ტყვეობა
27 სექტემბერს, ტასოს მაჯის საათს დავხედე, რომელიც მის საფლავზე მედო. ზუსტად დილის 6 საათი იყო. რიჟრაჟი და დიდი სატვირთო მანქანა ერთად შემოვიდნენ ჩვენს ეზოში. აფხაზები, რუსები, კაზაკები, სომხები — ბევრი საშინელი, ბინძური კაცი. იმ მომენტში მივხვდი, რომ ჩვენი სიცოცხლის ბოლო წუთები დადგა.
ჩემს მეუღლეს, შავები არ უყვარდა, ან სად იყო მაშინ შავების ძებნის დრო, ამიტომ ის ეცვა, რაც ჩვეულებრივ — ღია თაგვისფერი კოსტუმი. ქალები გვერდზე გაგვწიეს და თენგოს გვარი კითხეს. თენგომ უპასუხა... მერე, არ ვიცი დრო გაიწელა თუ ამ სურათმა დატოვა ასეთი შთაბეჭდილება, მაგრამ ეს აგრესიული მასა ხანგრძლივად, მგონი მთელ საათს უსახური პირით აგინებდა და ურტყამდა ჩემს ქმარს. ბოლოს მიწაზე დააგდეს და წიხლებით შედგნენთენ, თირკმელებში, მუცელში, სახეში ურტყამდნენ. ის ჩუმად იყო... როცა კარგად გათენდა, და მისი წამებით გული იჯერეს. ორმა ველურმა კონდახის ცემით წაათრია მანქანისკენ. ბუნებრივია თენგოს ვუყურებდი... მისი თაგვისფერი შარვალი მთლიანად სისხლით, შარდით, ფეკალიებით იყო მოსვრილი. მაშინ უფრო შემეცოდა ჩემი წესიერი, ერთგული, განათლებული, ვაჟკაცი ქმარი.
ჩვენი ჯერიც დადგა. არ მინდა მტერს დავანახო, რომ სასტიკად მეშინია და ვცდილობ თავი მაღლა მეჭიროს. მინდა ღირსეულად წავიდე. თავში ერთადერთი ფიქრი მიტრიალებს, ფიქრი, რომ არაფერი ვათქმევინო საქართველოზე ცუდი... ერთი ამაზრზენი კაცი დედას მიუახლოვდა და შავი რატომ გაცვიაო, აგდებულად კითხა.“ავადმყოფი შვილი მომიკვდაო“, უპასუხა დედამ. ჩემი გადარჩენა უნდოდა ამით, მე ხომ მაშინ ლამაზი, ახალგაზრდა ქალი ვიყავი... ყურებში მაქვს ამ კაცის ყოველი სიტყვა“ მამოჩკა, ჩტო ტი ბარმოჩეშ, უ ვას ბლიადინაია სემია, უ ვას გრიაზნაია სემია, ვი ვსე სრაჟალის პროტივ ნას!“ მეგონა დედას გაარტყამდა და ახლოს დავუდექი. ამ წუთას მწვდა ყელში. უცნაურია და მაინც ვახერხებ ვიფიქრო — სიკვდილი მოვიდა, მეც ისე ღირსეულად უნდა დავიღუპო, როგორც ტასო... ამიტომ შევხედე ამ კაცს და თამამად ვუთხარი,“მე ტასო ნაჭყებიას და ვარ, ქართველი“. “ტი გრუზინკა, ბლიად?“
