შესავლის შესავალი
როგორ ბჭობდნენ მშობლები, რა დაერქმიათ შვილისთვის ანამარია!
ანამარია ჭიამაია!
გაინტერესებთ, რატომ ჰქვია ეს სახელი პატარა, მშვენიერ შავთვალა გოგონას?
შვილი რომ შეეძინათ, დედმამა დიდხანს ბჭობდა, რა დაერქმიათ მისთვის, ანა თუ მარიამი (ასე ჰქვიათ ბებიებს). კამათი რომ არ გაგრძელებულიყო და შვილიც უსახელოდ არ დარჩენოდათ, მშობლებმა სოლომონ ბრძენის შესაფერისი გადაწყვეტილება მიიღეს, არც მწვადი დაწვეს, არც შამფური და გოგონას სულ სხვა სახელი შეურჩიეს. რომელი? ამას ჩვენი მოთხრობისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. თუ ძალიან გაინტერესებთ, ჩაიხედეთ ანამარიას „არქივში“, რომელშიც მისი დაბადების მოწმობა ინახება, ნამდვილი სახელიც იქ წერია.
გაგიგიათ ალბათ, ყველა მედალს ორი მხარე აქვს. ანამარიას მშობლებმა დავა კი აიცილეს, მაგრამ ბებიების უკმაყოფილება – ვერა.
გულნატკენი ანა ბებია საყვარელ შვილიშვილს მაინც ანას ეძახდა, მარიამ ბებია კი – მარიამს. და ისმოდა ყველგან: ანა! მარიამ! ზოგჯერ კი – პირიქით: მარიამ! ანა! ეს იმის მიხედვით, რომელი ბებია დაასწრებდა. ანა ბებია უფრო მარდი აღმოჩნდა და საბოლოოდ ბავშვს სახელად ანამარია შერჩა.
დედამიწაზე მრავალი ქვეყანაა, სადაც ორი კი არა, სამი ან ოთხი სახელითაც ვერავის გააკვირვებ. ყველაზე ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს, პელეს, სინამდვილეში, ედსონ არანტეს დე ნასიმენტო და კიდევ რაღაც ჰქვია. ერთი ძალიან, ძალიან სახელგანთქმული ფრანგი მხატვრის სრული სახელის დაწერა კი მეც გამიჭირდა:
უჰ! ძლივს არ დავწერე?!
ასე რომ, ანამარია რა გასაკვირია!
თავად გოგონას ძალიან მოსწონს ეს სახელი. მეგობრებმა მეტსახელად „ჭიამაიაც“ შეარქვეს, რადგანაც მას ძალიან უყვარს ჭიამაიები, თან მუდამ კოპლებიანი, წინწკლებიანი კაბებით დასეირნობს. შინ მოჩითული კაბების მთელი კოლექცია აქვს. მის ოთახში კედლებიც, ფარდებიც, საწოლის გადასაფარებელიც, ბალიშებიც ნაირგვარი კოპლებითა და წინწკლებით არის მორთული, რომ არაფერი ვთქვათ პიჟამასა და ღამის პერანგზე. ხანდახან გული სწყდება, რომ პეპი გრძელიწინდასავით სახეზე ჭორფლი არა აქვს, მაშინ მთლად წინწკლებიანი გოგონა იქნებოდა. დამავიწყდა მეთქვა, მაგრამ ალბათ თქვენ თვითონაც მიხვდით, რომ ანამარია ჩაისაც და რძესაც წითელწინწკლებიანი ფინჯნით მიირთმევს. ანამარიაზე დამდურებული პატარა ბუზღუნა გოგონა (ვინ? ამასაც ჯერჯერობით ვერ გავამჟღავნებ) ხანდახან ჩაიბურტყუნებს ხოლმე:
– საინტერესოა, რას შეარქმევდნენ ანამარიას ზედმეტ სახელად, შოტლანდიელებივით უჯრედებიანი ქვედატანები რომ ჰყვარებოდა?
ვგრძნობ, ძალიან გამიგრძელდა შესავალი. მოკლედ რომ ვთქვათ, არჩევანი თქვენზეა: თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ, განაგრძოთ კითხვა. თუ არადა, თავს აღარ შეგაწყენთ.
და მაინც, როგორც ზოგიერთი სატელევიზიო გადაცემის წამყვანი გვთხოვს ხოლმე – დარჩით ჩვენთან! და ბევრ თავშესაქცევ ამბავს შეიტყობთ.
დანართი:
დოკუმენტი 1
ანამარიას პირველი ავტობიოგრაფია
ისტორიამ შემოგვინახა ანამარიას პირველი ავტობიოგრაფია, რომელიც მან საბავშვო ბაღის მასწავლებლის თხოვნით დაწერა. თუ არ იცით, რას ნიშნავს ავტობიოგრაფია, აგიხსნით: ავტო – ბერძნულად ნიშნავს „თვით“, ბიო – „სიცოცხლეს“, გრაფო – „ვწერ“. ე. ი. ავტობიოგრაფიაში ადამიანი აღწერს საკუთარ ცხოვრებას. ეს ანამარიას ყველაზე საყვარელ წიგნში – „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“ ამოვიკითხე. ხედავთ, ანამარიას წყალობით, უკვე ერთი უცხო სიტყვას ისწავლეთ.
ანამარიას ავტობიოგრაფია სულ ორი სიტყვისაგან შედგებოდა – ფურცელზე დიდი, ბატიფეხური ასოებით ეწერა:
როგორც ხედავთ, ნაწერი გადაკეთებულია. ჯერ ეწერა „მე დავიბანე“, მერე თავად გაუსწორებია – ასო „ნ“ის მაგივრად დაუწერია ასო „დ“ და გამოვიდა – მე დავიბადე. რა მოხდა, შეცდომა ვის არ მოსვლია! მაშინ ანამარია ხომ სულ ხუთი წლის იყო!