წიგნი I
საქართველოს რადიოს იშვიათი ჩანაწერების ფონდს ადრეულ წლებშივე „ოქროს ფონდი“ შეერქვა, რადგან ქართველი ხალხის ღირსეულ შვილთა დაუვიწყარი ხმების ჩანაწერებს მოიცავს. ეს არის ქართული კულტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ორიგინალური საგანძური, რომელშიც მოჩანს ქართული მწერლობა, თეატრი, კინო, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, მეცნიერება. უფრო ზოგადად, ქართველთა სულიერი ცხოვრება ძალზე რთულ წინა საუკუნეში.
წიგნი, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ, მოგვითხრობს ამ საგანძურის ერთ ნაწილზე - რადიოს ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა რედაქციის ჩანაწერთა კოლექციებზე. ამ კოლექციების აღწერილობას ავტორი საკუთარ დაკვირვებებს, კომენტარსა და მოგონებებსაც ურთავს, რადგან ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა რედაქციაში მან მრავალი წელი დაჰყო, კარგად იცნობს იმას, რაზედაც მოგვითხრობს, და ბევრი რამ ახსოვს. წიგნსაც „სახსოვარი“ ჰქვია, „სახსოვარი“ - რაც გარდასულმა დრომ ამ კოლექციებში სამახსოვრო და ფასეული დატოვა.
ვფიქრობთ, ეს წიგნი დააინტერესებს მკითხველს, რადიოსა და ტელევიზიის ახალგაზრდა ჟურნალისტებს, ზოგადად - ჟურნალისტებს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კი დაეხმარება მომავალ საქმიანობაში.
ეს პირველი წიგნია. ავტორი აპირებს დაწყებული შრომის მომავალ წიგნებში გაგრძელებას.
პირველ წიგნს კი „ოქროს ფონდის“ უმნიშვნელოვანესი ჩანაწერით - აკაკი წერეთლის ხმის ჩანაწერით - იწყებს, რომელიც მკითხველს მარადიული ხმების სამყაროში შეუძღვება.
ეს უკვე ხმათა მუზეუმია...
ფონოგრაფის სახელით ცნობილი ხმის ჩამწერი აპარატი ამერიკელმა თომას ალვა ედისონმა გამოიგონა 1877 წელს. როგორ მიიღო ეს ფაქტი ქარველმა საზოგადოებამ და როგორ გამოეხმაურა ამ ამბავს ილია ჭავჭავაძის „ივერია“, ამაზე ბატონმა ანდრე კარბელაშილმა გვიამბო გაზეთ „ახალი ეპოქის“ 2002 წლის 5-7 თებერვლის ნომერში.
„ივერიას“ ედისონის აპარატისთვის „მე-19 საუკუნის საკვირველება“ უწოდებია. 1887 წელს გაზეთი მკითხველებს აცნობებდა, ედისონს თავისი ფონოგრაფი, ჩვენს გაზეთში რამდენჯერმე რომ აღვწერეთ, გაუუკეთესებიაო. ერთი წლის შემდეგ კი წერდა: „ედისონს ისე გაუუმჯობესებია ფონოგრაფი, რომ სამუსიკო პიესებს უკრავსო“.
ცოტა ხნის შემდეგ, 1888 წელს, იტყობინებოდა: ნიუ-იორკის ჟურნალში ედისონს წერილი დაუბეჭდავს, სადაც ამბობს: „ჩვენს მიერ გამოგონილი იარაღის შემწეობით სახელმწიფო კაცს, ისტორიკოსს, ფინანსისტს შეუძლია, თავისი სიტყვა გადასცეს „პლასტინკებს“. მერე, მისი სიკვდილიდან მთელი საუკუნის შემდეგ, ფონოგრაფი ამ ნათქვამს გაიმეორებს იმავე ხმით და კილოთი... სულ რამდენიმე ცილინდრი უნდა ჰქონდეს ფონოგრაფის პატრონს ზედ აღნიშნულის სიმღერებით, რომანსებით, ლექსებით, სამუსიკო პიესებით, რომ არხეინად დაჯდეს შინ, დაიტკბოს სმენა და ისე მოისმინოს, ვითომ თეატრში ან კონცერტზეა სადმე... ფონოგრაფის წყალობითვე, კაცმა შეიძლება შეისწავლოს ინგლისურისა ან სხვა რომელიმე ენის რიგიანად და კარგად გამოთქმაო“...
