სპილოს ორდენი სპილოს ორდენი
დეტექტივი ბენტელი სარკეს უაზროდ ჩაშტერებოდა. მის უკან არეული ოფისი მოჩანდა, სადაც ხუჭუჭა, შავტუხა ჯუტტა გულისყურით შესდგომოდა “ ევაკუაციის ” სამზადისს. ოთახში შენობის მეპატრონე, აუტანელი, მელოტი ოსტმანი, გულისყურით ათვალიერებდა მობინადრეთა მიერ მიყენებულ ზარალს, რათა სულ მცირე რამეც არ გამორჩენოდა და ზედმიწევნით შეეტანა თავის ანგარიშში.
ბოლო მარცხის შემდეგ, რომლის შესახებ ინფორმაცია “ ტრანსვალერის ” ფურცლებზეც კი მოხვდა, ხოლო ფოსტერი სერიოზულ ხათაბალაში გახვია, მათ კანტორას ისე უვლიდნენ კლიენტები გვერდს, როგორც უხეირო სატყუარას ლიფსიტები.
_ მორჩი, ბენტელ, გვამური ლაქების თვალიერებას და ამ თევზებს მიხედე, _ ააწკაპუნა ჯუტტამ აკვარეუმზე თითები. ის საკმაოდ ნერვიულობდა, რადგან მარტო ზრდიდა ბავშვს და უმუშევრად დარჩენის პერსპექტივა შეშფოთების მიზეზს იძლეოდა.
_ რა ლაქების, _ ფიქრიდან გამოერკვა ბენტელი.
_ გაიგონე, რაცა თქვა ფოსტერმა, ჩათვალეთ უკვე მკვდრები ხართო?
_ ნაბიჭვარი, _ გამოსცრა დეტექტივმა და მძიმედ მოტრიალდა.
მისი ათლეტური სხეული და ბრძოლისათვის მუდამ ზამბარასავით შემართული კუნთები, ნაკლებად ეგუებოდა ისეთ სამუშაოს, რაც კომპიუტერების, ბაინდერების, ფურცლებისა და სხვა საოფისე ინვენტარის შეგროვება-დახარისხებაში გამოიხატებოდა.
როგორც კი შეუდგა სამუშაოს, ოფისის კარები გაიღო და გამოჩნდა გახარებული სპეიერი.
_ ახალი ამბავი მაქვს, _ თქვა მან, _ ახლა ფოსტერი დარეკავს და დიდ ბენტელს, მაგ იდიოტს, დამალაპარაკეთ, იტყვის ზუსტად ასე.
სპეიერს ჯერ არ დაემთავრებინა, რომ მართლაც დარეკა ტელეფონმა. ჯუტტამ მხრები აიჩეჩა. ყურმილი აიღო, რაღაც მდუმარედ მოისმინა და მერე ბენტელს გაუწოდა.
_ დიახ, ბატონო ფოსტერ, გასაგებია, ყველაფერი გასაგებია, _ ბურტყუნებდა ერთხანს დეტექტივი, რადგან ფოსტერი მონოლოგს კითხულობდა.
_ აბა, ამოყაჭეთ, _ თქვა ქალმა, როცა ბენტელი ლაპარაკს მორჩა, _ ხდება რაიმე, ცხოვრებისათვის აზრის მიმცემი თუ ისევ ამ თევზებს უნდა ვუცქირო, ტყუილად ამბობთ, რომ ნერვებს ამშვიდებენ.
_ ნერვები მართლაც დაგვჭირდება, სერიოზული საქმე გამოჩნდა, ოფისს ვინარჩუნებთ. ეს ნაძირალა ოსტმანი აქედან მოაშორე, თორემ შემომელახება, _ თქვა მშვიდად ბენტელმა.
