსაცემად დაარქვეს, თუმცა ცნობილი მეორე სახელით გახდა, რომელიც ნათლიის - დევიდ უილკის პატივსაცემად ერქვა.
1836-დან 1838 წლამდე მშობლებთან ერთად იტალიასა და საფრანგეთში ცხოვრობდა. ამ ქვეყნებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა.
სკოლა-ინტერნატში სწავლის პერიოდში მასზე ცოტათი უფროსმა ბიჭმა დააშინა, დაემუქრა და დაავალა, დაძინების წინ თითო ახალი ამბავი მოეფიქრებინა და მისთვის მოეყოლა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ამ ფაქტმა მას წარმოსახვა გაუმდიდრა და მოგვიანებით, სკოლიდან წამოსვლის შემდეგ, უკვე საკუთარი სიამოვნებისთვის იგონებდა ამბებს.
17 წლისამ დაამთავრა სკოლა მეიდა-ვეილის აკადემიაში და სტაჟიორად მოეწყო კომპანიაში, რომელიც ჩაით ვაჭრობდა. იმავე პერიოდში დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა ადგილობრივ ჟურნალში.
კომპანიაში ხუთი წელი გაატარა, მერე კი, მა მის რჩევით, ლინკოლნზ-ინის სასამართლოში ჩაირიცხა და იურისპრუდენციის შესწავლას შეუდგა. მამამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიაღებინა, რომ მომავალში მის შვილს მუდმივი საარსებო წყარო ჰქონოდა. თუმცა კოლინზმა ეს გამოცდილება სხვა რამისთვისაც გამოიყენა - იქ დაინტერესდა სერიოზულად გამოძიებით და სისხლის სამართლის საქმეებით, რაც შემდგომში რომანების წერისას გამოადგა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უმუშავია პრაქტიკოს ადვოკატად, იურიუდიულ ცოდნას სულ სხვა მიმართულება მისცა.
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1847 წელს, კოლინზმა თავისი პირველი წიგნი გამოაქვეყნა -
„მოგონებები უილიამ კოლინზის ცხოვრების შესახებ“. 1850 წელს კი გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი „ანტონინა“. ლიტერატურული მოღვაწეობის წყალობით სულ მალე დაუმეგობრდა კიდევ ერთ დიდ მწერალს, ჩარლზ დიკენსს, რომელთანაც მთელი ცხოვრება მეგობრობდა.