“ეს ბავშვი ელვისებური სისწრაფით იზრდება,“ - ზემოდან დაჰყურებს ბებია ფილიპეს და ბიჭს ასე, წელში გამართული იხუტებს. “ბებიას მუცელში ჩახუტების ცერემონიალი,“ - აცხადებს დედა. ე.ი. მხიარულება დაიწყო!
“დამპირდით, რომ ჩემს მოსვლამდე არც კაბებს დამიჭრით, არც თეფშებს დამიმტვრევთ, არც აბაზანაში მოაწყობთ წყალდიდობას, არც ტკბილეულის ჭამით აიტკივებთ მუცლებს და არც ტელევიზორის წინ წამოწვებით იატაკზე მთელი დღით, ირგვლივ ჯამებით მომარაგებული სასუსნავით“!
დედას ხმაში მგონი მკაცრი ტონები სჭარბობს.
“აბა, რა უნდა გავაკეთოთ?“ - ფიქრობს ფილიპე. ბებია კი ეშმაკურად უყურებს და ამბობს: „არა, დედა, არც ერთ ამ უვარგისობას არ ჩავიდენთ.“
ბებია ფილიპეს დედას დედას ეძახის. დედაა და იმიტომ, მაგრამ ცოტა უცნაურად კი გამოდის, იმიტომ რომ, ეს სამი ადამიანი - ის თავად, დედაც და ბებიც ერთმანეთს დედას ეძახიან. ჰოდა, ამ მიმართვებში - “დედიკო, მოდი ჩემთან!“ “დედა, ჭკვიანად მოიქეცი!“ „დედა, დამეხმარე ელვა-შესაკრავის შეკვრაში!“ „დედა, ნუ ჭამ ამდენ ტკბილეულს!“ - ვინ იგულისხმება, როგორ უნდა მიხვდე? მოკლედ, დედასაც, ბებიასაც და ფილიპესაც დედა ჰქვიათ. ლიკა დედა, ქეთო დედა და ფილიპე დედა. ოღონდ ლიკა დედა ჯერ მხოლოდ დედაა, აი ქეთო დედა კი დედაც არის და ბებიაც. ჰოდა, ასე უცნაურები არიან უფროსები!
ნამდვილი დედა თავის საქმეზე მიდის და ეს სულაც არ არის სამწუხარო, იმიტომ რომ კარი იკეტება, ბებია კი უკვე რაღაცას ახმაურებს სამზარეულოში.
ბრახ-ბრუხ, ზინ-ზინ, ისევ ბრახ-ბრუხ, რაწკუნებენ და რახუნობენ სამზარეულოს ტაფები, ბებია კი მღერის.
“კატები და ჩიტუნები ერთად მღერიან! “
ბრახ!
“რა ამღერებთ? დღეს სიცოცხლე მშვენიერია!“
ბრუხ!
“ჩემო კარგო, ტკბილო ფისოვ,
ჩემო ნაზო, ფრთაფარფატავ,
ესიყვარულებიან!“
ზრრრრრ!
“იმიტომ, რომ დღეს სიცოცხლე მშვენიერია!““
ბრუხ!
ბებია ცოტა რითმიდან ამოვარდა, მაგრამ სახე ძალიან კმაყოფილი ჰქონდა და ფილიპემ ტაში დასცხო. ბებიამ კი ლამაზად ჩამოკონწიალებული, ბრახა-ბრუხით აქანავებული ტაფები სათითაოდ გააჩერა და სრული სერიოზულობით თქვა:
„დღეს ჩვენ დავხატავთ!“
“დავხატავთ?“
გული დასწყდა ფილიპეს, რაგან ხატვა ისეთი რამ არის, ბებიას გარეშეც შეიძლება რომ გააკეთო. ბებიას გარეშე კი არც ტაფებზე დაკვრა შეიძლება, არც დედას დანაკუწებული ტანსაცმლისგან მაიას თოჯინისთვის ელეგანტური ტანსაცმელის შეკერვა და, ეგ კი არა, არც უკუღმა სიარულის უფლებას აძლევს ვინმე, ცხვირპირი არ დაიმტვრიოო. აბა, რა იციან მაგათ, თუ ცხვირით არ მიდიხარ, ცხვირ-პირს როგორ დაიმტვრევ?!
“ჰო, აბა, რა ვქნათ? ვერ ხედავ დედამ რამდენი რამ აგვიკრძალა?“ - სერიოზული სახით აინტერესებს ბებიას.
აი, კიდევ დედაო. ამ სახლში რატომ არის ყველა დედა?
მაგრამ ბებია იქვე, სამზარეულოს სკამზე მიკიდებულ ჩანთას ხსნის და იქიდან ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეულ რაღაცას იღებს. უფ, რა ლამაზია ეს “რაღაცა“! უფ, რა ჭრაჭუნაა ეს “რაღაცა“!
ბებია შეკვრას პირდაპირ იატაკზე დებს და ფილიპეს ოთახიდან პატარა, ფერადი ფიანდაზი შემოაქვს, სამზარეულოს იატაკზე აფენს და ზედ ჯდება.
“მოდი აქ, ერთად დავსხდეთ!“ - და იმ ჭრაჭუნა ქაღალდს ხსნის. შეკვრიდან ფერადი, ჰო, ფერად-ფერადი ცარცები ცვივა.
