ნაწილი პირველი ჟიულ ვერნი
საიდუმლო კუნძული
ფრანგულიდან თარგმნა
ნიკო კურდღელაშვილმა
ნაწილი პირველი
თავი პირველი
კატასტროფა ჰაერში
- ზევით მივიწევთ?
- ზევით კი არა, ძირს ვეშვებით!
- უარესი, მისტერ სმიტ, ვვარდებით.
- ღმერთო ჩემო, გადაყარეთ ბალასტი!
- უაკანასკნელი ტომარაც გადავაგდეთ.
- აეროსტატი მაღლა იწევს?
- არა!
- ტალღების ტყლაშუნი ისმის!
- ძირს ზღვა ყოფილა!
- ხუთასი ფუტით თუ ვიქნებით დაშორებული.
- გადაყარეთ მთელი მარაგი! ყველაფერი ძირს! უფალო შეგვიწყალე!
ასეთი შეძახილები ისმოდა ჰაერში, წყნარი ოკეანის თვალუწვდენელი ზვირთების მაღლა, 1865 წლის 23 მარტს, ნაშუადღევს ოთხ საათზე.
დღე-ღამის გათანაბრების დროს ჩრდილო-აღმოსავლეთის საშინელი გრიგალი ამოვარდა. ბარომეტრი შვიდას ათ მილიმეტრამდე იყო დასული. 18 მარტიდან 26 მარტამდე გრიგალმა ამერიკას, ევროპას და აზიას გადაუარა ეკვატორის გაყოლებით და საშინელი ნგრევა გამოიწვია ჩრდილოე განედის ოცდამეთხუთმეტე პარალელიდან სამხრეთ განედის მეორმოცე პარალელამდე.
მინგრეულ-მონგრეული ქალაქები, ძირფესვიანად ამობრუნებული ტყეები, ნაფოტებად ქცეული და ასობით გამორიყული გემები, ღვართქაფით წალეკილი სანაპიროები, უდაბნოდ ქცეული ქვეყანა, ათასობით დამხრჩვალი ადამიანი - ასეთი იყო შემზარავი სურათი, რაც ამ საშინელმა გრიგალმა დატოვა. მისი გამანადგურებელი ძალა ბევრად აღემატებოდა ჰავანაში 1810 წლის 25 ოქტომბერს ამოვარდნილი გრიგალის ძალას, აგრეთვე იმ ქარტეხილისასაც, რომელმაც გვადალუპა გაანადგურა 1825 წელს.
და აი, დღEს, 1865 წლის 23 მარტს, როცა ძირს ასეთი უბედურება ხდებოდა, მაღლა, ჰაერში, შემზარავი დრამა ტრიალებდა. გრიგალით გატაცებული აეროსტატი ბრზრიალ-ტრიალით მიქროდა ოთხმოცდაათი მილის სისწრაფით საათში.
აეროსტატის კალათაში მსხდომნი არც კი მოჩანდნენ იმ ხშირი ნისლის გამო, რომელიც ოკეანის ზედაპირამდე დასულიყო.
საიდან მოაქროლებდა გრიგალი ამ ბურთივით ათამაშებულ აეროსტატს? დედამიწის რომელი კუთხიდან მოეწყვიტა იგი?
მეხუთე დღეა, რაც გრიგალი მოაქანებს მას და დღე-ღამეში ალბათ ორი ათასი მილს მაინც გადის. მაშ, ძალიან შორეულ ქვეყნიდან უნდა იყოს გამოტაცებული.
მგზავრები ამ ტრიალსა და დანისლულ სივრცეში ვერც სისწრაფეს გრძნობდნენ, ვერც მანძილს. არსად კიაფობს ცის მნათობთა ოდნავი შუქიც კი. მათი თვალი ვერას არჩევს. არ იციან, დღეა თუ ღამე. არსაიდან მოისმის დედამიწის ბაიბური. გააფთრებული ოკეანის ღმუილიც კი მხოლოდ ახლა მისწვდა მათ ყურს, როდესაც ძირს დაქანებული აეროსტატი სახიფათოდ მიუახლოვდა ოკეანეს და განსაცდელი აგრძნობინა.
სწორედ ამ წუთს გაისმა ინჟინერ სმიტის მტკიცე ბრძანება:
- ყველაფერი ძირს!
