პროლოგი 1978 წელს ოჰაიოს შტატში ტყეში განმარტოებით მდგარ ჰოსპიტალს ” ფორდის ” მარკის ჯავშანშუშებიანი ფურგონი მიადგა. ჭიშკარი ავტომატურად გაიღო. მანქანამ ეზოში ასიოდე მეტრი გაიარა და მთავარ შესასვლელთან გაჩერდა.
ორი დაკუნთული სანიტარი მზად იყო პაციენტის მისაღებად;
ერთ-ერთს ხელში ქათქათა გიჟის პერანგი ეჭირა.
მძღოლის გვერდით მჯომი დაცვის თანამშრომელი მანქანიდან გადმოვიდა, უკანა კართან მივიდა, გამოაღო და მშვიდი ხმით მოუხმო იქ მყოფს:
- უილიამ სტენლი მილიგან, გადმობრძანდით!
პასუხი არ იყო.
- ბილი მილიგან, გამოდი! _ ოდნავ აუწია ხმას ოფიცერმა.
პასუხი არ იყო.
- არტურ!
პასუხი არ იყო.
- რეიჯენ ვადასკოვინიჩ!
არც ამჯერად უპასუხეს.
ოფიცერმა შარვლის ჯიბიდან დაკეცილი ფურცელი ამოიღო, გადაშალა და კითხვა დაიწყო:
- ტომი, დენი, დევიდ, კრისტინ, კრისტოფერ, ადალანა! რომელი ხარ? გამოდი!
- თუ თქვენ ადალანას ეძახით, აქ ვარ! ახლავე გეახლებით. მხოლოდ, თმებს გავისწორებ და სახეს მოვიწესრიგებ. _ გაისმა ახალგაზრდა ქალის ხმა.
გაოცებულმა სანიტრებმა ერთმანეთს გადახედეს; ის, ვისაც ხალათი ეჭირა, ოფიცერს მიუბრუნდა:
- ჩვენ გვითხრეს, ოცდასამი წლის ჯანიანი მამაკაციაო?
- ნუ ღელავთ, ბატონებო! იგი მართლაც ოცდასამი წლის კაცია, მაგრამ დღეს, როგორც ჩანს, ყმაწვილი ქალია. ერთი წუთით; აი, წაგიკითხავთ: ” ადალანა _ ცხრამეტი წლის, აქტიური ლესბოსელი, წერს ლექსებს, ქალებთან ნაზია, სხეულს ეუფლება საკუთარი სურვილით, სწორედ იგი ხელმძღვანელობს გაუპატიურებებს. ”
***
ოჰაიოს შტატის მოსამართლე საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გაეცნო და დარწმუნდა, რომ 1955 წელს დაბადებული უილიამ სტენლი მილიგანი რამდენიმე ძარცვასა და სამ გაუპატიურებაშია დამნაშავე.
სხდომის დამთავრების შემდეგ მილიგანი საპატიმროს ნაცვლად ჰოსპიტალში წაიყვანეს. მას შიზოფრენიის უცნაური ფორმა, გაოცდაოთხება, სჭირდა. ერთ უილიამ სტენლი მილიგანში ოცდაოთხი ალტერნატიული პიროვნება ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და დანაშაულსაც სჩადიოდა.
1991 წელს ექიმებმა მიიჩნიეს, რომ უილიამ სტენლი მილიგანი განიკურნა და საავადმყოფოდან შინ გაუშვეს;
აქ მოთხრობილი ამბები იმ დღემდე შვიდასი წლის წინ დაიწყო და სულ სხვა ადამიანის ალტერნატიული პიროვნებების თავგადასავალია;
მას ერქვა იოსები, ხოლო მეტსახელად ” ალი ბეი აბხაზეცს ” ეძახდნენ.