თავი პირველი რომელშიც, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე პასპარტუ მსახურად დაუდგა ფილეას ფოგს
1872 წელს ბერლინგტონ გარდენსში, სევილ-როუს შვიდ ნომერში, სადაც 1814 წელს შერიდანი გარდაიცვალა, ცხოვრობდა ლონდონის რეფორმ-კლუბის ყველაზე მეტად თავისებური და თვალსაჩინო წევრი - ესკვაირი ფილეას ფოგი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, არაფრით მიექცია ყურადღება.
ამ იდუმალებით მოცულმა, მომხიბლავი გარეგნობის მამაკაცმა, რომელსაც ინგლისის მაღალ საზოგადოებაში ყველაზე კარგად აღზრდილად მიიჩნევდნენ, ინგლისში ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი ორატორი შეცვალა.
ამბობდნენ, ბაირონს მხოლოდ სახით ჰგავსო, რადგან ორივე ფეხი ჯანსაღი ჰქონდა. თანაც ეს იყო ულვაშიანი და ბაკენბარდებიანი, ვნებას მოკლებული ბაირონი, რომელსაც უბერებლად შეეძლო ათას წელიწადს ეცოცხლა.
ფილეას ფოგი ინგლისელი კი იყო, მაგრამ ლონდონელი არ უნდა ყოფილიყო - რადგან იგი არასოდეს უნახავთ არც ბირჟაზე, არც ბანკში და არც სიტის რომელიმე კანტორაში. ლონდონის ნავსადგურს თუ დოკებს არასოდეს მისდგომია გემები, რომელთა მფლობელიც ფილეას ფოგი იქნებოდა. ამ ჯენტლმენის სახელი მთავრობის არც ერთი კომიტეტის წევრთა შორის არ მოიხსენიებოდა. მისი სახელი არც ადვოკატთა კოლეგიაში და არც ტემპლში, არც ლინკოლნს-ინში და არც გრეისინში არასოდეს ირიცხებოდა. იგი არასოდეს გამოსულა საკანცელარიო სასამართლოში, სამეფო ტახტის სასამართლოში, საჭადრაკო პალატასა თუ საეკლესიო სასამართლოზე. ის არც მრეწველი იყო, არც ნეგოციანტი, არც ვაჭარი და არც მიწათმფლობელი. მას არავითარი კავშირი არ ჰქონდა „დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებასთან“, არც „ლონდონის ინსტიტუტთან“, არც „გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტთან“, არც „რასელის ინსტიტუტთან“, არც „დასავლური ლიტერატურის ინსტიტუტთან“, არც „სამართლის ინსტიტუტთან“ და არც „მეცნიერებისა და ხელოვნების ინსტიტუტთან“, რომელსაც მისი უდიდებულესობა დედოფალი მფარველობდა. დაბოლოს, ის არ ეკუთვნოდა არც ერთ იმ მრავალრიცხოვან საზოგადოებას, ასე გავრცელებული რომ იყო ინგლისის სატახტო ქალაქში - დაწყებული „მუსიკალური საზოგადოებით“ და დამთავრებული „ენტიმოლოგთა საზოგადოებით“, რომელიც არსებითად, მავნე მწერების განადგურების მიზნით დაარსდა.
ფილეას ფოგი რეფორმ-კლუბის წევრი გახლდათ. ეს იყო და ეს.
ვინც გაიკვირვებს, თუ როგორ გახდა ეს იდუმალებით მოსილი ჯენტლმენი ასეთი საპატიო ასოციაციის წევრი, მოახსენებენ, რომ ის არჩეული იყო ძმები ბერინგების რეკომენდაციით, რომლებთანაც მას მიმდინარე ანგარიში ჰქონდა გახსნილი. ეს გარემოება და ის ფაქტიც - რომ მისი ჩეკები ყოველთვის თავის დროზე ნაღდებოდა, საზოგადოებაში ფილეას ფოგის ავტორიტეტს კიდევ უფრო ამაღლებდა.
