ავტორისგან ძალიან მაღიზიანებს იმ ადამიანთა ცინიკური განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ცხოვრების თავიდან დაწყების შემთხვევაშიც კი არაფერს არ შეცვლიან და იგივე ნაბიჯებს გადადგამენ.
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების გრძელი გზა უშეცდომოდ ჰქონდეს განვლილი. ვერავინ იტყვის, რომ მას სხვებთან შედარებით ნაკლები შეცდომა დაეშვას. არ არსებობს ცხოვრება შეცდომების გარეშე და მხოლოდ ის განსხვავება არსებობს ადამიანთა შორის, რომ ზოგს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, ზოგსაც კი ძალიან ბევრი.
ჩემი მიზანია, ამ წიგნის საშუალებით ბევრს ავუხილო თვალები. მხედველობაში მყავს ადამიანთა ის კატეგორია, რომლებიც თავს არაკაცური საქციელით იწონებენ. ცუდს აკეთებენ და კარგი ჰგონიათ. კანონს არღვევენ და თავი ვაჟკაცებად მოაქვთ, ბილწსიტყვაობენ და ამით ამაყობენ კიდეც. კაცობა არ ნიშნავს არც ქურდობას, არც კაცის კვლასა და არც ბილწსიტყვაობას. ნუ ცდილობთ მიბაძოთ არაკაცს, რომელსაც თავი ყველაზე დიდ კაცად მოაქვს. დღეს გამეფებულ ამ არაჯანსაღ გარემოში, სადაც პატიოსნებასა და სულიერ სიწმინდეს ფასი დაკარგვია, ძალზედ ძნელია იყო ადამიანი.
წიგნი უნდა წავიკითხოთ არა სიამოვნებისათვის, არამედ იქედან სასარგებლო დასკვნების გამოსატანად და ცხოვრებაში განსახორციელებლად. წინამდებარე წიგნი ბევრისათვის მაგალითი უნდა გახდეს. მაგალითი იმისა, თუ რა მოაქვს სიხარბესა და სულწასულობას. მშობელთა დარიგების უგულებელყოფასა თუ სხვისი გამწარებით საკუთარი ბედნიერებისაკენ სწრაფვას. განა ყველამ ვიცით ადამიანური ცხოვრების ნორმები? ადამიანურად რომ ვიცხოვროთ, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს ეს. რომ ვიცოდეთ, უნდა ვისწავლოთ და რომ ვისწავლოთ, უნდა ვიკითხოთ ან თუნდაც მივბაძოთ ადამიანურად ცხოვრების მსურველთ, რომლებსაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დასცინიან და ავიწროვებენ, ყურებს უხშობენ და პირს უკერავენ, ხელებს უგრეხენ და თვალებს უბნელებენ. თუ გვინდა რომ არ შეგვეხონ, თურმე თოჯინას უნდა მივბაძოთ, რომელიც ვერაფერს ვერ აკეთებს, არაფერი არ ესმის, არაფერს ამბობს და ვერც ვერაფერს ხედავს.მიუხედავად იმისა, რომ თოჯინებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან,მაინც ნუ ვიქნებით თოჯინები. ვიყოთ თავისუფლები, სიმართლის მოყვარულნი და საკუთარი აზრის დამცველნი.
წინამდებარე წიგნი არ მოგითხრობთ რომელიმე ცნობილი ადამიანის შესახებ. თქვენს წინაშეა ფართო საზოგადოებისათვის უცნობი, ერთი უბრალო მოკვდავის ძალზედ საინტერესო თავგადასავალი. წიგნში აღწერილი ამბები ნამდვილად მოხდა. შეცვლილია ზოგიერთი სახელი და მოქმედების ადგილი.
ზოგი გაამტყუნებს წიგნის მთავარ გმირს, ზოგიც გაამართლებს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ბევრმა შეიძლება არც კი დაიჯეროს, რომ ყველაფერი ეს, ერთ ადამიანს გადახდა თავს. ზოგმა მასში საკუთარი თავიც შეიძლება დაინახოს. გარწმუნებთ, წიგნის წაკითხვისას ნასიამოვნები დარჩებით. მასში არაფერია მოგონილი, შელამაზებული ან გაზვიადებული. თქვენს წინაშეა ნამდვილი ამბავი.