პირველად სახეში მთხლიშა და სათვალე ჩამამტვრია სახეზე. მერე ცემა ერთად გააგრძელეს. წავიქეცი, წიხლებით მირტყამდნენ, ტკივილისგან ხან გონებას ვკარგავდი, ხან ვბრუნდებოდი. როცა პირიდან სისხლი წამსკდა, ამაყენეს და მე და დედა მანქანაში შეგვყარეს. ჩემი მეზობლის, ბორია კაჭარავას სახლში მიმიყვანეს რომელშიც რაღაც შტაბივით ქონდათ მოწყობილი. იქ გამაშიშვლეს ველურებმა, სამზარეულოს კედელთან დამაყენეს და ჩემს ირგვლივ, კედლები ავტომატის ჯერით დაცხრილეს. ქვა და რკინა კი არა ვარ... გული წამივიდა. მერე მოხდა ის, რისიც ყველა ქალს ეშინოდა იმ ომში და რაზეც ლაპარაკი ამდენ ხანს მეც სასტიკად მრცხვენოდა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ უნდა ვთქვა, უნდა ვთქვათ როგორ შეურაცხგვყვეს, მათი ჭეშმარიტი სახე რომ დავხატოთ — ამდენი წამების შემდეგ თავი გადამპარსეს და შეურაცხყოფა მომაყენეს... ხარხარებდნენ, მაგინებდნენ, მირტყამდნენ თან... შემდეგ, როცა იფიქრეს, რომ გამტეხეს და დამიმორჩილეს, ჩემი ახლებურად დამუშავება დაიწყეს. ჰო, ჩემს ხორცს მოერივნენ, ამიტომ ახლა სული უნდოდათ, მაგრამ ვერ მივართვი! იქ გავიგონე მესამედ იგივე ფრაზა რაც თავის დროზე ანიამ და ვალერამ მითხრეს, ერთ დროს ჩემმა ახლო მეგობრებმა, ამ ჯერზე რუსი ბლუყუნებდა იქედნეს ღიმილით“იცოდე, ეს ყველაფერი თქვენმა ქართველებმა გაგიკეთესო“ და მომთხოვა მეც იგივე მეთქვა. ჩემს უარზე სახეში, მუცელში, გვერდებში მირტყამდნენ,“ თქვი რომ ეს აფხაზური მიწაა!“ თავს უარის ნიშნად ვაქნევდი, ისევ მირტყამდნენ. არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ თავი ავწიე და ამაყად ვუთხარი,“მე სოხუმის პირველი სკოლა დავამთავრე, იქ კი გვასწავლეს, რომ აფხაზეთი საქართველოა მეთქი.“ ჰოდა, მაშინ ჭამე შენი მიწაო და პირი მიწით გამომივსეს... მერე საღორეში შეგვყარეს მე და დედა. იმ წამების შემდეგ ეს ბუნებრივად მომეჩვენა.
იმ წუთას საიდან შემეძლო ჩემი ქმედების ანალიზი გამეკეთებინა, მაგრამ მერე მივხვდი, ასე იმიტომ კი არ მოვიქეცი, რომ გმირი ვარ, მე სიკვდილის გარდაუვალობის დანახვამ შემმატა ძალა. უფალთან პირნათლად მისვლის სურვილმა. ჩემი რწმენა, ჩემი სამშობლოს სიყვარული უფრო მეტი იყო ვიდრე ამ კაცუნების ზიზღი ჩვენდამი.
ორ დღეს საღორეში ვიყავით ჩამწყვდეულები. გარეთ რა ხდებოდა არაფერი ვიცოდით... მერე ბრეზენტით დახურულ სატვირთოში ჩაგვყარეს და სხვა ჩვენნაირ ნაცემ, შეურაცხყოფილ, ცხოვრებადამსხვრეულ ქართველ ქალებთან ერთად, რომელთაც დღემდე სცხვენიათ ამაზე ლაპარაკი, ბავშვებთან ერთად, რომელთაგანაც ბევრი ცოცხალი აღარ არის, რადგან დედების თვალწინ დახვრიტეს, მოხუცებთან ერთად, რომლებისთვისაც უკვე სულერთი იყო მათი პირადი ბედი, სადღაც წაგვიყვანეს. დღემდე არ ვიცი სად გავატარე შემდეგი ერთი ჯოჯოხეთური თვე.