თავი პირველი კარი ამერიკული გასაღებით გააღო და შევიდა. ყმაწვილი კაცი შეჰყვა, რომელმაც სახლში შესვლისას უხერხულად მოიხადა ქუდი. ხეშეში ტანსაცმელი ეცვა ამ ყმაწვილს, ზღვის სუნი ასდიოდა. ერთბაშად ამოდენა დარბაზში რომ აღმოჩნდა, დაიბნა, აღარ იცოდა, სად წასულიყო, ვეღარც ქუდისთვის მოეხერხებინა რამე; ის იყო, ჯიბისკენ წაიღო, რომ იმ მეორემ გამოართვა. ისე წყნარად და ბუნებრივად მოხდა ეს, რომ ყმაწვილმა ხელად გაუგო: „მიმიხვდა, – გაიფიქრა, – არ გამწირავს“.
ფეხები უნებურად გაეჩაჩხა ჭაბუკს, რწევით მისდევდა თანამგზავრს, თითქოს იატაკი ზღვის ზვირთებივით ადი-ჩადისო. ეს გაჭიმული ოთახები მეტისმეტად ვიწრო ჩანდა მისი აცაბაცა სიარულისათვის. სულ იმის შიშში იყო, კარს არ წამოსდებოდა ფართო მხარბეჭით ან დაბალი ბუხრიდან ძვირფასი ნივთები არ წამოეხვეტა. დაფეთებული აქეთ-იქით ეხეთქებოდა და ამით კიდევ უფრო ზრდიდა საშიშროებას, რაც, ფაქტობრივად, მხოლოდ მის თავში არსებობდა. როიალსა და წიგნებით დახვავებულ მაგიდას შორის ექვსი კაცი თავისუფლად გაეტეოდა, მან კი შიშის კანკალით გაიარა. მსხვილი მკლავები მოწყვეტილივით ჩამოჰკიდებოდა, ვეღარც ის მოეფიქრებინა, მკლავებისა და ხელებისათვის რა ექნა და როცა მოეჩვენა, ცალი მკლავი მაგიდაზე დახვავებულ წიგნებს წამოვდეო, დაფეთებული ცხენივით შეხტა, კინაღამ როიალის სკამი წამოაყირავა. წინ გაიხედა და ერთბაშად შენიშნა, რა თავისუფლად მოძრაობდა თანამგზავრი, ახლაღა მიხვდა, რომ თვითონ სულ განსხვავებულად დადიოდა, ყველასაგან განსხვავებულად. წამიერად სირცხვილით წამოენთო, შუბლზე სიმწრის ოფლმა დაასხა, შედგა და ცხვირსახოცით მოიწმინდა სახე.
– ჰეი, ართურ, მოიხედე, ბიჭო, – ხუმრობით სცადა მღელვარების დაფარვა, – მეტისმეტი მომივა ასე ერთბაშად. დამაცა, გონს მოვეგო. აკი გეუბნებოდი, არ წამოვალ-მეთქი, მგონი, არც თქვენებს მისდით სული ჩემს სანახავად.
– კარგი, თუ ღმერთი გწამს! – დაამშვიდა თანამგზავრმა, – ჩვენი შიში ნუ გექნება. უბრალო ხალხი ვართ... ოჰო, წერილი მომსვლია.
