იუდას სახარება შესავალი
საიდუმლო სიტყვა, ნათქვამი იესოს მიერ იუდა ისკარიოტელისთვის ვნების კვირის განმავლობაში, სამი დღით ადრე პასექის დღესასწაულამდე.
იესოს საქვეყნო საქმეები
ქვეყნად მოვლენის შემდეგ იესო სასწაულებს და საოცარ საქმეებს სჩადიოდა კაცთა მოდგმის სახსნელად. და ვინაიდან ზოგი მართებული გზით [ვიდოდა], სხვები კი ბიწიერად, თორმეტი მოციქული იქნა მოხმობილი.
ის ესაუბრებოდა მათ სამყაროს მიღმა არსებული საიდუმლოებებისა და იმის შესახებ, რაც დასასრულს უნდა მომხდარიყო. ხშირად თვითონ კი არ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, არამედ ბავშვის სახით იმყოფებოდა მათ შორის.
სცენა 1: იესოს საუბარი მოწაფეებთან: მადლიერების ლოცვა თუ ზიარება
ერთ დღეს იუდეაში იმყოფებოდა მოწაფეებთან ერთად, ისინი ერთად შეკრებილიყვნენ და ღმერთს ადიდებდნენ. როდესაც ის [მიუახლოვდა] მოწაფეებს, [34] რომლებიც ერთად შეკრებილიყვნენ და მადლიერების ლოცვას აღავლენდნენ არსობის პურისთვის, [მან] გაიცინა.
მოწაფეებმა უთხრეს [მას], „ მოძღვარო, რატომ იცინი [ჩვენს] ლოცვაზე? ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც მართებულია “ .
მან უპასუხა და უთხრა მათ: „ მე არ ვიცინი თქვენზე. <თქვენ> ამას თქვენი საკუთარი ნებით კი არ აკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ასე [იქნება] განდიდებული თქვენი ღმერთი “ .
მათ უთხრეს: „ მოძღვარო, შენ [...] ჩვენი ღმერთის ძე ხარ “ .
იესომ უთხრა მათ: „ როგორ მიცნობთ მე? [მე] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არც ერთი თაობა, თქვენს შორის არსებული, არ მიცნობს მე.
მოწაფეთა განრისხება
ეს რომ გაიგონეს, მოწაფეები განრისხდნენ და აღშფოთდნენ და გულში მის გმობას შეუდგნენ.
როდესაც იესო მიხვდა, რომ არ [ესმოდათ, მან თქვა], მათ მიმართ: „ რად განგარისხათ ამ სიტყვამ? თქვენმა ღმერთმა, რომელიც თქვენშია და [...] [35] გიბიძგათ რისხვისკენ [თქვენს] სულებში. [დაე] ნებისმიერი თქვენგანი, ვინც [საკმარისად ძლიერია] კაცთა შორის, მთელი ადამიანური სრულყოფილებით დადგეს ჩემს წინაშე “ .
მათ უპასუხეს: „ ჩვენ ძლიერები ვართ “ .
მაგრამ მათმა სულებმა ვერ გაბედეს [მის] წინაშე დადგომა, გარდა ერთის, იუდა ისკარიოტელისა. მას შეეძლო მის წინაშე დგომა, მაგრამ არ შეეძლო თვალებში ჩახედვა. ამიტომ სახე მიაბრუნა.
იუდამ [უთხრა] მას: „ მე ვიცი, ვინ ხარ და საიდან მოხვედი. შენ ბარბელოს უკვდავი სამეფოდან ხარ. მე კი არ ვარ ღირსი, ვახსენო მისი სახელი, ვინც შენ გამოგგზავნა “ .
იესოს კერძო საუბარი იუდასთან
ხედავდა რა, რომ იუდა რაღაც ამაღლებულის შესახებ ფიქრობდა, იესომ უთხრა მას: „ ჩამოშორდი სხვებს და გაგანდობ სამეფოს საიდუმლოებებს. შენ შეძლებ მის მიღწევას, მაგრამ ეს დიდად დაგამწუხრებს. [36] რადგან სხვა დადგება შენს ადგილას, რათა თორმეტმა [მოწაფემ] კვლავ შეძლოს სრულყოფილება თავის ღმერთში “ .
იუდამ უთხრა მას: „ როდის მეტყვი ამას, და [როდის] მოვა კაცთა მოდგმის დიადი გაბრწყინების დღე?
ამას რომ ეუბნებოდა, იესომ დასტოვა იგი.
სცენა 2: იესო კვლავ ეცხადება მოწაფეებს
მომდევნო დილას, ამის შემდეგ, იესო [კვლავ] გამოეცხადა თავის მოწაფეებს.
მათ უთხრეს: „ მოძღვარო, სად წახვედი და რას იქმოდი, როცა ჩვენ გაგვშორდი? “
იესომ მიუგო მათ: „ მე სხვა წმიდა და დიად მოდგმასთან ვიყავი “ .
მოწაფეებმა უთხრეს: „ უფალო, რომელია ის მოდგმა, რომელიც ჩვენზე აღმატებულია და წმიდაა? ის არ ეკუთვნის ამ სამეფოს? “
ამის გაგონებისას იესომ გაიცინა და უთხრა: „ რატომ ფიქრობთ თქვენს გულებში წმიდა და ძლიერი მოდგმის შესახებ? [37] ჭეშმარიტად [მე] გეუბნებით თქვენ, ვერავინ ამ დროში დაბადებული ვერ იხილავს იმ [მოდგმას], და ვარსკვლავის ანგელოზთა ვერც ერთი ლაშქარი ვერ მოიპოვებს მბრძანებლობას მასზე, და ვერც ერთი მოკვდავი ადამიანი ვერ მიეახლება მას, რადგან ის მოდგმა არ მოდის [...] რომელიც იქცა [...]. ადამიანთა მოდგმა [თქვენს] შორის კაცთა მოდგმაა [...] ძალა, რომელიც [...] სხვა ძალებს, [რომელთაც] თქვენ განაგებთ.
როდესაც [მისმა] მოწაფეებმა ეს გაიგონეს, ყოველი მათგანი აღშფოთდა თავის სულში; სიტყვის დაძვრაც კი არ შეეძლოთ.
მომდევნო დღეს იესო მივიდა [მათთან}. მათ უთხრეს [მას]: „ მოძღვარო ჩვენ შენ [ხილვაში] გიხილეთ, რადგან დიადი [სიზმრები...] გვქონდა ღამით [...]. “
[მან უთხრა]: „ რატომ [თქვენ ... როცა] <თქვენ> დაიმალეთ? “
მოწაფეების მიერ ტაძრის ხილვა და მისი განსჯა
მათ [უთხრეს, „ ჩვენ ვიხილეთ] დიდებული [სახლი დიდი] სამსხვერპლოთი [მასში და] თორმეტი კაცი - ღვთისმსახურები, ჩვენი აზრით - და სახელი; დიდძალ ხალხს მოეყარა თავი სამსხვერპლოსთან, [სანამ] მღვდელმსახურები [...