აეროსტატიდან პანტაპუნტით წამოვიდა თოფ-იარაღი, ტყვია-წამალი, სურსათ-სანოვაგე. აეროსტატი ერთბაშად აქანდა ოთხი ათას ხუთასი ფუტის სიმაღლეზე. მგზავრებისათვის ცის სივრცე უფრო უხიფათო იყო, ვიდრე ფაფარაყრილ ოკეანეზე დაშვება და უსაჭიროეს ნივთებსაც კი ოკეანეში ისროდნენ; ვერ შეელიენ მხოლოდ აირს, რომელიც იყო აეროსტატის სული და გული, მისი სრიალის და ჰაერში გაჩერების ერთადერთი საშუალება.
ღამე მღელვარებაში გაატარეს. ამგვარი აფორიაქებული ღამის გადატანა მხოლოდ ისეთი შეუპოვარ, მდგარ ადამიანებს თუ შეეძლოთ, როგორებიც აეროსტატში ისხდნენ.
ირიჟრაჯა, გრიგალმა თითქოს იკლო. 24 თენდება. ყომრალი ნისლი იძვრის. რამდენიმე საათიც და გრიგალი შეცვალა, როგორც მეზღვაურები იტყვიან, "სამი რიფის სადარმა" ქარმა. მაგრამ სტიქიონი მაინც საბოლოოდ არ დამცხრალა.
11 საათისათვის ცა თითქმის მოიწმინდა. ნოტიო ჰაერი მსჭვაფლავს მგზავრებს. გრიგალმა თითქოს გეზი იცავლა. თითქოს შეწყვიტა ქროლვა დასავლეთისაკენ, ოდნავ მიყუჩდა. იქნება ელექტრულმა განმუხტვამ მოტეხა იგი, როგორც ეს ინდოეთის ოკეანეში ემართება ხოლმე ტაიფუნს. მგზავრები გრძნობენ, რომ აეროსტატი ქვევითკენ ეშვება, პატარავდება, იჭმუჭმნება, გრძლად ისორსლება, იძაბება...
შუადღის ჟამს მხოლოდ ორი ათასი ფუტითღა იყვნენ ოკეანეს ზედაპრს დაშორებული. აეროსტატის მოცულობა ოთხას კუბურ მეტრამდე ჩამოვიდა. მაგრამ იგი ჯერ კიდევ შეძლებს ხანგრძლივ სრიალს ერთ სიმაღლეზე.
მგზავრებმა უკვე გადმოყარეს გონდოლიდან ყველა მძიმე ნივთი და ახლა ჯიბე-უცებ ამოიცარიელეს.
აირსაცავი ხუფი მოშვებულია და არის უშვებს. ერთი მგზავრთაგანი აბობღა მის სალტეზე ხუფის გასამაგრებლად, მაგრამ უშედეგოდ.
აეროსტატი თავს ვეღარ იჭერს ჰაერში და უფსკრულისკენ მიექანება. მგზავრების ბედი ბეწვზე ჰკიდია. არსაც ხმელეთი, არსად კუნძული, არსად ერთი ციდა მიწის ნაგლეჯიც კი, რომ შეიძლებოდეს აეროსტატის ღუზის გამოდება.
ფაფარაშრლილი ოკეანე შემზარავად ბდღვინავს, ირგვლივ, თვალსაწიერამდე გადაჭიმული ოკეანე ირყევა... არსად ხმელეთის ნასახი, არსად გემი...
გულადი, შეუდარებელი მგზავრები ჰყავს აეროსტატს. სიკვდილის შიში თუ სულმოკლეობა უცხოა მათთვის და მხნედ განაგრძობენ ბრძოლას მძვინვარე სტიქიონთან, მაგრამ წნელით დაწნული ნავკალათი ვერ გაუძლებს ოკეანის ტალღებს, ფონს ვერ გაიყვანს, აეროსტატი კი შუადღის ორ საათზე ოთხასი ფუტით დაუახლოვდა ოკეანის ზედაპირს.
ამ დროს კვლავ გაისმა გაბედული და ურყევი ბრძანება იმ ადამიანისა, რომელმაც არ იცოდა, რა არის შიში:
- ყველაფერი გადაყარეთ?