მარი ბექაური
- ლევ „დედა სადააო?“ – იკითხა დათ.
დათ, ღობეზე აფხატებული, სოფელს გასცქეროდა – „ასე უფრო მაღალი ვარო“.
ლევ ქვემოთ იდგა და დათ უყურებდა.
„ჩამოდი, თორე ბებო მოვა და ორივეს გვცემსო“, – უთხრა ლევ.
„არაო“, – დათ უპასუხა.
„ჩამოდი, თორე ბებო გვცემსო“, – გაიმეორა ლევ.
„არა, ვეტყვი, რომ შენ მთხოვე და იმიტომ ავედი და მარტო შენ მოგხვდებაო“, – დათ არაფერი შესცვლია სახეზე.
„ჩამოდი, ჩამოდიო“, – ლევ ჭუჭყიანი სახელოთი მოიწმინდა შუბლი.
„მტერი გამოჩნდაო“, – დათ ჩამოხედა.
„აბაო?“
„ქვემოდან მოდიან. ვერ ხედავო?“
ლევ წამოიწია და მარჯვენათი მოიჩრდილა.
„არ ჩანან აქედანო“.
„ამოდი და დაინახავო“.
„მერე ბებომ რომ გაიგოს, მცემსო“.
„ნუ გეშინია, ამოდიო“.
ლევ რკინებს ჩასჭიდა ხელები და ღობეს აეფხოტა.
„ახლა ხედავო?“ – დათ თითი პირდაპირ გაიშვირა.
„ვერაო“, – დაიბნა ლევ.
„კარგად დააკვირდიო“.
„მარტო ცხვრებს ვხედავ. არაა მტერიო“, – გაუკვირდა ლევ.
„ჰოდა, ეგენი არიან მტრებიო“, – დათ სერიოზული სახით გამოხედა.
„მატყუებო“.
„არ გატყუებ. მართლა ეგენი არიანო“.
ლევ ჩაფიქრდა. მერე ხელი აიქნია:
„მაშინ ავისხათ თოფები და დავხვდეთო“.
„არ გეშინიაო?“ – დაეჭვდა დათ.
„არა, რისი უნდა მეშინოდესო?“
ლევ ჩამოხტა. ღობეზე მიყუდებული ჯოხი აიღო და სირბილით დაეშვა თავქვე.
„მოიცა, დამელოდეო“, – მიაძახა დათ.
დაღმიდან ბებია გამოჩნდა:
„სად მიდიხარო?“
ლევ შედგა. თავი დახარა.
„სად მიდიხარო?“ – ბებიამ თავსაფარი გაისწორა და თვითონაც გაჩერდა.
„მტრები მოვიდნენო“, – დაიჩურჩულა ლევ.
„რა მტრები, რას ამბობო“.
ლევ ცხვრებზე მიუთითა. აღარ უპასუხია.
„ეგენი რა მტრები არიან, ცხვრები არიანო“, – გაიცინა ქალმა.
„დათ მითხრა, „მტრები არიანო“, – ლევ თავი არ აუღია.
„მოგატყუა. წამოდი. სახლში ავიდეთ და ვჭამოთო“.
„არა, ჯერ მტრები უნდა დავხოცოო“, – გაბრაზებით აიქნია ჯოხი ლევ.
„ხომ გითხარი, არ არიან მტრები, წამოდიო“, – ბებო მიუახლოვდა.
„აბა, დათ რატომ მითხრაო?“
ქალმა ხელი წაავლო და აღმართს შეუყვნენ.
„დათ აქ იყოო“, – ღობეზე ანიშნა ლევ, როცა გაუსწორდნენ, – „სადაა ახლაო?“
„სახლში იქნება, შევიდეთო“, – ბებომ ეზოს კარი შეაღო და ლევ ხელით უბიძგა შინისაკენ.
„დათ, სად ხარო?“ – გასძახა ქვის კედლებს.
დათ სახეაწითლებულმა შეირბინა ოთახში.
