მიშა ბახსოლიანი
- დაცემა
თავდაცვის სამინისტროს მოსაცდელი ხალხით იყო სავსე. გურამი კოჭლობით მიდიოდა და ცალი თვალით დასაჯდომ ადგილს ეძებდა. მეორე თვალი ბინტით ქონდა აკრული, მაგრამ ეს სულაც არ ამსგავსებდა მეკობრეს. სამხედრო ფორმა ეცვა, გვარიანად დაძველებული და გახუნებული, ხელში პოლისჯოხის ტარი ეჭირა და ყავარჯნად ხმარობდა. დახეული ბათინკები ისეთნაირად გაეპრიალებინა, ლაპლაპი გაუდიოდა, თუმცა საერთო სურათს ეს ბევრით ვერაფრით შველოდა. ერთი შეხედვაც საკმარისი იყო, რომ თამამად გვეთქვა, გურამს გადებული აქვსო. ყველა სკამი დაკავებული იყო. გურამს იმედი ჰქონდა, ვინმე ადგილს დამითმობსო და დაშავებულ ფეხს დემონსტრაციულად მიათრევდა პარკეტზე. ალაგ-ალაგ პარკეტი აყრილი იყო, რაც კიდევ უფრო უმძაფრებდა ტკივილს. თუმცა სკამებზე მსხდომი ადამიანები გურამს თვალს არიდებდნენ და ჭერში იყურებოდნენ. თანაც არც მათ ულხინდათ. ისეთი დრო იყო, თითო ჭრილობა ყველას მოეძევებოდა. როდესაც მიხვდა, დაჯდომას ვერ ვეღირსებიო, კედელს მიეყუდა და საათს დახედა. 10 ხდებოდა. შეხვედრამდე ერთ საათს უნდა გაეძლო.
– ტყვია თუ ნაღმი?
– რა ბრძანეთ? – ხმას მოუბრუნდა გურამი.
იქვე, მის ფეხთან, ახალგაზრდა მამაკაცი მოხერხებულად ჩაცუცქულიყო და ბარძაყს უთვალიერებდა.
– ტყვია.
– აფხაზეთი თუ ოსეთი?
– აფხაზეთი. სოხუმის დაცემის წინა დღეს დამჭრეს. სნაიპერმა მესროლა.
– გაგიმართლა. ცუდი სნაიპერი შეგხვდა.
მამაკაცი ისევ ჩაკუზული იყო და ეტყობოდა, ადგომას არც აპირებდა. გურამმა თავი უხერხულად იგრძნო. თან მისი ბათინკების ნაკლოვანი მხარეები ახლოდან უფრო შესამჩნევი იყო.
– მე გურამ ჩადუნელი ვარ. უმცროსი ლეიტენანტი, – ხელი გაუწოდა უცნობს, თან იფიქრა, იქნებ ახლა მაინც ადგესო, მაგრამ მამაკაცმა ხელი ჩაცუცქულმა ჩამოართვა და თან ხვნეშით დაამტა:
– მაპატიეთ, ფეხზე ადგომა არ შემიძლია. ტყვია კუდუსუნთანა გაქვს გაჭედილი. იძულებული ვარ, ასე ვიარო. ეს ნაბიჭვრები კი ოპერაციის ფულს არ მაძლევენ. უკვე მეოთხედ მოვდივარ.
– კი მაგრამ, რას გეუბნებიან? – გაუკვირდა გურამს და უსიამოვნოდ შეიშმუშნა, თვითონაც დახმარების სათხოვნელად იყო მოსული და, ამ კაცის შემხედვარე, ეჭვი შეეპარა, ტყუილად ხომ არ მოვედიო.
– არც არაფერს. თურმე ნუ იტყვი და, სახელმწიფოს უჭირს, თან ავადმყოფების მიხედვა თავდაცვის კი არა, ჯანდაცვის საქმეა.
– იყავით ჯანდაცვის სამინისტროში მისული?
– იქიდან მოვდივარ. იქიდან აქ გამომიშვეს. რაღაც საბუთს მთხოვენ.
– საბუთს?
– ხო, საბუთს, სადაც ეწერება, რომ მართლა ვომობდი და მართლა დაჭრილი ვარ.
– მერე მიუტანეთ.
– მივუტან კიდეც. აბა ასე ჩაკუზული ხომ არ ვივლი მთელი ცხოვრება, – გაბრაზდა უცნობი და მისი ხმაც ნელ-ნელა ყვირილის რეჟიმში გადავიდა.
– კარგი, დაწყნარდით, ყველაფერი კარგად იქნება, – დაამშვიდა გურამმა, – საბუთს მოგცემენ და ოპერაციაც კარგად ჩაივლის.
– წადი შენი, დაამშვიდე ბებიაშენი, – ჩაილაპარაკა კაცმა და ოთახის მეორე ბოლოსკენ ჩაკუზული წავიდა.
გურამი მინისტრთან 2 საათზე შევიდა. ფეხი საშინლად სტკიოდა. თვალებში უბნელდებოდა და თან ძალიან შიოდა. მინისტრს დაღლილი სახე ჰქონდა, თუმცა მისმა ყურებამ დიდხანს არ მოუწია. შესული არ იყო, რომ ბატონ ვარდიკოს ვიღაცამ დაურეკა და იმანაც გურამის თავი მსუქან მოადგილეს გადააბარა. თვითონ კი უკანა კარით გავარდა და თან დაიბარა, საღამომდე თუ ვინმემ მიკითხოს, უთხარით, რომ ხიდაშლებში ვზივარო. მოადგილეს ახალი გაპარსული სახე შეწითლებოდა და გამწარებული იფხანდა კისერს.
– ვეტყვით, აბა რას ვიზამთ! – დაპირდა უფროსს, შემდეგ კი გურამს მოუბრუნდა და ჰკითხა:
– აბა, ბატონო დავით, რა გნებავთ?
– მე გურამი მქვია.
– ხო გურამი, გურამი. უკაცრავად. იმედია, ფეხის სამკურნალოდ არ მოხვედით. ეგ ჯანდაცვის საქმეა.
– არა, რას ბრძანებთ. ფეხი თითქმის მომირჩა. მე ცოტა სხვა სათხოვარი მაქვს.
– ბრძანეთ მერე. თუ ვერაფერს გიშველით, მოგისმენთ მაინც.
– იცით, მე დიდხანს ვიბრძოდი, ჯერ ოსეთში, მერე აფხაზეთში. ბევრი ადამიანი გადავარჩინე სიცოცხლეს, ბევრიც მოვკალი, მამაცობისთვის მედალიც კი მომცეს. ბოლოს არ გამიმართლა და ფეხში დამჭრეს. ბრძოლა აღარ შემიძლია. მამაჩემი ომში დაიკარგა, დღესაც არ ვიცი, მკვდარია თუ ტყვედ ჩავარდა. დედაჩემი ახლახან მოკვდა, ჩვენზე ნერვიულობას გადაყვა.
– მერე მე რით გიშველოთ. სამწუხაროდ, ჩვენ ადამიანების გაცოცხლება არ შეგვიძლია.
– არა, რას ბრძანებთ. იქნებ მამაჩემი მოგეძებნათ. იქნებ პლენში იყოს და ვინმეში გაგეცვალათ.
– იცით რა, ტყვეების გაცვლა უკვე დავასრულეთ. ალბათ მამათქვენი ტყვედ არ ჩავარდნილა, თორემ უკვე გავცვლიდით.
ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ბოლოს ისევ მსუქანმა ივარგა. სკამიდან ადგა, გურამთან მივიდა, მხარზე ხელი დაადო და