1890 წელს ფონოგრაფი უკვე თბილისს ეწვია და სასტუმრო „ლონდონში“, ხოლო შემდეგ საადგილმამულო ბანკის თეატრში, საზოგადოებისათვის მისი წარდგენა მოეწყო. მოუსმენიათ მუსიკა. ერთ ყმაწვილს კი საკმაოდ გრძელი ლექსიც წაუკითხავს, რომელიც ფონოგრაფს „უკლებლივ გაუმეორებია“, რასაც ტაშისცემა მოჰყოლია.
1895 წელს საზოგადოების მიერ ვაგნერის „ლოენგრინის“ მოსმენის შემდეგ უკვე დაბადებულა აზრი, „კარგია, სხვაგან ჩაწერილ ხმათა მოსმენა, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ თბილისში ჩავწერთ რამეს და შევინახავთო“.
იმავე წლის 8 მარტს ჩაუწერიათ კიდეც ნატო გაბუნიას ნამღერი აკაკი წერეთლის „აღმართ-აღმართ“ და კოტე ყიფიანსაც მამია გურიელის ლექსი - „ადამიანი“ წაუკითხავს.
1901 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბავი მომხდარა: წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ზაქარია ფალიაშვილისთვის პეტერბურგში ფონოგრაფი შეუძენია და ფალიაშვილი კახეთსა და გურიაში გამგზავრებულა სიმღერების ჩასაწერად, შემდეგ მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილთან ერთად სვანეთში უმოგზაურია და იქაური სიმღერებიც ჩაუწერია.
იმავე წელს დიმიტრი არაყიშვილმაც შეიძინა ფონოგრაფი და ხალხური სიმღერების ჩაწერას შეუდგა. „ძლივს ეღირსა ქართულ სიმღერებს ფონოგრაფზე გადაღებაო“, - წერდა „ივერია“.
როგორც ვხედავთ, ქართველი საზოგადოება თავიდანვე მიხვდა ხმის ჩამწერი აპარატის მნიშვნელობას და იგი მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის სამსახურში ჩააყენა.
აკაკი წერეთლის ანდერძი
მოგვიანებით ფონოგრაფი გრამოფონმა შეცვალა და, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ პირველი ქართველი მწერალი, ვინც „გრამოფონის საზოგადოებამ“ ფირფიტაზე ჩასაწერად მიიწვია და ვისი ხმის ჩანაწერმაც ჩვენამდე მოაღწია, აკაკი წერეთელი იყო. არ არის გასაკვირი, რადგან მწერალსა თუ საზოგადო მოღვაწეს თანამედროვეთაგან იშვიათად ხვდომია წილად ისეთი სიყვარული, დაფასება და მოფერება, აკაკი წერეთელს რომ ხვდა. სახალხო ზეიმები და დღესასწაულებად ქცეული შეხვედრები, 1908 წელს დედაქალაქში გამართული იუბილეთი რომ დაიწყო და 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში მისი ტრიუმფალური მოგზაურობით დაგვირგვინდა (ეს კინოფირზედაც აღიბეჭდა), საზღვარგარეთ - პარიზში, პეტერბურგსა და მოსკოვში გამართული ასეთივე შეხვედრები აკაკი წერეთლის უსაზღვრო პოპულარობაზე მეტყველებს. ამ შეხვედრებზე მუდამ ახალგაზრდობა აქტიურობდა და აკაკისაც განსაკუთრებული სიყვარული, რწმენა და იმედი ახალგაზრდობისა ჰქონდა.
1913 წელს ფირფიტაზე ჩაწერილი რამდენიმე ლექსი, მათ შორის, „განთიადი“, განსაკუთრებით კი, პოეტის მიმართვა ახალგაზრდა თაობისადმი, ჟღერს, როგორც აკაკის მიერ ყველა დროის ქართველი ახალგაზრდებისათვის დანატოვარი ზეპირი ანდერძი... და ეს