სიმღერის ძალა -
ვარინკა წერეთელი ხდება ცხოვრებაში გასაოცარი ამბავი: პარიზში ფრანგები ორკესტრზე უკრავდნენ „სულიკოს“. ბევრი რამ მსმენია ქვეყნად, მაგრამ ასეთი მუსიკა – არასოდეს!
გალაკტიონი
პარიზი, 1935 წელი
ექვსი წლის ვიყავი, ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს, ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვსახლდით. ვცხოვრობდით ვაკეში, უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის უკან, მომაღლო ეზოში, ძველ, ერთსართულიან, საერთო ბინებში. მახსოვს გერმანელი ტყვეები – ბავშვებს სათამაშოდ ხისგან რევოლვერებს, ხმლებს, თოფებს გვიკეთებდნენ. მათ მშენებლობაზე ამუშავებდნენ.
ერთ მზიან დღეს, რა დამავიწყებს, ჩვენს ღია ფანჯარას მწითური ტყვე მოადგა, დედაჩემს ფორტეპიანოზე ანიშნა, დამაკვრევინეო. რასაკვირველია, შემოიპატიჟა. უკრავდა და მღეროდა გერმანულ მელოდიებს. მოულოდნელად „სულიკო“ დაუკრა, გერმანულად დაამღერა.
დამრჩა ეს მახსოვრობაში.
შემდეგ, როდესაც ყოველ ზაფხულს, არდადეგებზე, ბაბუაჩემისეულ – რაჟდენ ბერაძის სახლს, ზემოიმერეთის მთიან, ულამაზეს სოფელს, ხიდარს ვსტუმრობდი ხოლმე, და იქ ახლობლებისგან მესმოდა ვარინკა წერეთელზე, მის მამაზე – გენერალ სპირიდონ მაჭავარიანზე, მათ ნათესაურ კავშირზე ბერაძეებთან, უნებურად ჩემში გერმანელი ტყვის ნამღერ „სულიკოსა“ და მის შემთხზველს, ვარინკა წერეთელს შორის ორგანული კავშირი მყარდებოდა. და მე, ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეს, მოწიწებული განცდა მეუფლებოდა ამ დიდებული ქართველი ქალბატონისადმი.
ასე დაიწყო ყველაფერი.
1958-1963 წლებში, მასალები რომ მომეძია, არ დამიტოვებია არქივი, წიგნსაცავი, წერეთელ-მაჭავარიანების ახლობელ-ნათესავები, ოჯახი, სადაც არ მიმეკითხოს. და ასე, პირველწყაროებიდან შეკრებილი ცნობებით, დაიწერა ეს პატარა წიგნი ვარინკა წერეთელზე – მან ხომ ქვეყნიერებას ლეგენდასავით მოჰფინა ქართული სიმღერის მადლი და სულმნათი მგოსნის უკვდავი სტრიქონები. მახსოვს, აქეთ სადიპლომო ნაშრომს რომ ვწერდი მეღვინეობაში, იქით – ვარინკა წერეთლის ცხოვრებასა და მის „სულიკოს“ ჩავჰკირკიტებდი.
ასეთია სიმღერის ძალა.
წიგნი 1970 წელს გამომცემლობა „ხელოვნებამ“ გამოსცა.
* * *
არც ერთ ქართულ სიმღერას არ რგებია წილად ისეთი დიდი აღიარება და სიყვარული, როგორიც შესანიშნავ მელოდიას „სულიკოს“. იგი დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს არა მარტო თავის სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. „სულიკოს“ კარგად იცნობენ რუსები, გერმანელები, ფრანგები, ჩინელები, ინგლისელები, ბულგარელები, ჰოლანდიელები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ინდონეზიელებიც კი. იმერეთის ერთ პატარა სოფელში დამღერებულმა მელოდიამ მილიონობით ხალხთა გულები დაიპყრო. „თუ ვილაპარაკებთ სილამაზის შესახებ მუსიკაში, მაშინ ჩვენ შეიძლება ვერც კი ვიპოვოთ მთელ მსოფლიო მუსიკალურ ლიტერატურაში ბევრი ისეთი ნაწარმოები, როგორიც არის „სულიკო“.(გაზ. „პრავდა“, 1937.