„სად იყავიო“.
„იარაღს ვამზადებდი. მტერი მოგვადგაო“.
„ნუ სულელობ, გაიხადე ეგ ქურთუკი და ხელები დაიბანე. საჭმელი ვჭამოთო“.
„მერე შევჭამ, უნდა მოვასწრო, სანამ გაქცეულა მტერიო.“
„არ არიან ეგენი მტრები, ნუ ბოდავო“, – გაბრაზდა ქალი.
დათ თავი ჩაჰკიდა.
„მე დათ მქვიაო“, – თქვა ლევ.
„მაგისი ბრალიაო“, – დათ ძმას გახედა.
„რაო?“ – იკითხა ბებომ.
„რა და, მაგან მითხრა, რომ მტრები იყვნენო“.
„მე არა, შენ თქვიო“, – შეცბა ლევ.
„ტყუი, მაბრალებო“, – დათ მუშტი მოუღერა.
„შენ თვითონ ტყუი! მე გითხარი, ცხვრები არიანო, შენ კიდე – არა, ეგენიაო მტრებიო“, – ლევ თვალები მოუწყლიანდა.
„კარგი. გეყოფათ! ხელები დაიბანეთ და მაგიდას მიუსხედითო“, – ქალმა მკაცრად უთხრა.
უსიტყვოდ დამორჩილდნენ. ეზოში გავიდნენ და სახლის წინ, ონკანთან გაჩერდნენ.
„ჯერ მე დავიბანო“, – დათ ლევ ხელი გაჰკრა. ლევ ხმა არ გაუცია.
„ცივია წყალი. არ დავიბან და ბებოს არ უთხრა, თორე გცემო“, – დათ წარბები მოჭმუხნა.
„რატომ უთხარი, რომ მე ვთქვი მტრებზეო“, – ჰკითხა ლევ.
„ეგ შენი საქმე არაა. ისე მოიქეცი, როგორც გაგაფრთხილეო“.
ლევ ონკანთან მივიდა და ხელები წყალს შეუშვირა.
„ცივიაო“.
„თუ გინდა, არც შენ დაიბანო და არ გაგამხელო“.
„არა, ბებომ მითხრა და უნდა დავიბანოო“.
დათ გაიცინა.
ბებომ ფანჯარა გამოაღო:
„რას შვრებითო“.
„მოვდივართო“, – გაეპასუხა დათ. მერე ლევ ხელი ჩასჭიდა და სახლში შეირბინეს.
„ახლა დასხედით და ჭამეთ. თქვენი ხმა არ გავიგოო“. – ბებომ სკამი გამოსწია და თვითონაც ჩამოჯდა.
დათ წვნიანი მოხვრიპა და ბებოს შეხედა.
„რა იყოო?“ – ჩაეძია ქალი.
„დედა სადააო?“ – ჰკითხა დათ.
ბებო გაჩუმდა. ლევ ბებოს შეხედა. ორივენი შესცქეროდნენ.
„მე რა გითხარით, ჩუმად ჭამეთ საჭმელიო“, – ქალმა თვალი აარიდა და იატაკს ჩააშტერდა.
ლევ და დათ ერთმანეთს გადახედეს. რაღაცას მიხვდნენ. მერე თეფშებს მიუბრუნდნენ და ისე ამოსვლიპეს, ხმა აღარ ამოუღიათ.
„ჭიანჭველების ჯარი არტყია ჩვენს განძს, იარაღი – მალეო!“ – დაუყვირა დათ ლევ.
დათ საფეთქლებიდან ოფლმა გამოჟონა.
„აბა, სად არიანო?!“ – დაფრთხა ლევ.
„ჩქარა მოდი, სანამ ჩასულან მიწაში და განძი შეუჭამიათო“.
ლევ აფორიაქებულმა მოირბინა.
„ჩუმად იყავი, მგონი ჩვენი ესმით, გვიყურებენო“, – დათ ჩურჩულზე