თავი ოცდამეერთე
წინათგრძნობა მართლაც რომ უცნაური რამ არის! ასეთივეა სწორედ ადამიანთა შორის ურთიერთთანაგრძნობა, გულშემატკივრობა და ავისა და კარგის მომასწავებელი წინასწარი ნიშნები. ეს სამი გრძნობა მთლიანობაში ისეთ საიდუმლოებას წარმოადგენს, რომლის გასაღებისთვის კაცობრიობას ჯერ კიდევ არ მიუგნია. წინათგრძნობისთვის ჩემს სიცოცხლეში არასოდეს დამიცინია, რადგან ჩემს პირად ცხოვრებაში ძალზე უცნაური შემთხვევები მქონია. რაც შეეხება მოყვასისადმი გულშემატკივრობასა და თანაგრძნობას, მჯერა, რომ ესეც არსებობს (მაგალითად, ძალზე დიდი მანძილითა და დროით დაშორებულ ნათესავებში, როცა აღმოაჩენენ, რომ ერთი შტოდან არიან წარმოშობილნი, მაშინვე თავს იჩენს ურთიერთთანაგრძნობა). აი, სწორედ ეს ურთიერთკავშირი აღემატება ადამიანურ მიხვედრილობას. კარგისა და ავის მომასწავებელი წინასწარი ნიშნები კი, რამდენადაც ვიცით, შესაძლებელია, მხოლოდ იდუმალი ურთიერთობა იყოს ადამიანსა და ბუნებას შორის.
ექვსი წლის გოგონა ვიქნებოდი, როცა ბესი ლივენის ამბავი მოვისმინე, მართა ებოტს რომ მოუთხრო: სიზმარში ჩვილი ბავშვი ვნახეო. სიზმრად ბავშვის ნახვა ბესისთვის ავის მომასწავებელი ნიშანი იყო და სჯეროდა, რომ რაღაც განსაცდელი მოელოდა მას ან მის ახლობელ ადამიანს. შესაძლებელია, ეს ამბავი ჩემს გონებაში სრულიად გამქრალიყო და არც განმტკიცებულიყო, რომ შემთხვევას მაშინვე არ დაედასტურებინა მისი ნათქვამი. ბესი მეორე დღესვე დაიბარეს თავისი პატარა დის სასიკვდილო სარეცელთან.
მოგვიანებით, ჩემს ცხოვრებაში ხშირად მაგონდებოდა მისი ნათქვამიც და ეს შემთხვევაც. ახლა კი, გასული კვირის განმავლობაში, ერთი ღამეც არ გამიტარებია საწოლზე, რომ ჩვილი ბავშვი არ დამსიზმრებოდა. მე ის ხან ხელში მეჭირა, ხან მუხლებზე მეწვინა და ვარწევდი, ხან ვუყურებდი, როგორ ეთამაშებოდა ზიზილებს მოლზე ან როგორ ჭყუმპალაობდა პატარა ხელებით მდინარეში. ერთ ღამეს თუ მტირალი მესიზმრებოდა, მეორე ღამეს უკვე მოცინარი და მხიარული იყო. ხან სულ ახლოს მეკვროდა, ხან კი გამირბოდა. რა გუნებაზე, ან რა სახით უნდა მჩვენებოდა, მივლულავდი თუ არა თვალს და, სიზმრის ქვეყანას გადავიდოდი. ასე მესიზმრებოდა ზედიზედ დაახლოებით შვიდი ღამის განმავლობაში.