)
„სულიკოს“ ასეთი დემოკრატიული ჟღერადობა და საერთაშორისო რეზონანსი გვავალებს მეტი გულისყურით მოვეკიდოთ მის ავტორს, ვარინკა წერეთელს, რომელსაც ნაკლებად იცნობენ ჩვენშიაც კი. დღესდღეობით არ მოგვეპოვება რაიმე სერიოზული ნაშრომი, რომელიც დაახლოებით წარმოდგენას მაინც შეუქმნიდა მკითხველს ამ პიროვნების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ჩვენი ვალია მოვიძიოთ, მზის სინათლეზე გამოვიყვანოთ მივიწყებული ადამიანები, რომელთაც რაიმე ღვაწლი მაინც მიუძღვით ხალხის წინაშე, მივუჩინოთ მათ ადგილი ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში.
* * *
ზესტაფონიდან, მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროდან სამხრეთისაკენ რომ შეჰყვეთ მცირე შეღმართს, ოთხიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ, მიადგებით ერთ ლამაზსა და მყუდრო სოფელს, რომელსაც ცხრაწყარო ჰქვია. სოფელში არის ერთი მეტად ლამაზი ეზო, საიდანაც შესანიშნავი სანახაობა იშლება: ქვემოთ, ვაკეზე, ხელისგულივით მოჩანს მთელი ზესტაფონი და მისი ლამაზი შემოგარენი. ხოლო პირდაპირ, შორს, თეთრი ღრუბლების წიაღში, კავკასიონის მთები გადმოსცქერის მიდამოს. ეს ეზო-გარემო სოფელში იმითაც არის გამოსარჩევი, რომ მხოლოდ აქ აღმართულან კვიპაროზის ხეები. ეზოში არცთუ ისე დიდი, ორსართულიანი იმერული ოდა-სახლი დგას. სწორედ ამ სახლში დაიბადა და ფეხი აიდგა ვარინკა წერეთელმა, სწორედ ამ ლამაზ ეზო-გარემოში გაიბნა პირველად „სულიკოს“ ჰანგები.
ბარბარე სპირიდონის ასული მაჭავარიანი-წერეთლისა (ვარინკას შინაურ წრეში ეძახდნენ) დაიბადა 1874 წელს, სოფელ ცხრაწყაროში. ვარინკა წერეთლის მამა, სპირიდონ მაჭავარიანი, მაღალი ჩინის სამხედრო პირი – გენერალი იყო. იგი გლეხთა სამმართველოს მოხელედ მუშაობდა ქუთაისში. სპირიდონი თავდაპირველად თავისი ოჯახით სოფელ კიცხში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ ცხრაწყაროში გადასახლდა საცხოვრებლად. სპირიდონ მაჭავარიანს მთელ ქუთაისის მაზრაში დიდი სახელი ჰქონდა. იგი იყო მწიგნობარი, ქველი, სამართლიანი ადამიანი. თუ ვინმეს რაიმე გაუჭირდებოდა, სპირიდონს მიმართავდა რჩევისა და დახმარებისათვის. მას უყვარდა გამრჯე, მშრომელი ადამიანი, იმის ცდაში იყო, გლეხკაცი რომ არავის დაეჩაგრა. ამიტომაც ხალხი დიდად აფასებდა და პატივს სცემდა.
როგორც ზეპირი გადმოცემიდან ირკვევა, სპირიდონსა და მის ქალიშვილს, ვარინკას, ძალიან ახლო დამოკიდებულება ჰქონიათ სოფელ ხიდართან, რომელიც კიცხიდან ოთხიოდე კილომეტრითაა დაშორებული. სოფელი ხიდარი ბერაძეებით არის დასახლებული. სპირიდონსა და ვარინკას ძალიან ჰყვარებიათ ისინი, ჭირშიც და ლხინშიც ბევრჯერ დახმარებიან მათ. ბერაძეებიც დიდ პატივს სცემდნენ მამა-შვილს, სათაყვანებელ ადამიანებად მიაჩნდათ. როცა ვარინკა წერეთელი