ხორცის გემო - თავი I თავდაპირეველად ის ქრისტოფერ ბელიუ იყო. კოლეჯში რომ სწავლობდა,
ქრის ბელიუდ იქცა. უფრო მოგვიანებით, სან-ფრანცისკოს ბოჰემურ წრეებში, კიტ ბელიუ შეარქვეს; ბოლოს კი სმოკ ბულიუ გახდა და სხვა სახელით აღარც იხსნიებდნენ.
მისი სახელის ევოლუცია მისივე ევოლუციის გამომსახველია. Mმას რომ მოსიყვარულე დედა და კაჟივით მაგარი ბიძა არა ჰყოლოდა, ანდა ჯილეტ ბელემისაგან წერილი არ მიეღო _ არაფერიც არ მოხდებოდა.
„ ეს-ესაა „ ტალღის “ ნომერს ვათვალიერებდი, _ პარიზიდან იწერებოდა ჯილეტი, _ ო' ჰარა, რა თქმა უნდა, საქმეს თავს გაართმევს, მაგრამ, ჯერ კიდევ ყველა ფანდი არ იცის. _ ამას მოსდევდა ვრცელი რჩევა-დარიგება, როგორ უნდა გაეუმჯობესებინათ მაღალი საზოგადოების ეს ყოველკვირეული ორგანო, რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებდნენ. _ წადი ო' ჰარასთან და მოელაპარაკე. მე ნუ მახსენებ, ყველაფერი შენი სახელით შესთავაზე, თორემ თავის პარიზელ კორესპონდენტად მაქცევს, ეს კი ხელს არ მომცემს. მე დიდ ჟურნალებში ვთანამშრომლობ, სადაც ნაღდ ფულს მიხდიან. ყველაზე უმალ ის დოყლაპია მოიშორეს თავიდან, კრიტიკულ წერილებს, რომ უწერს მუსიკისა და ხელოვნებაზე, მერე, ნუ დაივიწყებს, რომ სან-ფრანცისკოს ყოველთვის ჰქონდა საკუთარი ლიტერატურა, ახლა კი აღარაფერი გააჩნია. მიიკითხ- მოიკითხეს, გამოძებნოს ვინმე ბრიყვი, რომელიც რეგულარულად მიაწვდის ახალ-ახალ მოთხრობებს, რომანტიკული გზნებით აღსავსეს, მომხიბვლელსა და ჭეშმარიტად სან-ფრანცისკული კოლორიტით გაჟღენთილს “ .
კიტ ბელიუმაც მაშინვე „ ტალღის “ რედაქციას მიაშურა, რათა ერთგულად
აღესრულებინა თავის ვალი. ო' ჰარამ მოუსმინა. ო' ჰარა შეეკამათა. ო' ჰარა დაეთანხმა. ო' ჰარამ კინწის კვრით გააგდო კრიტიკული წერილების ავტორი. მერე კი ო' ჰარამ თავისი ხასიათი გამოამჟღავნა, ის ხასიათი, რომელიც ისე აფრთხობდა ჯილეტს შორეულ პარიზში. თუ ო' ჰარა რამეს მოისურვებდა, ვერც ერთი მეგობარი უარის თქმას ვერ გაუბედავდა. თვითრჯული კაცი იყო, თავნება და წინააღუდგომელი; ალერსითა და მოფერებით თავისი გაჰქონდა. სანამ რედაქციას თავს დააღწევდა, კუტ ბელიუ უკვე რედაქტორის თანაშემწედ
იქცა, კრიტიკული სტატიების წერა იკისრა, ვიდრე ღირსეულ შემცვლელს მოუძებნიდნენ, და ო' ჰარას აღუთქვა, ჟურნალის ყოველი ნომრისთვის ათასსიტყვიან მოთხრობას მოგაწვდი სან-ფრანცისკოს თემებზეო. ეს ყოველივე უგასამარჯელოდ უნდა შეესრულებინა.
ო' ჰარამ აუხსნა, „ ტალღას “ ჯერ არ შეუძლია ჰონორარის გადახდა და შეუვალი კილოთი განუცხადა, მთელ სან-ფრანცისკოში მხოლოდ ერთადერთ კაცს ძალუძს ასეთი მოთხრობების წერა და ეს კაცი კიტ ბელიუაო.
_ ოჰ, ღმერთო, ის ბრიყვი ხომ მე გამოვდექი! _ ოხრავდა კიტი, როცა ვიწყო კიბეზე ეშვებოდა.
ასე დაიწყო მისი ოფლისღვრა ო' ჰარასათვის და „ ტალღის “ გაუმაძღარი
სვეტებისათვის. კვირა კვირას მისდევდა, ის კი იჯდა რედაქციაში, უმკლავდებოდა კრედიტორებს, ეჩხუბებოდა ასოთამწყობებს და ყოველი ნომრისათვის ოცდახუთიათას სიტყვას აცხობდა. შრომის შემსუბუქების არავითარი იმედი არ ჰქონდა. „ ტალღა “ პატივმოყვარე იყო: დაუსურათებელი დღის სინათლეს როგორ იხილავდა! დასურათება კი ძვირი ჯდებოდა. ამ მიზეზით, არც კიტის შრომის ანაზღაურება შეეძლო, ვერც სარედაქციო შტატის გაზრდაზე იოცნებებდა.
_ აი, ასე ემართება გულკეთილ და ხათრიან კაცს, _ წაიბუზღუნა ერთხელ
კიტმა.
_ ღმერთმა ამარავლოს ქვეყანაზე ასეთი ხალხი, _ წამოიძახა თვალზე
ცრემლმორეულმა ო' ჰარამ და კიტს მაგრად ჩამოართვა ხელი. _ შენს ჩემს მხსნელად ხარ მოვლენებული კიტ. შენითაა, ფეხზე რომ ვდგევარ. ცოტაც კიდევ მოითმინე, ძმობილო, და ყველაფერს მოევლება.
_ ეჰ, აღარაფერი მჯერა, _ ამოიგმინა კიტმა. _ ჩემი საქმე წასულია. სამუდამოდ აქ ყოფნა მიწერია.
ცოტა ხნის შემდეგ გამოსავალი იპოვნა. ხელსაყრელი მომენტი მოიხელთა
და ო' ჰარას თვალწინ სკამს გადააწყდა გულშეღონებული, მერე საწერ მაგიდას დაენარცხა და აცახცახებული ხელით შრეშის კოლოფი გადააყირავა.
_ ცუდად გეძინა წუხელის? _ გამოიძია ო' ჰარამ.
კიტმა თვალები მოიფშვნიტა და, ვიდრე უპასუხებდა, დიდხანს უაზროდ იცქირებოდა აქეთ-იქით.
_ არა, ძილი არაფერ შუაშია. თვალების ბრალია ყველაფერი. ლამის ბუდიდან ამომცვივდეს.
ამის შემდეგ, რამდენიმე დღეს, კიტი ხან კედლებს ეჯახებოდა, ხან რედაქციის ავეჯს აყირავებდა, მაგრამ ო' ჰარას გული მაინც ვერ მოალბო.
_ იცი, რას გეტყვი, კიტ, _ უთხრა ერთხელ, _ შენ