რადგანაც სამთავრობო ჯარების ერთადერთი შენაერთი მხოლოდ ხობში იდგა, დანარჩენი ტერიტორია კი ,,ზვიადისტებს'' დაგვითმეს, სამეგრელოში საომარიც აღარაფერი დარჩა. ,,ახალგამოჩეკილმა,'' ახალ ომში ჩაბმულმა ხელისუფლებამ არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ისიც განაცხა და, რომ რადგან თბილისის ომის შემდეგ, კანონიერ ხელისუფლებას ვიცავდით, ამნისტირებულები ვართ... ტრაგიკომედია... ჩვენ ამნისტირებულები ჩვენი ხელისუფლების გარეშე აღმოვჩნდით... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, სად არის შენი ხელისუფლება, როცა ერთ ომს მეორე ცვლის?!
აფხაზეთიდან კი ამბები მოდიოდა...
ჯერ ჩვენი სისხლით დაბინძურებული გონებისთვის – ასატანი. მერე – გასაკვირი.
შემდეგ – მტკივნეული.
გაგრა!
მოკლეს, დაეცა, დაიღუპა, ემსხვერპლა... სხვადასხვა სიტყვა, რომელიც ყველა შემთხვევაში ჩემიანის უსულო სხეულს, მიწას მიბარებულ გვამს, უდროოდ შეწყვეტილ, თუ დასრულებულ სიცოცხლეს ნიშნავს.
აფხაზებმა ძალა მოიცეს... საიდან, როგორ?!
სამხედრო ტექნიკით, ჯარით გაძლიერდნენ...
– ბესო, ჩვენ რუსეთი გვებრძვის!
ვყვირი, რადგან მივხვდი: მე უნებლიე დეზერტირი ვარ, სხვებიც, ვისაც იარაღი გვაქვს და ვფიქრობთ, ან არც ვფიქრობთ... მაგრამ როგორ უნდა გავაგებინო ეს მათ?
იქნებ დავანახვო?!
ომის დაწყებიდან ოთხი თვე უაზროდ მიილია და როცა ჩემი კედელზე ჩამოკიდებული წითელი ჩოხა დაიმტვერა, გალის რაიონში სახელმწიფო ჯარის პატარა საარტილერიო შენაერთი დაბანაკდა.
– გამარჯობა!
– გამარჯობა, ძმაო!
ერთნაირები ვართ, ოღონდ მათ სამხედრო ფორმა აცვიათ და წვერი აქვთ გაპარსული, მე კი ოთხი თვეა, არც თმა და არც წვერი არ გამხსენებია. არც სხვებს. ამათ ვუყურებ: იცინიან, ხუმრობენ, ცხოვრობენ... ჩვენ კი მგლოვიარეებს ვგავართ.
– სოხუმშიც ყოფილხართ... რა ხდება ჩემს ქალაქში?
– გინდათ დაგარეკინოთ?
– როგორ?!
– ტელეფონი გვაქვს, „ემ ჩე“. იოლია... ქალაქის ტელეფონები გამართულად მუშაობს...
– არა, ვერაფერს ვეტყვი. რა ვუთხრა?!
– კარგი ერთი, შენ დარეკე და ისინი გეტყვიან.
ისინი მეუბნებიან, რომ მამა გავხდი!..
გიორგი ჭოჭუას ქუჩაზე დაიბადა. უცნაურია, უჩემოდ!
უზარმაზარ კონსერვის ქილაში, დიდი ხნის წინ გადასაყრელ ,,ბიჩოკებთან'' ერთად, ჩემი სიგარეტი იწვის და ისედაც ნიკოტინით გაჟღენთილ ოთახში მყრალ სუნს აფრქვევს.
– ბიჭი გეყოლა?! ძმაო, ეგ უნდა აღვნიშნოთ!
სხვადასხვა ზომის, ბროლის, შუშის, ფაიფურის, რკინის სირჩებს მუჭებით დგამენ მაგიდაზე და მაღალი შავი ბოთლიდან ალუბლის ლიქიორით ავსებენ.
– ქვეყანას ახალი ჯარისკაცი მოევლინა, დავულოცოთ გზა!
შტაბი. ვიწრო გრძელი ოთახი, სკოლის რამდენიმე მერხითა და მობრეცილი სკამებით ავსებული. მაგიდაზე ის ტელეფონი, მე რომ ჩემს ცხოვრებასთან დამაკავშირა და აყროლებული საფერფლე.
– ბესო, ეს ბიჭები ჩვენნაირები არიან. ამათ ვერც ჩვენდამი სიძულვილი შევნიშნე და არც თანაგრძნობა აკლდათ.
– კი, მაგრამ რა გვაქვს მათი შესაცოდი?
– იქნებ გზააბნეულები ვართ, ისინი კი სწორი გზით მიდიან?!
– გადაწყდა, ვახტანგ, ჩვენც მივდივართ!
– მაგრამ როგორ? სოხუმამდე გზა აღარ არის. ტამიშსა და ლაბრაში ბრძოლები მიდის... იქნებ სანაპირო ზოლით გავიდეთ?
– არა, ხაინდრავაა ჩამოსული ლოთისთან, მგონი, ამ საკითხზე მიდის მოლაპარაკებები...
– ჰო, რაღაც წესს მაინც ვემორჩილებით... ვიღაც გვმართავს, თუ ჩვენ მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს. იქნებ ამ გადაწყვეტილებას დრო უნდოდა მოსამწიფებლად? ჯარისკაცები ვართ.