მუშები
მუშაა.
ძირითადად თაროებს აკეთებს.
თუმცა ხანდახან კედლების გალესვა და შეთეთრებაც უწევს. ჩემთან კი რატომღაც მეტლახს აგებს.
მაღალია.
წვრილი.
კისერი წითელი აქვს.
ზურგზე თეთრად ბრეტელები ახატია.
კარების გაღება ვერაფრით ვასწავლე, ამიტომ სანამ აქ მუშაობს, აღარ ვკეტავ.
არ არის ზარმაცი კაცი, მაგრამ ბევრი ლაპარაკი უყვარს. ძირითადად იმას იხსენებს, გამსახურდიას მთავრობის დროს რაღაც დაბის პრეფექტი რომ იყო, ან ექიმებს და აფხაზებს აგინებს. აფხაზებმა ორი ძმა მოუკლეს. ექიმებმა შვილი დაუყრუეს.
ნერვები არ უვარგა.
სამაგიეროდ ისე მოხერხებულად იტყუება, რომ გაბრაზებას ვერ ვახერხებ.
გუშინ დამხმარე მოიყვანა.
მუშაა ისიც.
ქერა. წვრილი თვალები აქვს. ორი ჭიქის მერე უფრო უწვრილდება. ოთხის მერე კი საერთოდ უქრება და დადის ოთახებში ჯოხის კაკუნით. ხანდახან კედლებს ხელებს უფათურებს და ლოკოკინასავით ლორწოს ტოვებს.
_ ორ დღეში დავამთავრებთ! -შემპირდა მოსვლისთანავე.
ორი დღის მერე კი მესამე მომიყვანეს.
-ვერ ვასწრებთ უფროსო, ეს ჩემი ძმაა, მოგვეხმარება. ერთად უფრო მალე მოვრჩებით.
მგონი მუშის ძმაც მუშაა.
დაბალი. გამხდარი. რაღაცნაირად მოხრილი.
კეფაზე ერთი ბღუჯა თმა აქვს ამოგლეჯილი და შორიდან სამიზნეს ჰგავს.
სროლა ჯერ არავის გაუბედია.
ხანდახან ხელს თუ წამოარტყამენ და გააღვიძებენ.
ხო.
ზარმაცია.
დაჯდება თუ არა, იძინებს.
თავს დაბლა ჩახრის და ხროტინებს ხმადაბლა.
კარგი ნერვები აქვს. ხმაური არ აღვიძებს.
ერთი კვირის მერე კიდევ ორი მოვიდნენ.
ორივენი მუშები.
მაღალი დათოა.
დაბალი შოთა.
ტყუპებვით ჰგვანან ერთმანეთს.
გაგაჯულები და მხიარულები არიან.
კონტაქტურები.
დანარჩენ მუშებს უცბად შეაყვარეს თავი.
დალევა არ უყვართ, სამაგიეროდ მოსაწევს დაათრევენ ჯიბით.
მშრომელი ბიჭები არიან, მაგრამ ყველაფერს უკუღმა აკეთებენ.
ერთი ეგაა, უნიტაზი ჭერზე არ მიუმაგრებიათ.
ზუსტად ხუთ დღეში სააბაზანო იმ კონდიციამდე მიიყვანეს, როგორც რემონტამდე იყო.
მერე კი წავიდნენ და კიდევ ერთი მოიყვანეს.
ეს ბრიგადირია.
ამათი უფროსი და ჩემი უმცროსი.
მსუქანია, მელოტი და ჯიუტი.
კარგი ხმა აქვს და ხშირადაც ყვირის.
წინა ცხოვრებაში ალბათ პირამიდების მშენებლობას ხელმძღვანელობდა. მათრახით ხელში იდგა და ათასობით მონას ქვის სამტეხლოებში მიერეკებოდა.
ევიწროება ჩემი აბაზანა.
-გავზარდოთ, უფროსო. ეს კედელი დავანგრიოთ. რად გინდა ამხელა სამზარეულო. აქ კიდევ პატარა აუზი გავაკეთოთ. ბევრი ფულის დამატებაც არ მოგიწევთ. შინაური ბიჭები არიან და მოვრიგდებით.
ვრიგდებიც კიდეც.
მოჰყავს ოთხი ახალი მუშა და აგრძელებს მათრახის ტყლაშუნს.
-ხო ხედავ, ვერ ეტევით, თქვენი დედაც, მიიწ-მოიწიეთ, ერთ კვადრატულ მეტრზე ორ-ორი კაცი დადექით და საქმე გააკეთეთ... შენ კედელი დაანგრიე, შენ ახალი ააშენე, შენ უნიტაზი დაამტვრიე, შენ გამოძერწე... აუზი მრგვალი უნდა იყოს ბოთეებო, წაშალეთ თავიდან შემოხაზეთ...
და ასე უსასრულოდ
უსასრულოდ გაიწელა ერთი თვე ერთ დიდ გინებად.
22 ივნისს ბრიგადირი პენსიაზე გავიდა.
სასწრაფოდ მოწვეულმა მუშათა საბჭომ არჩევნები დანიშნა და ოთხი ახალი მუშიდან ოთხივე კანდიდატებად გამოაცხადა...
ი ახალი მუშა
სანდრო ზოიძე
ექვსდიპლომიანი მოხუცი ბრძენი.
პიონერი შეკიდული ჭერების სამყაროში.
კაფელზე კვეთის ოსტატი.
აქვს თეთრი წვერი და თევზის ვალი ნანას გასტრონომში.
იი ახალი მუშა
ჩვიდმეტი წლის გია გოგინავა.
მხიარული ბიჭი.
სერიალებზე და ვალებზე გაზრდილი თაობის ბრწყინვალე წარმომადგენელი.
რვა წლის ასაკიდან მუშაობდა „პამოშნიკად“.
თოთხმეტი წლისამ დამოუკიდებლად განახორციელა პირველი წარმატებული რემონტი.
აქვს ბევრი ფული და ცოტა ინტერესი.
იიი ახალი მუშა
გარიკ მამედოვი.
ცალთვალა თათარი.
დაბადებული თბილის და რუსთავს შორის, ტრიალ მინდორში.
შავი და მყრალი.
მეტსახელად „გარი ოქროსხელება“.
გაყვანილობის უბადლო სპეციალისტი.
ჰყავს სამი ცოლი და ჩვიდმეტი შვილი.
ივ ახალი მუშა
გელა ფოფხაძე. 34 წლის.
ჟუჟუნა და დათო ფოფხაძეების ინცესტური კავშირის ნაყოფი.
აქვს ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნის დამამტკიცებელი სერტიფიკატები.
ხელობა შესწავლილი აქვს როტერდამისა და ქუთაისის კანალიზაციებში.
ეხერხება დენის გაყვანილობის დამონტაჟება.
ჰყავს ძმა და ოთხი გოგო.
24 ივნისს ჩემ აბაზანაში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. 240 ათასმა მუშამ 8 საათში ერთ უნიტაზში ზუსტად ამდენივე ფურცელი ჩატენა და ამით გააუმჯობესა წინა რეკორდი რომელიც ქერა ნიკამ დაამყარა ზუსტად 14 საათში. (იმის