ჯუტტამ ტაში შემოჰკრა და საპირფარეშოში გაიჭრა, სადაც აუტანელი, ძუნწი ოსტმანი სველი წერტილების მდგომარეობას იკვლევდა. წამით იქიდან ხანმოკლე, უთანასწორო შერკინების ხმა გაისმა, რაც ჯუტტას გაკაპასებულ ყვირილში და მოქირავნეთა გამოსახლების ოსტატის გაუგებარ ბურტყუნში გამოიხატებოდა. მალე ისინიც გამოჩნდნენ. ქალს მელოტი მეპატრონე წინ ჰყავდა გაგდებული და კარებისაკენ მიერეკებოდა. ოსტმანი, რომელსაც ეტყობოდა ფარ-ხმალი უკვე დაეყარა, ბოროტ, ხშირ წარბებში ჩამალულ თვალებს, მისდაუნებურად, კვლავ აქეთ-იქით აცეცებდა და მაინც ცდილობდა, ღირსეული კაცის იერით დაეტოვებინა ბრძოლის ველი.
_ მოხსენით სამგლოვიარო დროშები, _ შესძახა სპეიერმა და სამზარეულოს მიაშურა სასმელის მოსატანად.
_ იდიოტი არ უხსენებია, _ თქვა ჯუტტამ, რომელმაც კარის ზღურბლიდან უკანასკნელად მოიგერია ოსტმანი, _ ფოსტერი მასზე უფროა გაცოფებული და მგონი ასე მასვე მიმართა.
ბენტელს გაეცინა, რაც იშვიათი იყო. სპეიერი ბოთლით ხელში მობრუნდა. დალევის მიზეზი ყოველთვის ჰქონდა. როცა უხაროდა ან სწყინდა რამე, ეს მისთვის საკმაო მიზეზი იყო ალკოჰოლის მისაღებად. თუმცა სასმელთან ურთიერთობა ცალმხრივ სიყვარულს წააგავდა. მუდამ სპეიერისგან ითხოვდა რაღაცას და ეს რაღაც მის ბიუჯეტს მძიმედ აწვებოდა.
ის იყო ჭიქები შეავსეს, რომ ამ მხიარული განწყობის ფონზე კვლავ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.
_ დიახ, ბატონო ფოსტერ, _ უპასუხა ჯუტტამ, _ არც ერთი წვეთი, როგორც იტყვით.
* * *
მეორე დილით, როცა სპეიერი ჯერ კიდევ ლოგინში კვნესოდა, ხოლო ბენტელს ალკოჰოლის ნარჩენები ტრენაჟორებზე ძუნძულით გამოჰყავდა, ჯუტტა უკვე ოფისში იყო და წინა დღეს ჩადენილი “ დანაშაულის ” კვალს გულმოდგინედ შლიდა.
ფოსტერმა დარეკა.
_ ჯუტტა, სასმელის სუნი აქ მეცა, სად არიან ბედოვლათები?
_ ახლავე გამოჩნდებიან, ბატონო ფოსტერ, თითო ყლუპი თუ მოვწრუპეთ.
_ ჩემი ყოფილი ცოლივით ლაპარაკობ და იცი, რითაც დასრულდა ეგ ამბავი...
_ დიახ, ბატონო ფოსტერ.
_ კარგი, მისმინე, პირველად დიდი ბენტელი მოვა. მისამართი ჩაინიშნე, თუმცა არ ვიცი, მაგ ხალხს მოხდილი აქვს თუ არა რასობრივი სახადი. იკითხავს ვინმე ფუზეს, ის შეახვედრებს სერ ჰოლდერს, რომელიც საქმის შესახებ გაესაუბრება. ამასობაში სპეიერიც გამოჩნდება და სამივემ იმსჯელეთ. მსჯელობა სასარგებლოა, ის ანვითარებს ტვინის უჯრედებს ანუ იმას, რასაც თქვენ ტვინს ეძახით. დამნაშავე ყოველთვის უშვებს შეცდომას და ეს ოქროს შეცდომა, როგორც ბლეკჯეკში ოქროს ქულა, ყველაფერზე მეტია, თვით ბლეკჯეკზეც კი, ჩვენს კაზინოში.
ჯუტტამ ბენტელი მოსვლისთანავე გაისტუმრა საქმეზე. ბენტელმა სანაპიროთი არჩია მგზავრობა. ოკეანე წყნარად ფშვინავდა. დეტექტივს გაახსენდა, როცა დედამ პირველად წაიყვანა სანაპიროზე გაშენებულ ქალაქში. ახლა იცის, რითიც სულდგმულობდნენ მაშინ, თუმცა ბენტელი ბედნიერი იყო,