თავი პირველი
ეს ჯელსომინორა გვყოლია და ვინ გვყოლია:საკმარისია დააღოს პირი, -ბურთი ბადეშია და უკვე გოლია!
ამ წიგნში მოთხრობილია ჯელსომინოს თავგადასავალი. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე თვითონ მიამბო და სანამ მოყოლას დაამთავრებდა, ცოტას გადარჩა, არ დავყრუვდი, თუმცა ყურები წინასწარ ბამბით მაგრად გამოვიტენე. აბა, რა უნდა მექნა, ჯელსომინოს ისეთი ძლიერი ხმა აქვს, მისი ჩურჩულიც კი მშვენივრად ესმით რეაქტიული თვითმფრინავის მგზავრებს, ზღვის დონიდან და თვით ჯელსომინოს თავს ზემოთ ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე რომ დაფრინავენ.
ახლა ჯელსომინო სახელგანთქმული ტენორია. კაცს ვერ ნახავთ ჩრდილო პოლუსიდან სამხრეთ პოლუსამდე, რომ მისი სახელი არ გაეგონოს. როცა ჯელსომინო მომღერალი გახდა, უფრო ტკბილხმოვანი, უფრო დიდებული სახელი დაირქვა. თქვენ ეს სახელი გაზეთებში ბევრჯერ შეგხვედრიათ და ალბათ უჩემოდაც კარგად იცით. ბავშვობაში კი მას „ჯელსომინოს“ - „ჟასმინს“ ეძახდნენ. მოდი, ჩვენს მოთხრობაშიც ასე მოვიხსენიოთ.
მაშ ასე, იყო ერთი პატარა ბიჭი ჯელსომინო, თუმცა ტანად სხვა ბიჭებზე პატარა იყო, მაგრამ ისეთი მჭექარე ხმა ჰქონდა, კაცს დააყრუებდა. ეს მისი დაბადებისთანავე გამოირკვა.
იმ ღამეს, როცა ჯელსომინო დაიბადა, მისი თანასოფლელები რაღაც ხმამ გამოაღვიძა. მათ ფაბრიკის საყვირი ეგონათ და ლოგინებიდან წამოცვივდნენ. რის საყვირი, რა საყვირი, ჯერ შუაღამეც არ გადასულიყო. თურმე ნუ იტყვით, სოფელი ჯელსომინოს ტირილმა გამოაღვიძა. ის ყველა სხვა ახალდაბადებული ბავშვივით ხმას ისინჯავდა. საბედნიეროდ, მალე ისწავლა ძილი და დილამდე ტკბილად ეძინა, როგორც სძინავს ყველა წესიერ ადამიანს ჟურნალისტებისა და ღამის ყარაულების გარდა. ახლა ჯელსომინო ტირილს ზუსტად დილის შვიდ საათზე იწყებდა, სწორედ იმ დროს, როცა ხალხს უნდა გაეღვიძა და სამუშაოზე წასულიყო. ფაბრიკის საყვირი აღარავის სჭირდებოდა და მალე უქმად გდებისაგან დაჟანგდა.
ჯელსომინო ექვსი წლისა გახდა თუ არა, სკოლაში მიაბარეს. სიის ამოკითხვისას მასწავლებელი ასო „ჯ“-მდე მივიდა და მისი სახელიც ამოიკითხა!
- ჯელსომინო!
- აქ ვარ! - მხიარულად უპასუხა ჯელსომინომ.
უცებ გრგვინვა გაისმა. გრიფელის დაფა ჩაიმსხვრა და აქეთ-იქით გაიფანტა.
- ვინ ესროლა დაფას ქვა? - მკაცრად იკითხა მასწავლებელმა და ხელი სახაზავისკენ წაიღო.
ყველა გაინაბა.
- კარგი, ხელახლა ამოვიკითხოთ სია, - თქვა მასწავლებელმა, - შენ ისროლე ქვა? - რიგრიგობით ეკითხებოდა ყველას.
- მე არა, არც მე, - ამბობდნენ შეშინებული მოწაფეები.
