წინასიტყვაობა ეძღვნებათ გარდაცვლილ მეგობრებს...
სელკაიოს გზა
ძალიან მიჭირს მერაბ დოლიძეზე საუბარი, რადგან ძალიან ახლობელია და ვიცი, რომ უკიდურესად მიკერძოებული ვარ. მაგრამ, ამ მიკერძოებიდანაც მინდა ვთქვა რამდენიმე რამ.
ჩვენ გავიზარდეთ საყოველთაო ძალადობის დროში. ჯერ იყო და, საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველას უშველებელი „ დიდი ძმა “ გადმოგვყურებდა, რომელიც ჩვენს ყველა მოქმედებაში ერეოდა და თავისუფლად ფიქრის საშუალებასაც კი არ გვაძლევდა. ამის შემდეგ დაიწყო გარდამავალი პერიოდი, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა და რომლის დროსაც სულიერი ორიენტირები მთლიანად დაიკარგა. ერთდროულად შემოვიდა ნივთების უსაზღვრო სიყვარული, ძალაუფლებით თრობა, ნარკოტიკების დიდი რაოდენობა და პრივატიზებული ძალადობა. ერთი სამოქალაქო ომი და კიდევ ორი, ასევე სამოქალაქო და ეთნიკური კონფლიქტი, საშინელ იარად გაჩნდა ჩვენს სხეულზე. ბევრი ჩვენი თაობის წარმომადგენელი იმ რთულ და ტრაგიკულ წლებში დავკარგეთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხომ ძალადობის პრივატიზაცია მოხდა - განსაკუთრებით ომების პერიოდში. ამ „ კერძო საკუთრებაში “ გადასულმა ძალადობამაც ბევრი ადამიანი დაგვაკარგვინა. შემდეგ კი, 2003 წლის რევოლუციის მერე, მერაბისა და ჩემმა თაობამ ვნახეთ უკვე ახალი პრეტენზიებით მოსული ახალი ტიპის კარიერისტები, რომლებმაც ძალადობის ისევ ნაციონალიზაცია მოახდინეს მაქს ვებერის გამოთქმებს ამოფარებულებმა და სინამდვილეში სხვადასხვა ავტოკრატი მაჯლაჯუნების სურათების მიმბაძველებმა. ამ ახალმა, შუშისთვალება და სახელმწიფოს სახელით მოძალადე კარიერისტებმა ბევრად აჯობეს მხედრიონის, გვარდიის, ტყის ძმების მაგალითებს და ქვეყანაში მთლიანად ტექნოკრატიული ტერორი დაამყარეს. მათ სხვანაირი ოცნებაც კი აკრძალეს, სხვანაირი სიზმარიც, მაგრამ ამას ბევრად ეშმაკურად აკეთებდნენ, ვიდრე მათი წინამორბედი ბოლშევიკები ან მათი მემკვიდრე სამხედრო დაჯგუფებები.
და სწორედ ამ დროს მოგვიწია ჩვენ ცხოვრება - ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც ყოველივე საკუთარის ან გმობა, და ანაც სრული გაღმერთება იყო მოდაში. ვაჟა-ფშაველას „ ოქროს შუალედი “ თითქოს დაივიწყეს. ეს გინდა გქონდეს და ასეთი ოცნებაა საჭირო! აი, ამ ქვეყნებს უნდა მივბაძოთ და ესენი სრული ბარბაროსები არიან! ასეთი სისულელეებით გვიტენიდნენ თავებს ამ „ გარდამავალ “ ეპოქაში. ჯერ ამას თუ პირდაპირი მნიშვნელობით ქურდები და ყაჩაღები აკეთებდნენ, მერე უკვე - პიჯაკებში გამოწყობილი უსულგულო კარიერისტები. და სადღაც მიიმალა ის სული, რომელზეც მერაბი ამდენს წერდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში. რატომ არის, რომ მფრინავი თეფშის უხილავ არსებებს ვაღმერთებთ და ვციდლობთ მათ მივბაძოთ, მაშინ როდესაც აქაც, სახლშიაც ამდენი მშვენიერი რამე გვაქვს? რატომ ვბაძავთ უცხოელებს ყველაფერში? ცხადია, ამ კითხვებზე პასუხი ადვილი გასაცემი არაა - ყოველთვის გეშინია ისეთ შუაგულში არ გაიჭედო, რომელშიაც თავის დროზე დოსტოევსკი აღმოჩნდა, როდესაც თავის „ ეშმაკებს “ წერდა. სულიერება და სიმართლე ხომ ყოველთვის სადღაც უკიდურესობებს და დოგმებს შორისაა - სიყვარული ხომ მეტაფიზიკური კატეგორიაა, რომელსაც ვერანაირი გონება ვერ იმორჩილებს.
როდესაც ადამიანი მარტოა საპატიმროში, მას მეტი დრო რჩება, რომ იფიქროს წუთისოფელზე და ფილოსოფოსი გახდეს. თუმცა ამ ფიქრის დროს ის შეიძლება ანტიფილოსოფოსიც გახდეს, ისევე როგორც ვიტგენშტაინი. აუჯანყდეს მარტო გონების ბატონობას და გადაწყვიტოს სხვა ტიპის ინტუიციით იცხოვროს - გამოცდილებას ხომ არანაკლები ფასი აქვს. ზოგის აზრით, მეტიც, ვიდრე გონისმიერად შეძენილ ცოდნას. რა კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ იმ მოხუცისგან გვესწავლა, რომელსაც მომავალი თაობები ხშირად თავს აჭრიან და არ აცლიან ამ გამოცდილების გაზიარებას. სულიერება ხომ შეიძლება გამოცდილებასაც ემყარებოდეს. ამაზე არაჩვეულებრივად წერდა ფრანგი ფილოსოფოსი ანრი ბერგსონი. გამოცდილება ქმნის ინტუიტურ სამყაროს, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გონება არ არსებობს, ან სრულიად უარსაყოფია. თითოეული ჩვენგანის დილემა ამ ცხოვრებაში სწორედ ისაა, თუ როგორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ: რას უფრო დავუჯერებთ, ჩვენს გულსა თუ გონებას? ან როგორ მოვახდენთ მათ სინთეზს და სინერგიას ერთ ჰარმონიულ ადამიანურ არსებაში. ეს ალბათ სამარადისო კითხვაა და არც დღეს გაჩენილა და არც გუშინ - მაგრამ კაცობრიობა მუდმივად ახლებურად იაზრებს ამ საკითხს და ხშირად შეცდომებს იმეორებს. ისევ და ისევ, არ უჯერებს იმ მოხუცს, რომელსაც ბევრი რამის სწავლება შეუძლია ახალგაზრდისათვის, რომელიც მომავლის სახელით ახალ დიქტატურას ამყარებს.
დღედაღამ ჩვენ ამ ურთულეს კითხვებს ვეჭიდავებით - მერაბის გამოცდილება და მისი ნაფიქრალი სწორედ ამის დასტურია. და ძალიან საინტერესო ხედვა ჩვენი ცხოვრების - სადაც სიყვარული, სიძულვილი, გაჭირვება, განსაცდელი, სიხარული, ბედნიერება შეიძლება ყოველ წუთს ცვლიან ერთმანეთს, ანაც მუდმივად მოლოდინში გვამყოფებენ.
ირაკლი კაკაბაძე