მდიდარი იყო თუ არა ფილეას ფოგი? - უეჭველად. მაგრამ როგორ გამდიდრდა - საქმეში ყველაზე მეტად ჩახედული ადამიანიც ვერაფერს გიპასუხებდათ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მისტერ ფოგს შეეძლო. ხელგაშლილობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ არც ძუნწი ეთქმოდა. რაიმე კეთილშობილური, სასარგებლო საქმისთვის ფულს ისე გაიღებდა, არც კრინტს დაძრავდა და არც თვითონ გამოჩნდებოდა.
ერთი სიტყვით, მასზე უფრო გულდახურულ კაცს ძნელად თუ შეხვდებოდით სადმე. ლაპარაკით ძალიან ცოტას - მხოლოდ იმდენს ლაპარაკობდა, რამდენიც აუცილებელი იყო და ამის გამო კიდევ უფრო იდუმალი ჩანდა. მისი ცხოვრება ყველას თვალწინ მიმდინარეობდა, მაგრამ მისი საქმიანობა მუდამ ისეთი მათემატიკური სიზუსტით მეორდებოდა, რომ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა უჩნდებოდა და ისიც მხოლოდ წარმოსახვაში ეძებდა სულიერ საზრდოს.
მოგზაურობდა თუ არა ის? შესაძლებელია, რადგან მსოფლიო რუკას მასზე უკეთ არავინ იცნობდა. არ არსებობდა შორეული კუთხე, რომელიც მას საგანგებოდ არ სცნობოდა. რამდენჯერ ყოფილა, მოკლედ და ყველასათვის გასაგებად უთქვამს სიტყვა კლუბში და გადაუჭრია გაუთავებელი კამათი ვინმე დაკარგული თუ გზააბნეული მოგზაურის თაობაზე. ის ყველაზე უფრო დასაშვებ ვარაუდს გამოთქვამდა და მისი ეს ვარაუდი წინასწარმეტყველებასავით მართლდებოდა ხოლმე. ეს იყო კაცი, რომელსაც არაფერი დარჩენოდა უნახავი, გონების თვალით მაინც.
ის კი უეჭველი იყო, რომ ფილეას ფოგს, მრავალი წელია, ლონდონიდან ფეხი არ გაუდგამს. ვისაც ბედნიერება ჰქონდა უფრო ახლოს სცნობოდა ის, ირწმუნებოდა, - ყოველდღე მხოლოდ კლუბისაკენ მიმავალ გზაზე თუ ნახავთ, თორემ სხვაგან მისი მნახველი არავინ არისო. ერთადერთი გასართობი მისთვის გაზეთების კითხვა და ვისტის თამაში იყო. ამ ჩუმ თამაშში, რომელიც ასე შეეფერებოდა მის ხასიათს, ხშირად გამოდიოდა მოგებული. მონაგებს კი, უმეტესწილად საქველმოქმედო მიზნებს ახმარდა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფილეას ფოგი ძირითადად, თავშესაქცევად თამაშობდა. თამაში მისთვის სიძნელეებთან შერკინება, უმოძრაო ბრძოლა იყო, რომელიც არც ადგილგადანაცვლებას მოითხოვდა და არც ღლიდა. ეს კი სწორედ მისი ხასიათის კაცისთვის გახლდათ ზედგამოჭრილი.
ბევრი საპატიო ადამიანისა არ იყოს, არც ფილეას ფოგს ჰყავდა ცოლ-შვილი, და რაც უფრო იშვიათია - არც მშობლები და მეგობრები. სევილ-როუზე მდებარე სახლში ფილეას ფოგი მარტო ცხოვრობდა. მასთან სტუმრად არავინ დადიოდა და არც მის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკობდა ვინმე. ფოგს მხოლოდ ერთი მსახური ჰყავდა; კლუბში, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე დარბაზში, ერთსა და იმავე მაგიდაზე საუზმობდა და