ბებიას სახე უბრწყინავს სიამოვნებისგან. ფილიპესაც! დღეს ისინი სამზარეულოს იატაკს მოხატავენ! ეს ხომ არავის აუკრძალავს მათთვის?
“რა დავხატოთ?“
“ის, რისი წაშლაც არ დაგვენანება,“ - ამბობს ბებია.
“მაშინ ოცნებები დავხატოთ“
„ოცნებები რატომ გვაქვს, რატომ გვაქვს, რატომ გვაქვს?“ - იწყებს სიმღერას ბებია და მუხლებზე დგება.
“უფ, რა მაგარი კითხვაა?!“ - ფიქრობს ფილიპე.
ბებია კი ორივე ხელს შლის, თითქოს მიფრინავსო და ისევ თავის ურითმო სიმღერას აგრძელებს:
“ორი ყური რატომ გვაქვს, რატომ გვაქვს, რატომ გვაქვს?!“
ოი, ეშმაკია ბებია!
“ორი თვალი რატომ გვავს, რატომ გვაქვს, რატომ გვაქვს?!
“ორი ხელი რატომ გვაქვს, რატომ გვაქვს, რატომ გვაქვს?!“ - ეხმარება ფილიპეც, მაგრამ რაღაცნაირად კატასავით კნავის.
“უფრო ბოხი ხმით იმღერე, იმღერე, იმღერე! “ - სიმღერას არაფრით წყვეტს ბებია.
“ორი ხელი, ორი ფეხი, ერთი გული, ერთი კუჭი, ნეტავ რატომ გვაქვსო?!“ - მღერის მერე ნაზად.
ფილიპეს ახსენდება, რომ ადამიანს ორი ფილტვი აქვს, ჰოდა რაც შეუძლია ბოხი ხმით აგრძელებს
“ფილტვი? ორი! კბილი? ბევრი! ნეტავ რატომ გვაქვსო?!
„ადამიანს ოცდათორმეტი კბილი აქვს,“ - უცებ ჩვეულებრივი ხმით ამბობს ბებია და ვარდისფერ ცარცს იღებს ხელში. “ჰო, ადამიანს ოცდათორმეტი კბილი და მილიონი ოცნება აქვს...“ „ოღონდ (ისევ მღერის) სამზარეულოს მარმარილოს მწვანე იატაკზე არ დაეტევიან ჩვენი ოცნებებიიიი...“
ვაშააა!!!!
ბებიას და ფილიპეს ისეთი, ისეთი, ისეთი კარგი ნახატი გამოუვიდათ სამზარეულოს იატაკზე, რომ გადაწყვიტეს გაებედათ და დედასთვის და მამასთვისაც ეჩვენებინათ. მათი სამზარეულოს იატაკზე ფილიპეს ქუჩა იყო დახატული. ფილიპეს ქუჩა, რომელში გასვლაც დღეს აკრძალული ჰქონდა დიდი, უზარმაზარი ყინვის გამო (ახალი ნაავადმყოფარი იყო). ქუჩაზე ვარდისფერი, ოქროსფერი, წითელი, იასამნისფერი, თეთრი ყვავილების ბუჩქები იდგა. არც ერთი დიდი მანქანა არ დადიოდა, სამაგიეროდ პატარ-პატარა წითელ-ყვითელი, სათამაშო მანქანები დაკოტრიალობდნენ და ყველას შეეძლო სკეიტბორდით ესრიალა. იქ იყო ორი აყუდებული ყანჩა, ერთი ვერცხლისფერი ჟირაფი, რომელსაც კოპლები არ ჰქონდა, ერთი მცირეწლოვანი მაიმუნი და ორი ბეგემოტი, ცხრა მეზღაპრე და ოცდაჩვიდმეტი პატარა წრუწუნა, რომლებმაც ლაპარაკიც იცოდნენ. ქუჩას ბატები ასუფთავებდნენ მსუქანი კუდებით - უხ, ერთი ამბავი იყო!!! ოღონდ ბავშვები არ ჩანდნენ არსად. ბებიამ და ფილიპემ გადაწყვიტეს, რომ თუ ბავშვებსაც დახატავდნენ იატაკზე, მერე წაშლა დაენანებოდათ, ჰოდა, ამ ოცნების ერთი ნაწილი ისევ ოცნებაში დატოვეს
“ბავშვები წარმოვიდგინეთ!“ - დედასაც ასე უთხრეს.
“ჰოდა, ეგ წარმოდგენილები ყველანი დავპატიჟოთ ჩვენთან,“ - უპასუხა დედამ.
„ბებია კი დიდ, ულამაზეს, ტკბილ ღვეზელს გამოგიცხობთ, ნაღებით და წითელი ჯემით.“
“ვაშა, ქუჩის სახლში გადმოტანა შევძელი!“ - წამოიყვირა ფილიპემ.
“და დღის სწრაფად დაღამებაც,“ - გაიფიქრა მერე. საათის პატარა ისარი იმ თოკზე გამობმულ ბუშტთან იდგა, დიდი კი ორ ციფრთან.
მამამ წიგნი გადაშალა და კითხვა გააგრძელა. ფილიპე ხვალ ბებიას დაურეკავს და ეტყვის, რომ იმ გოგოს,