შესავალი
იცი, დაიწყებენ, ბაბუამისის შვილიშვილს უკეთესი უნდა დაეწერაო, ეს არც ისეთი ნიჭიერიაო, მგონი იუმორი ვერ აქვს ბაბუამისისო, რას ერჩი ნორმალური გამოუვიდაო, იქ ესე ჯობდა, აქ ასეო, ნამეტანი ხომ არ მოინდომაო, ჯერ პატარაა, მაგრამ მალე თავს ამოყოფსო.
ადამიანი ბრძენი უნდა იყოს, უნდა აიტანოს, უნდა ათრიოს, უნდა გაუძლოს, უნდა უყვარდეს, უნდა იფხიზლოს, უნდა ივაჟკაცოს, უნდა იცინოს, უნდა შეიჭმუხნოს, უნდა დათესოს, უნდა მოიმკას, უნდა იჩხუბოს, ფული უნდა იშოვნოს და ასეეე... მგონი ეს “უნდა” ქმნის აუტანელ, დამთრგუნველ გარემოს, რომელსაც გაურბის ადამიანი და სამწუხაროდ, ძირიან-ფესვიანად იკარგება ხავსმოდებულ ჭაობში. ზოგი პირიქით ფიქრობს, “უნდა” ძლიერ სიტყვად წარმოუდგება, “უნდა” გვაკეთებინებს ყველაფერს ადამიანებსო. ეს ძალიან რთული საკითხია, თუმცა რთული არაფერი არ არის, თუ არ გაართულე.
ადამიანს თვითონ აქვს სული, და ეს სული ცაში ადის, დაბლა უფსკრულში ეშვება, ხეზე ვაშლს წყვეტს, სტაფილოსფერ მზეს ეცხუნება, მთვარეს შემოივლის, ვარსკვლავს თვალს ჩაუკრავს, თბილისს გააღვიძებს, ყველგან წამოგვყვება საფლავის გარდა. მძულს ხოლმე სული ასეთი ღალატისთვის, თუმცა რაც არ გინდა ის არ გინდა და ამას ვერაფერს ვუზამთ. “უნდა” ამოსაშლელია, ყოველ-შემთხვევაში ჩემი ცხოვრებიდან, რადგან ყოველთვის “უნდა” არ მინდად გადამქცევია.
ბაბუაჩემს უნდოდა რომანი, რომელსაც „ბუხარი“ დაარქვა, ბოლომდე მიეყვანა, თუმცა სიცოცხლემ და მისმა ხანგრძლივობამ ამის უფლება არ მისცეს.
მე მომინდა ეს საქმე ბოლომდე მიმეყვანა... და რაღაც მაინც გავაკეთო ამ ცხოვრებაში ისეთი, რაზეც დაფიქრდებიან, გაუხარდებათ, მოეწონებათ ან არ მოეწონებათ, შემაქებენ ან გამკიცხავენ და ა.შ.
ეს რომანი ბაბუაჩემის “ბუხარის” მიხედვით არ იწერება, ეს ჩემი „ბუხარია“.