წინაპართა ძახილი თარგმნა ლია ელიოზიშვილმა
ჯეკ ლონდონი
I
პირველყოფილი ცხოვრებისაკენ
მოხეტიალე ინსტინქტმა ძველმა
საუკუნოვანს აჯობა ჩვევას,
და ღრმა ძილიდან გამორკვეული,
ბორკილებს ამსხვრევს მხეცი ველური.
ბეკი გაზეთებს არ კითხულობდა, თორემ გაიგებდა, რომ საშიშროება ელოდა, და განა მარტო მას _ საშიშროება ემუქრებოდა ზღვის პირას მცხოვრებ ყველა კუნთმაგარსა და ღონიერ ძაღლს, რომელიც ცხოვრობდა პუჯეტის ყურიდან მოყოლებული სან-დიეგომდე და ჰქონდა ფაფუკი, გრძელი ბეწვი. ყოველივე ეს იმან გამოიწვია, რომ ადამიანებმა პოლარულ წყვდიადში უგზო-უკვლოდ ხეტიალის დროს აღმოაჩინეს ყვითელი ლითონი, ხოლო გემისა და ტრანსპორტის კომპანიებმა ქვეყანას მოსდეს ამ აღმოჩენის ამბავი. ათასობით ადამიანი მიაწყდა ჩრდილოეთს. ამ ხალხს კი ძლიერი, გამძლე, მძიმე შრომისა და სიცივის ამტანი, კუნთმაგარი და ფაფუკბეწვიანი ძაღლები ესაჭიროებოდა.
ბეკი სანტა-კლარას მზიან ველზე ცხოვრობდა, დიდ სახლში. ამ ადგილს მოსამართლე მილერის კარ-მიდამოს ეძახდნენ. ხეებში ჩაფლული სახლი გზის გადაღმა იდგა. ხეთა ტოტებს შორის ფართო, ჩრდილიანი ვერანდა მოჩანდა, რომელიც ოთხივე მხარეს ეკრა შენობას. სახლისაკენ მოკირწყლული ბილიკები მიემართებოდა. ისინი გარს უვლიდნენ ფართო გაზონებს, რომლებიც ქვეშ მოემწყვდიათ მაღალი ალვების ერთმანეთში გადახლართულ ტოტებს. სახლის უკან კიდევ უფრო ფართო მიდამო ჩანდა, ვიდრე სახლის წინ. აქ იყო დიდი საჯინიბოები, სადაც თორმეტიოდე მეჯინიბე და მსახური ბიჭი ფუსფუსებდა, ველური ყურძნით გარშემოვლებული მსახურთა სახლები, ეზოს აუარებელი ნაგებობა, მობიბინე საძოვრები, გრძლად ჩარიგებული ფანჩატურები, ხეხილისა და კენკრის ბაღები. აქვე ნახავდით ამოსაქაჩ მოწყობილობას არტეზიული ჭისათვის და ცემენტის დიდ აუზს, სადაც მოსამართლე მილერის ვაჟები ბანაობდნენ ყოველ ცისმარე დილით, ცხელ ამინდში კი _ ნაშუადღევსაც.
აი, ამ უზარმაზარი კარ-მიდამოს მბრძანებელი გახლდათ ბეკი. აქ დაიბადა იგი და აქ გაატარა სიცოცხლის ოთხივე წელი. მართალია, ამ ეზოში სხვა ძაღლებიც იყვნენ, ან კი როგორ შეიძლებოდა, არ ყოფილიყვნენ ასეთ ვრცელ მამულში, მაგრამ ისინი, აბა, რა ანგარიშში ჩასათვლელნი არიან _ გამოჩნდებოდნენ და ისევ ქრებოდნენ, ცხოვრობდნენ შეუმჩნევლად ვიწრო საძაღლეებსა და სახლის მიყრუებულ კუთხე-კუნჭულებში, როგორც, მაგალითად, იაპონური მოპსი _ ტუტსი ან კიდევ მექსიკური უბალნო ძაღლი _ იზაბელა. ეს უცნაური არსებანი იშვიათად თუ გაყოფდნენ ცხვირს კარს გარეთ. ამათ
გარდა, ამ კარ-მიდამოში ოცამდე ფოქსტერიერი ბინადრობდა. ისინი მუქარით უღრენდნენ ფანჯრებიდან გამომზირალ ტუტსსა და იზაბელას, დამფრთხალი ძაღლები კი ცოცხებითა და ჯაგრისებით შეიარაღებულ მსახურ ქალთა ლეგიონის კალთას აფარებდნენ თავს.
