ხევის ბერი გოჩა-I
იქნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც სოფელს ყანობს რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი და ორიოდე მარხილი მიუახლოვდა.
მხედრები სულ ყმაწვილები, ნარჩევი და ერთიერთმანეთზედ ლაზათიანები იყვნენ. ისინი მიდიოდნენ მხიარულად, სიმღერით და თოფის სროლით. აშკარად ეტყობოდათ, რომ ესენი სამტროდ არ მიემგზავრებოდნენ, რადგანაც არც სიფრთხილე ეტყობოდათ და არც ისე ბევრნი იყვნენ, რომ ასე გულადად და პირდაპირ შესულიყვნენ ხევის სოფელში, რომელიც თავისთავად მთელს, ძნელად ასაღებს, სიმაგრეს წარმოადგენს.
სოფელს რომ მიუახლოვდნენ, იმათ გამოეგებნენ იქაური ყმაწვილი ბიჭები და ორივე ცხენოსანთ გუნდი ერთმანეთისკენ ყიჟინით და თოფის სროლით გაექანნენ. ცხენები მიდიოდნენ თავბრუსდამხვევის სიჩქარით. მისი პატრონები ელვასავით ატრიალებდნენ თოფებს, ხან გადიზნიქებოდნენ, მიწას დასცემდნენ ხელს და ხან ისევ ისარსავით სწორედ გამართულნი, ნაზის, გულშემტაცებელის რხევით ერთმანეთისკენ მიესწრაფებოდნენ.
აგერ მიუახლოვდნენ ერთმანეთს, ცხენების თავები თითქმის ერთმანეთს სწვდებიან, საცაა შეეჯახებიან. მაგრამ სწრაფად, თითქოს მანქანებით, ერთბაშად შეჩერებულნი, ქვისგან გამოჭრილს სურათებს დაემსგავსნენ და ჰაერში გაისმა მხიარული მისალმება:
– გზა მშვიდობისათ!
– მშვიდობითაც გივლიათ!
ამის შემდეგ მოკითხვა, სალამი, ქალამი და ყველანი, ერთმანეთში არეულნი, გაემართნენ გაცალკევებულის სახლისკენ, სადაც სარკმლებიდგან გაჩაღებული ცეცხლის შუქი და მხიარული ტაშ-ფანდურას ხმა გამოდიოდა.
კარებთან გაცვივდა კიდევ თოფები და დამბაჩები, და ამ გრიალს შეუერთდა იქავ მოგროვილის ბავშვების ყიჟინის ხმა, და ცხენოსნები ჩამოხტნენ.
პატარეები მისცვივდნენ ცხენებს, ჩამოართვეს და დაუწყეს წინ და უკან ტარება, რადგანაც გაოფლიანებულს ცხენებს ორთქლი კორიანტელსავით ასდიოდათ და სიარულში შეშრობა ეჭირვებოდათ, რომ ცივს ნიავს არ დაეკრა და არ დაეხუთა.
სტუმრები მოგროვდნენ კარებთან, შუაში ჩაიყენეს ერთი წამოსადეგი, ახლად წვერ-ულვაშ აშლილი ყმაწვილი ბიჭი, რომელსაც ნაბადი ჰქონდა წამოსხმული და გვერდს მოუყენეს მეორე ყმაწვილი ბიჭი, უფრო მდიდრულად ჩაცმული და მთლად ოქრო-ვერცხლით შეჭედილი.
ყველანი გაჩუმდნენ და ჩამოვარდა ისეთი სიმშვიდე, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით.
ცოტა ხანიც და გაისმა წვრილი, წკრიალა ხმა „ჯვარულისა„. მას მისცეს ბანი და ჰაერი დაიფარა მედიდურის, ძლიერის და ამ ერთადერთის სავაჟკაცო სიმღერის ხმით, რომელიც თავის ჰარმონიით კაცს გაიტაცებს და სმენას დაუტკბობს, ძლიერებით ძვალსა და რბილს აუთრთოლებს, სისხლს აუჩუხჩუხებს და სახელის გამოჩენას მოაწყურებს. ამ სიმღერას მხოლოდ მთაში მღერიან, მხოლოდ იქაურს მედიდურს ბუნებას შეეძლო ამისთანა ჰარმონიული ხმის დაბადება!..
ამ სიმღერას მღერიან ხოლმე მხოლოდ ომში, ხატებისა და დროშების გამოსვენების დროს და ქორწილში. ეხლა ქორწილი გახლდათ. ნაბდიანი კაცი, გუგუა ფიჩიტაური, იყო სასიძო და მის გვერდით მყოფი ყმაწვილი, მდიდრულად ჩაცმული – ონისე, შვილი განთქმულის „ხევის ბერისა„ გოჩასი, რომელიც გუგუას ხელისმომკიდედ, მეჯვარედ მოჰყოლოდა.