უმა უმა არავის იცნობდა.
მას კი ელოდნენ. უცხო ნაყოფი იყო, განსხვავებული. არ ჩანდა, არ მოძრაობდა, მხოლოდ სუნთქავდა.
ყველას ახარებდა არსებობით, მას განსაკუთრებით...
დღითიდღე იზრდებოდა და იძენდა აზრს მისი არსებობა. არსებობა იმისა, რასაც - ქმნილება ქვია.
რა თქმა უნდა მას უხაროდა, განიცდიდა, ნატრობდა, ელოდა.
უმაც მან დაარქვა, წინასწარ.
უმა ყვავილს ჰგავდა. არავის აწუხებდა. ალამაზებდა ყველაფერს, ავსებდა გარემოს, სიხარულს ჰგვრიდა ყველას. ყვავილიც ხომ ასეა? არავის ერჩის. უსულდგმულოდ ხარობს. ჯერ ნორჩია, მერე ყვავილობს, ბოლოს... ბოლოს კი ჭკნება.
უმა ჯერ ნორჩია.
არარა ესმის.
ნელნელა იზრდება.
ყალიბდება.
არსების ფორმას იძენს.
ემსგავსება ქმნილებას, ვინაც შექმნა. იმას ვინაც არ იცოდა მისი არსებობის აზრი, ან არ უნდოდა გაეგო.
უმა ფასეულია. უმანკო, სასურველი.
იცის თუ არა ეს?
ალბათ კი.
ამიტომ მოდის; როგორც ჩანს გაათვითცნობიერა და მოისწრაფის.
არ ჩქარობს. ნელ-ნელა. ნაბიჯ-ბაბიჯ.
ის სულმოუთქმელად ელის.
უმა უმანკოებაში ჩასახული უმანკოებაა. აზრია მთელი ცნობიერების და შედეგი უარაფრობის.
ვნებათაღელვის "ნაწარმია", სასარგებლო "ნაწარმი".
ნეტარების, სიმშვიდის სიმბოლოა.
ერთგავრი სხივია. სხივი, რომელიც ანათებს მარტო ერთის ცნობიერებას; ცნობიერებას, რომელიც უდრის იმედების სრულ აღმავლობას, ერთი საფეხურიდან მეორეზე და ასე დაუსრულებლად...
ის შემთხვევითობის აჩრდილია. თვითნებურად მოხდა მისი "დაპროექტება" და თვითნებურადვე არ შედგა პროექტ - ქმნილების განხორციელება.
ის თავიდანვე გაწირა განგებამ, რომელიც არავის არაფერს ეკითხება.
განგებამ უსუსრს სძლია.
უმამ ვერ იყვავილა. ინორჩა. წვიმაც არ ხვდა წილად და ძირფესვგაუმაგრებლად დაჭკნა.
მეხსიერებას გადაებარა...
არავის დაენახა.
არავის გააგონა ხმა.
არც ახლოს იყო და აღარც შორს.
ვერავინ გაიცნო.
უმას აღარავინ ელოდა, ყველაზე მეტად მომლოდინეც კი.