არ მინდოდა ერთსა და იმავეზე ფიქრი, მაგრამ ხილვა ყოველ ღამეს მეორდებოდა. დაძინების დრო მოახლოვდებოდა თუ არა, ვიცოდი, რა სიზმარიც უნდა მენახა, და უკვე მღელვარება მემატებოდა. სწორედ იმ ჩვილს ვხედავდი სიზმარში იმ მთვარიან ღამესაც, როდესაც ყვირილი შემომესმა. მეორე დღეს, ნაშუადღევს კი, ქვედა სართულზე მიხმეს და მაცნობეს, რომ მისის ფეიერფაქსის ოთახში ვიღაც მიცდიდა. მართლაც, შესვლისთანავე შევნიშნე უცხო მამაკაცი. გარეგნობით ის ჯენტლმენის მსახურს მოგაგონებდათ; სამგლოვიარო ტანსაცმელი ეცვა და ქუდზეც კი, რომელიც ხელში ეჭირა, შავი ბაფთა ჰქონდა შემოვლებული.
- ვფიქრობ, აღარც კი გეხსომებით, მის ეარ, - მითხრა მან და ჩემი შესვლისთანავე წამოდგა. - ჩემი გვარი ლივენი გახლავთ. მეეტლედ ვემსახურებოდი მისის რიდს ასე, რვა-ცხრა წლის წინათ, როდესაც თქვენ იქ ცხოვრობდით, და ახლაც იქვე ვცხოვრობ.
- ოჰ, რობერტ! გამარჯობა. როგორ არ მახსოვხართ? განა, თქვენ არ მაძლევდით უფლებას ხანდახან მაინც მეც გამესეირნა ხოლმე ჯორჯიანას წაბლისფერი პონით? როგორ არის ბესი? თქვენ ხომ ბესი შეირთეთ?
- დიახ, მის. ჩემი მეუღლე სრულიად ჯანმრთელად გახლავთ, გმადლობთ. ორი თვის წინათ მან კიდევ ერთი პაწაწინა შესძინა ჩემს ოჯახს. ახლა სამი ბავშვი გვყავს. ბესი და პატარაც ყვავილებივით იფურჩქნებიან.
- ბიძაჩემის ოჯახის წევრები როგორ არიან, რობერტ?
- ვწუხვარ, რომ კარგს ვერაფერს მოგახსენებთ მათ შესახებ, მის; ისინი დიდ გასაჭირში არიან ამჟამად, ძალიან დიდ ტანჯვაში.
- ხომ არავინ მომკვდარა? - და კვლავ მის შავ ტანსაცმელს ავხედ-დავხედე. თვითონაც დახედა ქუდის გარშემო ბაფთას და მიპასუხა:
- ამ ერთი კვირის წინათ მისტერ ჯონი გარდაიცვალა თავის ოთახში, ლონდონში.
- მისტერ ჯონი?
- დიახ.
- მერე, დედამისმა როგორ გადაიტანა ეს ამბავი?
- როგორც მოგეხსენებათ, მის ეარ, ეს ჩვეულებრივი უბედურების მიზეზით არ მომხდარა. მისტერ ჯონი ხომ არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდა; ამ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, ღმერთმა იცის, რა უცნაური საქციელი აღარ ჩაიდინა და სამარცხვინოდ გარდაიცვალა.
- ბესისგან გავიგე, რომ ცუდ გზაზე იდგა.
- ცუდ გზაზე! უფრო ცუდი არც კი გამიგონია. მისტერ ჯონმა გაინადგურა საკუთარი ჯანმრთელობა და მთელი თავისი საცხოვრებელიც უზნეო ქალთა და მამაკაცთა წრეში გაანიავა; ვალი დაედო და ციხეში მოხვდა. დედა ორჯერ დაეხმარა, მაგრამ, გათავისუფლდებოდა თუ არა, ისევ თავის ძველ მეგობრებსა და ჩვეულებებს უბრუნდებოდა; ეტყობა, თავში ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა; არამზადებმა კი, რომელთა შორისაც ცხოვრობდა, ისე გამოათაყვანეს, რომ ყველაფერი აკისრებინეს. სამი კვირის წინ გეიტსჰედში ჩამოვიდა და მოითხოვა, რომ დედამისს ყველაფერი მისთვის გადაეცა, მაგრამ მისის რიდმა უარი უთხრა. დედის შემოსავალი კარგა ხანია შეარყია შვილის