1
მიწა ფრჩხილებით მოპოტნა, მანქანებით დატკეპნილი, მზეზე გამომშრალი მიწა ძნელად დაემორჩილა, მაგრამ მაინც მოახერხა მუჭში მისი ნამცეცები მოექცია. ცოტა ხანს პირქვე ეგდო, როგორც იმათ დააგდეს, მერე ორივე ფეხი შეაერთა და გვერდზე გაიტანა, ტანი მიაყოლა და რაღაცა ძალით გადაბრუნდა კიდეც. ახლა გულაღმა იწვა და ის მიწიანი ხელი ზუსტად წელს უკან ჰქონდა მოყოლილი. ხალხი ზემოდან დასცქეროდა. არავინ ეხმარებოდა, დუმდნენ კი. მზე გულაღმა დაგდებულს უფრო დაუნდობლად სწვავდა, ვიდრე მიწაში თავჩამხობილს. თვალები იმიტომ დახუჭა, რომ მზეს ვეღარ გაუსწორა. მზესაც და ხალხსაც. ქვემოდან პირველად უყურებდა ადამიანებს. ქვემოდან უარესები ჩანდნენ _ დაშვებული მუცლები, ძუძუები, აქა-იქ კაბიდან გადმოყრილი შესიებული მუხლისთავები, წვრილი დაგრეხილი ფეხები, მტვრიან შარვალში ამოკრული ღირსება, ჭუჭყიანი, დაკოჟრილი მოუვლელი ფრჩხილებით შემკული თითები, გაოფლილი, შუაზე გაყოფილი ნიკაპი, ყბები … ბევრი შეშლილი, დაცქერებული თვალი. ჯოჯოხეთს ჰგავდა. თვალდახუჭულისთვის კი ამეებიდან აღარაფერი დარჩა. მხოლოდ სიბნელე, სიჩუმე და სიმშვიდე. კი, სიმშვიდეც იყო, ოღონდ, როცა ხელი დაუბუჟდა, ხალხმა ყაყანი დაიწყო, თვალებიც გაახილა და ყველაფერი ერთბაშად დაბრუნდა. ტკივილი, სისხლის მლაშე გემო, მყრალი სუნიც. ჰო, ამას სიჩუმე სჯობდა, სიბნელე, დაბუჟებული ხელი … თვალების დახუჭვა შეეძლო, სხვა აღარაფერი და დახუჭა.
_ დამეხმარეთ, რომ წესიერად დაგაწვინოთ. _ ორივე ხელით ჩაებღაუჭა მხრებში ქალი. მზის სხივებს უჩრდილავდა. ვის სთხოვდა დახმარებას, მას თუ ირგვლივ შემოჯარულებს ვერ მიხვდა, მაგრამ ეს სიტყვა ,,დამეხმარეთ'', ბრძანებასავით ჟღერდა და თავად სცადა დახმარებოდა. უშედეგოდ, ვეღარ გაინძრა. ქალმა ჯერ უღონოდ, მერე უფრო ძლიერად ჩასჭიდა ხელი, წამოსწია და ის დაბუჟებული მკლავი, ზურგს უკან ნემსებად რომ უფეთქავდა, გულზე დაუკრიბა.
_ მხედავთ? ხომ მხედავთ?
ჩურჩულით ჩასძახოდა. ჩასცქეროდა თვალებში და ნამდვილად ჩასძახოდა, მაგრამ როგორ ახერხებდა ამას ასეთი დაბალი ხმით? მიხვდა, ეს ქალი ქალი კი არა, ხატი იყო, თალხში გახვეული, ცხელი ჟანგბადით დაწინწკლულ ჰაერზე მოლივლივე ხატი.
_ გხედავ.