ბოლოს მასწავლებელმა ჯელსომინოს სახელამდეც მიაღწია. ჯელსომინო წამოხტა და გულწრფელად უპასუხა:
- მე არ ვყოფილვარ, ბატონო მასწ...…
მაგრამ ვერც კი მოასწრო სიტყვის დამთავრება და ფანჯრის მინებმა ზრიალი მოიღო იატაკზე.
ახლა მასწავლებელი ყურადღებით ათვალიერებდა კლასს და ნამდვილად ხედავდა, რომ არც ერთ მოწაფეს არ უსვრია შურდული, ორმოცივე მოწაფე გაუნძრევლად იჯდა.
„ფანჯარა ნამდვილად გარედან ჩაამტვრია ვიღაც აბეზარმა ბიჭმა, - გაიფიქრა მასწავლებელმა. - იმის ნაცვლად რომ სკოლაში იარონ, ქუჩა-ქუჩა დაეხეტებიან და ჩიტებს ბუდეებს უნგრევენ. ერთხელაც იქნება, დავიჭერ და ყურით მივათრევ პოლიციაში“.
იმ დღეს ყველაფერი ამით დამთავრდა. მეორე დღეს მასწავლებელმა კიდევ ამოიკითხა სია და კვლავ მივიდა ჯელსომინოს სახელამდე.
- აქ ვარ! - ამაყად უპასუხა ჩვენმა ჯელსომინომ, აქაოდა მოწაფე ვარო.
„ზრრრ!..“ - კვლავ აზრიალდა ფანჯრები. ნახევარი საათის წინ ჩასმული მინები ქვაფენილს დაემსხვრა.
- საოცარია, - თქვა მასწავლებელმა, როგორც კი შენს სახელს ვახსენებ, მაშინვე რაღაც უნდა დაგვემართოს. აჰა, გასაგებია, შენ, ჩემო ბიჭიკო, ძალზე მაღალი ხმა გაქვს. შენი ხმისაგან ჰაერი, როგორც ციკლონის დროს, ისე ირხევა. დღეიდან მხოლოდ ჩურჩულის ნება უნდა მოგცეთ, თორემ სკოლა და მთელი ჩვენი სოფელი ნანგრევებად იქცევა. შევთანხმდით?
შემკრთალი და დარცხვენილი ჯელსომინო შეეცადა, თავი გაემართლებინა:
- ბატონო მასწავლებელო, მე ხომ არ...
„ჩლახ!“ - გაისმა პასუხად ახალთახალი დაფის ხმა. ეს დაფა სკოლის დარაჯს ის-ის იყო მოეტანა მაღაზიიდან.
- აჰა, ხომ გეუბნებოდი... - თქვა მასწავლებელმა.
ჯელსომინოს გული ამოუჯდა და თვალებიდან ცერის სიმსხო ცრემლები გადმოსცვივდა.
მასწავლებელს შეებრალა, თავზე ხელი გადაუსვა და ალერსიანად უთხრა:
- ყური კარგად დამიგდე, შვილო! შენი ხმა ან გაგაბედნიერებს, ან მთლად დაგღუპავს. ჯერჯერობით კი ეცადე, ეგ ხმა რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენო. ამასთან, ისიც კარგად დაიხსომე, რომ ბრძნულად მეტყველება ვერცხლია წმინდა, ხოლო დუმილი ოქროა რჩეული.
ამ დღიდან დაიწყო ჯელსომინოს წამება იმის შიშით, რომ კიდევ არ მოეხდინა ფათერაკი, გაკვეთილზე პირში ცხვირსახოცჩატენილი იჯდა. მაგრამ ესეც არ შველოდა, მისი ხმა ისევ ძველებურად ჭექდა და თანაკლასელებს თითები სულ ყურებში დასაცობად ჰქონდათ მომარჯვებული. მასწავლებელი ცდილობდა, რაც შეიძლება, იშვიათად მიეცა შეკითხვა. არავინ იფიქროს, თითქოს ჯელსომინო ცუდად სწავლობდა. ის ყოველთვის სამაგალითო მოწაფედ ითვლებოდა