მაგიდასთან მიბრუნდა, კონვერტი გახსნა და წერილის კითხვა დაიწყო, დამშვიდების დრო მისცა სტუმარს. ისიც მაშინვე მიუხვდა და მადლობელი დარჩა. მიხვედრილი კაცი იყო, გულისხმიერი და გარეგნული მღელვარების მიუხედავად, ეს ნიჭი ახლაც გამოამჟღავნა. შუბლი მოიწმინდა და თავშეკავებულად მიიხედ-მოიხედა, თუმცა თვალებში კვლავ ხაფანგით დაფეთებული ნადირის შიში ედგა. უცხო გარემოში მოხვდა. ეშინოდა, რა მომელისო, რა ექნა, არ იცოდა, გრძნობდა, მოუხეშავად დააბოტებდა და იმისი შიშიც არ ასვენებდა, ვაითუ, მარტო სიარულში კი არა, ყველაფერში მეტყობოდეს ეს მოუხეშაობაო. მეტისმეტად გამახვილებოდა მგრძნობიარობა, ზედმეტი დაეჭვებით წონიდა ყოველ მოქმედებას და ახლა წერილს ზემოდან მალულად გამოცურებული ცბიერი მზერა რომ დაიჭირა, გული ხანჯალივით გაესერა. კი შენიშნა ეს გამოხედვა, მაგრამ არ შეიმჩნია, რადგან იმ საგანთა შორის, რისი შესწავლაც უკვე მოესწრო, ერთ-ერთი დისციპლინაც იყო. სიამაყეც დაუკოდა ამ ხანჯალმა. თავბედი დაიწყევლა, აქ რამ მომიყვანაო, მაგრამ თან ისიც მტკიცედ გადაწყვიტა – რაკიღა მოვედი, მოხდეს, რაც მოსახდენია, ყველაფერი უნდა ავიტანოო. სახე მოეღუშა და თვალებიც მრისხანებით აენთო. ახლა უფრო გულგრილად მიიხედ-მოიხედა, კარგად დააკვირდა და გონებაში ჩაიბეჭდა ყველა წვრილმანი, რასაც ამ ლამაზ გარემოში ხედავდა. არაფერი გამოჰპარვია მის ფართოდ გახელილ თვალებს; და რასაც მეტს იწოვდა ამ სილამაზეს, მრისხანების ნაპერწკალი თანდათან ჩაუქრა და მისი ადგილი თბილმა ელვარებამ დაიჭირა. სილამაზისადმი მუდამ მგრძნობიარე იყო, აქ კი ამის საფუძველი უხვად მიეცა.
მისი ყურადღება ზეთის საღებავებით დახატულმა სურათმა მიიპყრო. მძიმე ტალღები გამეტებით ეხეთქებოდა და ემსხვრეოდა გამოშვერილ კლდეს; ქარიშხლის მომასწავებელი ღრუბლები დაბლა ჩამოწეულიყო და მთელი ცა დაეფარა; აზვირთებულ ტალღებზე ატყორცნილი პატარა კარჭაპი თითქოს ჩამავალი მზის სხივებით შეფერადებულ საავდროდ გამზადებული ცისკენ მიიწევსო; ისე წამოფერდებულიყო, ბანი ხელისგულივით ჩანდა. ეს იყო ნამდვილი სილამაზე და ამიტომაც გაიტაცა ჭაბუკი. გადაავიწყდა, რომ ულაზათოდ დააბოტებდა, ახლოს მივიდა სურათთან, სულ ახლოს. სილამაზე ერთბაშად გაქრა. გაოგნებული ჭაბუკი დაუდევრად გათხუპნილ ტილოს დააშტერდა, მერე უკან დაიწია. მთელი სილამაზე ხელადვე აღდგა ტილოზე. „სახუმარო სურათი ყოფილა“, გაიფიქრა და გამობრუნდა, თუმცა ამდენი შთაბეჭდილების მიუხედავად, გული მაინც ეტკინა, ასეთი დიდი სილამაზე უბრალო ხუმრობისთვის როგორ გაწირესო. მხატვრობისა არაფერი გაეგებოდა. ლითოგრაფიული ნახატებისთვის ჰქონდა თვალი შეჩვეული, რომლებიც, შორიდანაც და ახლოდანაც, ერთნაირი მკაფიობით ჩანს. ზეთის საღებავებით დახატული სურათებიც ენახა მაღაზიის ვიტრინებში, მაგრამ მინა უშლიდა ხელს მის ხარბ თვალებს, რომ უფრო ახლოს დაეთვალიერებინა.
მეგობარს გახედა, რომელიც კვლავ წერილს ჩაშტერებოდა და უნებურად წიგნები შენიშნა მაგიდაზე. თვალები ერთბაშად ისე აენთო და გაუბრწყინდა, დიდი ხნის დამშეულ ადამიანს რომ მოუვა ხოლმე საჭმლის დანახვაზე. ერთბაშად მოსწყდა ადგილს და მაგიდასთან გაჩნდა, გატაცებით დაუწყო წიგნებს სინჯვა. ჯერ სახელწოდებებსა და ავტორის გვარს წაიკითხავდა, მერე გადაშლიდა და ტექსტს ჩახედავდა, ხელებითა და