ქალმა თავი წამოუწია და მოითხოვა: _ მომაწოდეთ რამე! _ მოითხოვა და მიიღო, _ მიაწოდეს. ტილოს ტომარა იყო. როცა ქალმა ეს ტომარა თავქვეშ ამოუდო, კაცმა ის მომუშტული ხელი პირთან მიიტანა და მშრალი, კენჭებარეული მიწა შეჭამა. სისხლის გემოს და ამ დაჩერებულ ხალხს მიწა მოერია და გააქრო, ახლა მხოლოდ ქალის სახეს ხედავდა. ეს სახეც მიდიოდა, მაგრამ რაღაც ხანის შემდეგ უკან ბრუნდებოდა, შავში ჩადიოდა და მერე ისევ ამოდიოდა.
_ ვინმეს ტელეფონის ნომერი მითხარით, აქ არავინ დაგეხმარებათ, _ აგრძელებდა ის სახე ჩურჩულით ყვირილს, სიმართლეს ამბობდა ნეტავ? რატომ არ უნდა დახმარებოდნენ ეს ადამიანები, ამათ განა რამე დაუშავა?! მაგრამ ხალხი უკმაყოფილო იყო, არ ღირდა ამ კითხვის დასმა და მათი გაღიზიანება, იმდენი ხმაურის შემდეგ, ესენი რომ კმაყოფილი ყოფილიყვნენ, მეტი სისხლი მაინც უნდა დაღვრილიყო, ამათ კი მხოლოდ მიწაზე დაგდებული, მოსაკლავად დანანებული უცნობი შერჩათ ხელში. ნაცემი უცნობი, საიდანღაც მათ მხარეში მოთრეული, ხუთ მუტრუკზე ხელის აწევა უიარაღო ხელით რომ გაბედა, იმათ, სცემეს და გაიქცნენ. ეს ხალხი კი სანახაობამ აიძულა იმისი დათვალიერებით დაკმაყოფილებულიყო, რაც ბედმა დაუტოვათ სარგოდ.
_ რას დასჩერებიხარ დედაო, მოვკიდებთ ხელს და გადავათრევთ გზიდან.
ამოღერღა იმ კაცმა, ყველაზე ბევრი ოფლი რომ სდიოდა. ეს იმას ნიშნავდა რომ მაინც დაეხმარებოდნენ?
_ დგახართ აქა და ყაყანებთ, ხელს მოჰკიდებთ და გადაათრევთ, რა ამისი გამოსავალია?! ვერ ხედავთ, როგორ დღეშია, საკაცე უნდა და ექიმი, მოვლა და პატრონი, თანაგრძნობა და არა ინტერესი, წადით აქედან, მე მივხედავ! _ გაბრაზდა უცებ ეს შავიდან გადმოსული ქალი და ისევ ძირს გაწოლილისკენ დაიხარა, მკლავზე ხელი დაადო და მიეფერა, ჰო, ნამდვილად მიეფერა, ისე როგორც პატარა, უმწეო ბავშვს, ისე როგორც უილაჯობისგან სასოწარკვეთილი ადამიანები ეფერებიან ერთმანეთს, მერე სისხლიანი სახიდან მიწა მოაშორა, სისხლი ხელისგულებით მოსწმინდა და გადაწყვეტილებაც მიიღო _ ნუ წვალობ, მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო, ახლა პოლიციას დავურეკავ.
ეს გადაწყვეტილება კი არა, უფრო შეკითხვა იყო, ნებართვის აღება. ქალს არ შეიძლებოდა სცოდნოდა რატომ ეგდო აქ ეს სასიკვდილოდ გამეტებული კაცი.
_ დარეკე, _ თქვა, კაცმა, მაგრამ დანამდვილებით არ იცოდა მართლა ჰკითხეს თუ არა რამე, მართლაც მიეფერნენ თუ არა მკლავზე, მართლაც ის ხდებოდა თუ არა, რაც ხდებოდა ან სიზმრად იყო თუ ცხადში, მაგრამ ორივე შემთხვევაში პოლიციასთან საქმის დაჭერა სჯობდა, რადგან თავად აღარ შეეძლო რაიმე შეეცვალა.
_ მოშორდით მეთქი ამ ადამიანს, ჰაერს მაინც