ნაწილი პირველი
ინგლისელები ჩრდილოეთ პოლუსზე
I
„ფორვარდი“
„ხვალ ზღვის მიმოქცევისას, ბრიგი „ფორვარდი“, რომელსაც მეთაურობს კაპიტანი კ.ზ., ხოლო კაპიტნის თანაშემწეა რიჩარდ შანდონი, დატოვებს პრინცის ახალ დოკებს და გაემართება გაურკვეველი მიმართულებით“.
ეს ცნობა „ლივერპულ ჰერალდის“ 1860 წლის 5 აპრილის ნომრის ფურცლებზე შეგეძლოთ წაგეკითხათ. უბრალო ბრიგის გამგზავრება ინგლისის უდიდესი სავაჭრო პორტის ცხოვრებისთვის განსაკუთრებული ამბავი როდია. ვინ მიაქცევს მას ყურადღებას ორი ლიეს
მანძილზე გადაჭიმულ ნავსადგურში თავმოყრილ ყველა ზომისა და ყველა ქვეყნის ათას გემს შორის?
მიუხედავად ამისა, 6 აპრილს ახალი დოკების სანაპიროზე დილიდანვე დიდძალ ხალხს მოეყარა თავი. გეგონებოდათ, ამ ქალაქის მეზღვაურთა მთელი ამქარი აქ მოგროვილაო. ახლომდებარე ვერფების მუშებს სამუშაო მიეტოვებინათ, კომერსანტებს - ბნელი კანტორები, ვაჭრებს - თავიანთი დაცარიელებული დუქნები. ფერად-ფერად ომნიბუსებს, რომლებიც სანაპიროს გაყოლებით დადიოდნენ, ყოველწუთას მოჰყავდათ ცნობისმოყვარეთა ახალ-ახალი ჯგუფები, გეგონებოდათ, მთელ ქალაქს მეტი დარდი არა აქვს - ოღონდ „ფორვარდის“ გამგზავრებას დაესწროსო.
„ფორვარდი“ - ეს ასსამოცდაათი ტონა წყალწყვის ხრახნიანი ბრიგი ასოცი ცხენისძალიანი ორთქლის მანქანით იყო აღჭურვილი. ერთი შეხედვით ადვილად ვერ გამოარჩევდით ნავსადგურში თავმოყრილ სხვა ბრიგებში, მაგრამ თუ უბრალო ხალხის გამოუცდელი თვალი უჩვეულოს ვერაფერს მიაქცევდა ყურადღებას, მცოდნენი ამჩნევდნენ ზოგიერთ თავისებურებას, რომელიც მეზღვაურს არასოდეს გამოეპარება.
მაგალითად, იქვე ახლოს ღუზაჩაშვებული „ნაუტილუსის“ მეზღვაურები „ფორვარდის“ დანიშნულების გამო ათასნაირ მოსაზრებას უზიარებდნენ ერთმანეთს.
- ნეტავ რისთვის სჭირდებათ ამნაირი ანძები? სად გაგონილა, ორთქლის გემს ასეთი დიდი იალქნები ჰქონდეს?! - იკითხა ერთმა მეზღვაურმა.
- იმისთვის სჭირდებათ, - უპასუხა პირმრგვალმა, ლოყებღაჟღაჟა ბოცმანმა, - რომ ამ ხომალდს უფრო მეტად თავისი იალქნების იმედი აქვს, ვიდრე მანქანის. ზედა იალქნებიც იმიტომაა უფრო ფართო, რომ მათ მეტი ძალა დაადგება, ვიდრე ქვედას, რომლებიც უფრო ხშირად აკეცილი ექნებათ. ამიტომ, სრულიად არ მეეჭვება, რომ „ფორვარდი“ არქტიკის ან ანტარქტიკის ზღვებისთვისაა დანიშნული, იქ ყინულის მთები ხშირად აკავებს ქარს და აფერხებს გამძლე და მდგრადი ხომალდის მოძრაობას.
- მართალი ბრძანდებით, ბატონო კორნჰილ, - კვერი დაუკრა მესამე მეზღვაურმა. - თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორშტევენი
სრულიად შვეულად ეშვება ზღვაში?