მაგრამ ბეკი არც ოთახის ფინია გახლდათ და არც ეზოს უბრალო ძაღლი. მთელი კარ-მიდამო მის განკარგულებაში იყო: ბანაობდა საცურაო აუზში, მოსამართლის ვაჟებთან ერთად დადიოდა სანადიროდ, ალიონზე თუ შებინდებისას სეირნობის დროს თან ახლდა მოსამართლის ქალიშვილებს _ მოლისა და ალისას. ზამთრის საღამოებში კი მოსამართლის ფერხთით იწვა სამკითხველოში აბრიალებულ ღუმელთან. ზურგით ასეირნებდა მილერის შვილიშვილებს, ხან ბალახში აკოტრიალებდა, თანაც მზრუნველობით იცავდა მათ გიჟური ცელქობის დროს მოულოდნელი ხიფათისაგან, მიჰყვებოდა უკანა ეზოში შადრევნამდე და უფრო შორსაც, სადაც ცხენებს ერეკებოდნენ და ხეხილით დაფარული ნაკვეთები იწყებოდა. ფოქსტერიერებს შორის ქედმაღლურად დადიოდა, ტუტსსა და იზაბელას ხომ ზედაც არ უყურებდა, რადგან ბეკი მეფე იყო _ მბრძანებელი ყოველი სულიერი არსებისა, რაც დაცოცავდა, დახოხავდა თუ დაფრინავდა მოსამართლე მილერის კარ-მიდამოში, თვით ორფეხა მობინადრეების ჩათვლით.
ბეკის მამა, ელმო, უზარმაზარი სენბერნარი, ოდესღაც მოსამართლის განუშორებელი თანამგზავრი ყოფილა, და ბეკიც აპირებდა ღირსეულად გაჰყოლოდა მამის გზას. მამასავით დიდი არ იყო _ მხოლოდ ას ორმოც გირვანქას იწონიდა, რადგან დედამისი შეპი შოტლანდიური ნაგაზი გახლდათ. მაგრამ ეს ას ორმოცი გირვანქაც, რასაც ზედ კარგი ცხოვრებისა და საერთო პატივისცემის შედეგად გაჩენილი საკუთარი ღირსების შეგრძნება ემატებოდა, ნებას აძლევდა ბეკს მეფურად სჭეროდა თავი. ოთხი წლის განმავლობაში, ლეკვობის ასაკიდან მოყოლებული, მაძღარი არისტოკრატის ცხოვრებით ცხოვრობდა. საკუთარი ღირსების შეგნებით აღსავსე ბეკი ნაწილობრივ ეგოცენტრულიც გახლდათ, როგორც ეს მაღალი საზოგადოებისაგან განდგომილ, თავის მამულში ჩაკეტილ მდიდარ მებატონეებს ემართებათ ხოლმე ხშირად. მაგრამ ბეკს იმან უშველა, რომ იგი ოთახის განებივრებულ ძაღლად არ იქცა. ნადირობამ და სუფთა ჰაერზე სხვა ამგვარმა გასართობებმა კუნთები გაუმაგრა ბეკს და საშუალება არ მისცა ქონი დასდებოდა, ხოლო წყლის სიყვარული და ბანაობა ხომ აკაჟებდა და ჯანმრთელობას უნარჩუნებდა.
ასე ცხოვრობდა ბეკი 1897 წლის შემოდგომამდე, სანამ კლონდაიკში აღმოჩენილმა ოქროს საბადომ ყოველი მხრიდან ცივი ჩრდილოეთისკენ არ მიიზიდა ხალხი. მაგრამ ბეკმა ამის შესახებ არა უწყოდა რა _ როგორც მოგახსენეთ, გაზეთებს არ კითხულობდა. მან არც ის იცოდა, თუ მებაღის ერთ-ერთი დამხმარე, მანუელი, მეგობრობაში უმტყუნებდა. მანუელს ერთი ცუდი ზნე სჭირდა: ჩინური ლატარიის თამაში უყვარდა. აზარტში შესულს