“შემომეყარა ყივჩაღი”
(ხალხური ვერსია)
შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა,
პურსა მთხოვდა და ვაჭმევდი,
ვურჩევდი თავთუხისასა,
ღვინოსა მთხოვდა, ვასმევდი,
ვურჩევდი ბადაგისასა,
ხორცსა მთხოვდა და ვაჭმევდი,
ვურჩევდი ხოხობისასა,
ცოლი მთხოვა და არ მივეც,
მიმყვანდა თავის ძმისასა,
ანკი ცოლს როგორ მივცემდი,
ცოლსა ჯვარნაწერისასა?!
არ დაიშალა, აკოცა
ნაწნავსა გიშრის თმისასა,
ქალმა ტირილით ამოთქვა:
“ვაჰმე, უღონო ქრმისასა”,
ისეთი გული გამიხდა,
მორევსა ჰგავდა ზღვისასა.
ხელი გავიკარ ფრანგულსა,
ნაბოძებ ცოლისძმისასა,
ერთი ისეთი გადავკარ,
რისხვასა ჰგვანდა ღვთისასა,
ერთი იმანაც გადმომკრა,
ელვასა ჰგვანდა ცისასა,
იმდენი კიდევ დამცალდა,
ცოლი გავგზავნე ძმისასა,
აქეთ მე ვკვდები, იქით ის
სამზღვარსა მუხრანისასა.