- თანაც, - დაუმატა კორნჰილმა, - აღჭურვილია სამართებელივით ბასრი ფოლადის საჭრისით, რომელსაც შეუძლია, ორად გაკვეთოს სამბანიანი ხომალდი, თუკი „ფორვარდი“ გვერდიდან მთელი სიჩქარით დაეჯახება.
- ცხადია, - კვერი დაუკრა ლოცმანმა, რომელიც მდინარე მერსეიზე ცურავდა, - ეს ბრიგი ხომ თავისი ხრახნის მეშვეობით, შეუფერხებლად გადის თოთხმეტ მილს საათში. მშვენიერი სანახავი იყო, საცდელი ცურვისას დინების საწინააღმდეგოდ ტალღებს რომ მიარღვევდა. დამიჯერეთ, ეს ხომალდი ჩინებული მსრბოლია.
- იალქნებითაც როდი გაუჭირდებოდა, - განაგრძო კორნჰილმა. - ეს ბრიგი კარგად მოძრაობს ქარის საწინააღმდეგოდ და საჭეც იოლად ემორჩილება ხელს. კაცი არ ვიყო და ქუდი არ მეხუროს, თუ ეს ხომალდი პოლარულ ზღვაში არ აღმოჩნდეს! და კიდევ ერთი რამ: მიაქციეთ თუ არა ყურადღება, რა ფართოა ხვრელი, რომელშიც საჭის სამართავის თავია მოთავსებული?
- ნამდვილად ასეა, - დაუდასტურეს კორნჰილს მოსაუბრეებმა, - მაგრამ ეს რაღას ნიშნავს?
- ეს იმას მოწმობს, ყმაწვილებო, - დამცინავი თვითკმაყოფილებით სწრაფად მიუგო კორნჰილმა, - რომ თქვენ ვერც რაიმეს ხედავთ და არც არაფერი გესმით. რაც შეეხება ხვრელს, იგი იმისთვისაა ასეთი დიდი, რომ თავისუფლად შეიძლებოდეს საჭის მოხსნა და ისევ თავის ადგილზე მორგება. ამას, როგორც მოგეხსენებათ, ხშირად აკეთებენ ყინულოვანი ზღვის პირობებში.
- ნამდვილად ასეა, - შესძახეს „ნაუტილუსის“ მეზღვაურებმა.
- თანაც, - დასძინა ერთ-ერთმა მათგანმა. - ამ ბრიგის ტვირთიც ბატონი კორნჰილის სიტყვების სისწორეს მოწმობს. კლიფტონისგან გავიგე, „ფორვარდს“ ხუთი თუ ექვსი წლის სანოვაგე და კარგა ბლომად ქვანახშირი მოუმარაგებია. ესაა და ეს! სანოვაგისა და ქვანახშირის გარდა, მატყლის ტანსაცმელი და სელაპის ტყავების მთელი გროვაც აქვთ.
- რახან ასეა, - მიუგო კორნჰილმა, - საეჭვოც არაფერია, ბიჭებო, და თუ შენ, ჩემო ძმაო, მართლა იცნობ კლიფტონს, ისიც ხომ არ უთქვამს, საით მიემგზავრება ხომალდი?
- მეტი არაფერი უთქვამს, რადგან თვითონაც არ იცის. მთელი ეკიპაჟი ამ პირობითაა დაქირავებული. სად მიემგზავრებიან? ამას მხოლოდ მაშინ გაიგებენ, როდესაც დანიშნულების ადგილას ჩავლენ.
- თანაც, როგორც ჩანს, მაშინ გაიგებენ, - დაუმატა ერთმა ურწმუნომ, - ეშმაკს რომ ჩაჰბარდებიან.
- მაგრამ როგორი ჯამაგირია!.. - აღფრთოვანებით განაგრძო კლიფტონის მეგობარმა. - რა დიდი ქირაა: ჩვეულებრივ ხელფასზე ხუთჯერ მეტი! ასე რომ არ ყოფილიყო, რიჩარდ შანდონი ადამიანის შვილს ვერ დაიქირავებდა. რაღაც უცნაური ხომალდია: კაცმა არ იცის, სად მიემგზავრება, უკან დაბრუნდება თუ - არა, ისიც საეჭვოა! ჩემთვის რომ ეთქვათ,